როცა რივალდომ ბრაზილიელ გულშემატკივარს თავი შეაყვარა

683

რივალდო ტიპიური ვარსკვლავი იყო – თავხედი, ამპარტავანი და გამარჯვებისთვის ყველაფერზე წამსვლელი. მისი ბრენდის კი ნებისმიერ ბლოკბასტერს შეშურდებოდა. 2002 წლის მუნდიალზე რივალდოს პერფორმანსები სწორედ ასეთმა ეპიზოდმა გადაფარა, როცა მან თურქეთის წინააღმდეგ ისიმულიანტა.

რივალდო კუთხურის ჩასაწოდებლად იყო მისული, ბრაზილიის საკამათო პენალტით შეწუხებულმა ჰაკან უნსალმა კი ბურთი მისი მიმართულებით დაარტყა. ბურთი რივალდოს ფეხზე მოხვდა, შედეგად კი ბრაზილიელი ძირს დაწვა და კომიკურ აგონიაში თავზე ხელის მოკიდება დაიწყო. კორეელი არბიტრი სიტუაციაში ვერ გაერკვა, მაგრამ, სავარაუდოდ, ბრაზილიის ფეხბურთელების რეაქციიდან დაასკვნა, რომ უნსალი წითელ ბარათს იმსახურებდა.

ჰაკანმა დაუმსახურებელი წითელი ბარათი მიიღო, რივალდო კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – ასეთია ცხოვრება.

„წითელი ბარათის დანახვა გამიხარდა. კრეატიულ ფეხბურთელებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, თუ გვინდა, რომ ფეხბურთი ისევ ლამაზი სპორტი იყოს. დღვანდელ ფეხბურთში ზედმეტად ბევრი უხეშობა მიდის.“ – ეს კომენტარი რივალდომ მატჩის შემდეგ გააკეთა, რამაც კრიტიკოსები კიდევ უფრო გააბრაზა, რადგან, როგორც ვარაუდობდნენ, რივალდომ მსაჯი შეგნებულად მოატყუა.

როცა საქმე ფეირ პლეის ეხებოდა, რივალდო ლუის სუარესის პირდაპირი წინაპარი იყო, მაგრამ, როცა საქმე ფეხბურთის თამაშზე მიდგებოდა, შეუდარებელი. რივალდოს ბარსელონას ფანები სულ აკრიტიკებდნენ, ბრაზილიელი თანამემამულეები კი ყველა წარუმატებლობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ბურთთან იგი გენიოსი იყო.

ყველაზე დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელებს ასე ხშირად მოსდით ხოლმე. ზინედინ ზიდანი 2006 წლის მუნდიალის ფინალში საფრანგეთის დამარცხების ალბათ მთავარი მიზანი იყო, მაგრამ ეს მუნდიალი ყველას ზიზუს ზებუნებრივი თამაშის გამო ახსოვს. რივალდოც ასეთი ფეხბურთელი იყო.

ბრაზილიელ ფანებთან უთანხმოებები 1996 წლის ოლიმპიადაზე დაიწყო, როცა რივალდოს დაუდევარ უკან პასს ნიგერიის გოლი მოჰყვა და ბრაზილია ტურნირს გამოეთიშა. 2000 წელს გამართულ კოლუმბია – ბრაზილიის მატჩში კი ფანებმა რივალდოს ისე ხმამაღლა დაუსტვინეს, რომ მან მატჩის შემდეგ კარიერის დამთავრებაზეც კი ისაუბრა.

რაც უკეთ თამაშობდა რივალდო ბარსელონაში, მით უფრო სძულდათ იგი ბრაზილიელებს. ისინი თვლიდნენ, რომ ბორბა საკლუბო ფეხბურთს უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა და ამით ნაწყენები იყვნენ.

ამის შემდეგ, 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რივალდომ 8 გოლი გაიტანა და გუნდის მუნდიალზე გასვლის მთავარი შემოქმედი იყო. ბრაზილიელებს მუნდიალზე გასვლა ძალიან გაუჭირდათ და საგზური ბოლო ტურამდე ვერ გაინაღდეს. ბოლო ტურში ვენესუელასთან სელესაოს აუცილებელი მოგება ჭირდებოდა. რივალდომ გოლი ამ მატჩშიც გაიტანა და ბრაზილია მუნდიალზე გაიყვანა.

მისი სანაკრებო კარიერის პიკი კი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ბორბამ მუნდიალის პირველ 5 მატჩში მოახერხა გოლის გატანა და გულშემატკივარს ოთხი წლით ადრე განცდილი დამარცხების ტკივილი ბოლომდე გაუნიავა.

გარდიანის ჟურნალისტმა რობ სმითმა ერთხელ დაწერა, „11 ზიდანის გუნდი ყოველთვის გაგანადგურებს. მაგრამ 10 გარი ნევილი და 1 ფორმაში მყოფი რივალდო უარესს გიზამს.“

დღეს რივალდო მისი გოლების, მაკრატელების, ჯარიმების და ბურთთან გენიალური შეხებების გამო ახსოვთ. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და თავდაჯერებული ფეხბურთელია, სპორტის ნამდვილი ლეგენდა.

წყარო: adjarablog.com

SHARE