მაგარი ტესტმატჩი ზაფხულში

34

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მატჩი 6 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ მანამდე არასდროს უთამაშიათ და ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს ივნისში ერთი სპარინგი უკვე დაგეგმილი აქვს – 2 ივნისს, სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან. რაც შეეხება ფრანკ დე ბურის გუნდს, ნიდერლანდების ნაკრებისთვის საქართველოსთან სპარინგს ევრო 2020-ის წინ მოსამზადებელი დატვირთვა ექნება.

საქართველოს ნაკრები 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობს, სადაც სამი შეხვედრა უკვე გამართა – სტუმრად შვედეთსა (0:1) და საბერძენთთან (1:1), ხოლო საკუთარ მოედანზე ესპანეთთან (1:2).

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა ჰყავს. ფრანკ დე ბურის გუნდი ტურნირს 13 ივნისს, უკრაინასთან დაპირისპირებით დაიწყებს.

წყარო: popsport.com

SHARE