აინტრახტის აქციონერი თბილისში: ჩაკვეტაძეც და ტორპედოც!

381

საქართველოსა და უკრაინის 16-წლამდელთა ამხანაგურ მატჩს საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა. რომ არ გვცოდნოდა, შესაძლოა, ყურადღება არც მიგვექცია სპორტულად გამოწყობილი რიგითი პერსონისთვის, რომელიც, სინამდვილეში, სულაც არ იყო რიგითი – ამ ამხანაგურ შეხვედრას საინტერესო ბავშვებზე დაკვირვების მიზნით ესწრებოდა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბის აქციონერი ესწრებოდა.

რომ დავინტერესდით, გვითხრა, რომ ფრანკფურტის “აინტრახტის” აქციონერი, უზბეკი ბიზნესმენი კაზიმ არიფოვია. საერთოდ, ბოლო წლებში უზბეკი ბიზნესმენები მსოფლიო ფეხბურთით დაინტერესდნენ. მაგალითად, 2007-2018 წლებში ლონდონის “არსენალის” აქციათა 30,05 პროცენტის მფლობელი ალიშერ უსმანოვი გახლდათ…

კაზიმ არიფოვი კარგად იცნობს ოქროს თაობის თბილისის “დინამოს” და როგორც გვითხრა, ჩვენი გუნდის ფეხბურთი ძალიან მოსწონდა… თუმცა, მანამდე მისი და “აინტრახტის” ურთიერთობით დავინტერესდით…

ჩაკვეტაძე? დიახ, ჩაკვეტაძე…

– “აინტრახტის” აქციონერი რომელი წლიდან ბრძანდებით?

– უკვე 9 წელია. მაშინ გუნდი მეორე ბუნდესლიგაში იყო, მაგრამ პოზიციები დაიბრუნა და 2018 წელს გერმანიის თასის მფლობელი გახდა, წელს კი ევროპალიგის ნახევარფინალში ვიყავით… ბუნდესლიგაშიც კი ყველაზე ინტერნაციონალური გუნდია: გერმანელების გარდა, არიან ფრანგი, პორტუგალიელი, არგენტინელი, ჰოლანდიელი, სერბი, დანიელი, კოტდივუარელი, ამერიკელი, შვეიცარიელი, იაპონელი და ბოსნიელი ფეხბურთელები.

– ქართველიც დაიმატეთ…

– ვიცი, რომ ქართველებს ყოველთვის საინტერესო მოთამაშეები გყავდათ. აქ სწორედ ამიტომ ჩამოვედი. აი, ჩაკვეტაძე არ გვყოფნის…

– ჩაკვეტაძე?

– დიახ, ძალიან კარგი მოთამაშეა.

– ამაზე აუცილებლად გკითხავთ, მაგრამ მანამდე ძველ “დინამოზე” გვითხარით ორიოდ სიტყვა…

– უზბეკეთში არასოდეს დაგვავიწყდება ის ფაქტი, 1979 წელს, იმ ტრაგედიის (ტაშკენტის “ფახთაქორი” ავიაკატასტროფაში დაიღუპა – რედ) შემდეგ, თბილისის “დინამო” გვერდში დაგვიდგა, “ფახთაქორში” ფეხბურთელიც გამოუშვა ახალ გუნდში… მე სულ მახსოვს, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ყოველთვის იყო მეგობრობა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

– ჩამოსვლის მიზეზი ახსენეთ. მაგრამ ბუნებრივად იბადება კითხვა, საქართველოსა და უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაზე თქვენი დასწრება კონკრეტულად რა მიზანს ისახავს? რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩამოხვედით?

– ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები ევროპაში თამაშობენ – მაგალითად, უკვე გითხარით – გიორგი ჩაკვეტაძე. ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

– მათ შორის, “აინტრახტშიც”?

– დიახ, “აინტრახტს” მის მიმართ დიდი ინტერესი აქვს, მაგრამ მისი აყვანა ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს სურდა. მართალია, ახლა ტრავმირებულია, მაგრამ იმედია, მოედანს მალე დაუბრუნდება და კვლავ მაღალ დონეზე ითამაშებს.

– ჩაკვეტაძის გარდა კიდევ ვის იცნობთ?

– ბევრი საინტერესო ქართელი ფეხბურთელია რუსეთსა და სხვა ევროპულ ქვეყანაში – საბა კვირკველია, ჯანო ანანიძე… ოთხი ქართველია ყაზანის “რუბინში”, ჯიმი ტაბიძე – “უფაში”…

ამ ნაკრებშიც საინტერესო ბავშვები არიან…

– მე იმის ხაზგასმა მსურს, რომ ქართველებს ყოველთვის გყავდათ საინტერესო ფეხბურთელები. მე ფრანკფურტშიც ვცხოვრობ. მაგრამ უზბეკეთიდან ვარ, ტაშკენტში დავიბადე და კარგად მახსოვს 1981 წლის თბილისის “დინამო”, რომელიც თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. იქიდან მოყოლებული, ქართული ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მგონია, რომ თქვენს ფეხბურთს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოში ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები იზრდებიან.

– ფეხბურთელებზე დაკვირვებას სელექციონერები აწარმოებენ, მაგრამ თქვენ აქციონერი ხართ…

– მესმის, რასაც გულისხმობთ… აქ იმიტომ ვარ, რომ “აინტრახტის” მომავალი და საინტერესო ბავშვების წაყვანა გვაინტერსებს. გვსურს, საქართველოს 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მოთამაშეებს დავაკვირდეთ.

– უკრაინასთან წაგებული თამაშის შემდეგ რომელიმე ქართველმა დაგაინტერესათ?

– წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ საინტერესო ბავშვები ნამდვილად არიან. მაგალითად, მომეწონა თქვენი გუნდის 9 ნომერი (თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი), პირველ ტაიმში რომ ითამაშა, ის მეკარე (პაპუნა ბერუაშვილი)… ყურადღება მივაქციე მარცხენა ფლანგზე მოთამაშე 19 ნომერს (ლუკა ოჩიგავა), ძალიან პერსპექტიული ბიჭია. კიდევ ერთი ფეხბურთელი გვაინტერესებდა, მაგრამ ტრავმირებული ყოფილა, არ უთამაშია დღეს…

ქუთაისის ტორპედოს მიმართ ინტერესი

– რამდენად რეალურია, რომ ეს ფეხბურთელები “აინტრახტში” მიიწვიოთ?

– დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას სპორტული მენეჯმენტის წარმომადგენლები მიიღებენ. მაგრამ ჩვენ ახლა უფრო სხვა საკითხით ვართ დაინტერესებული – გერმანელ სპეციალისტებს ქუთაისის “ტორპედოსთან” დაკავშირებით ველაპარაკებით…

– კლუბის აყვანით ხართ დაინტერესებული?

– დიახ, ეს ძალიან საინტერესო კლუბია და თუ თანამშრომლობა შედგება, გუნდის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. “ტორპედო” დიდი სახელის მქონე კლუბია, მას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვიცნობ. ახლა კი კლუბი გაკოტრების პირასაა, 3-4 თვეა ხელფასი არ დარიგებულა… დასანანი იქნება, ასეთი ტრადიციების მქონე კლუბი მეორე ლიგაში რომ დაქვეითდეს. ამ გუნდის ფეხზე დაყენებაა საჭირო.

– ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვთ?

– ჩვენ მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ჯერ ინტერესი საწყის ეტაპზეა. ქუთაისის “ტორპედოს” წარმომადგენლები მოვიწვიეთ და სამშაბათს მათთან მოლაპარაკებას ვაპირებთ. ვნახოთ, საერთო ენას თუ გამოვნახავთ, მიმაჩნია, რომ “ტორპედო” ბევრად ძლიერი კლუბი გახდება.

გუნდი ევროპალიგაზე მაინც უნდა გავიდეს

– თქვენ თუ ამას გააკეთებთ, ქუთაისში ძეგლს დაგიდგამენ…

– (იცინის) ძეგლი არ მინდა, მაგრამ კარგი იქნებოდა, კლუბს სტადიონს კარგად თუ გაუკეთებენ და “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგაზე თუ არა, ევროპის ლიგაზე მაინც რომ გავიდეს. ეს ოცნების ახდენა იქნება. ყველამ ვიცით, რომ თქვენი გუნდები ევროტურნირებს საწყის ეტაპზე ამთავრებენ, რაც ქართული ფეხბურთის პოტენციალს ნამდვილად ვერ ასახავს. ვიცი, რომ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ქართული გუნდი, თბილისის “დინამო”, მხოლოდ ერთხელ მოხვდა. მას მერე 15 წელი გავიდა…

– ახლა ამას რუსული, უკრაინული კლუბები, ასევე “ასტანა” და “ყარაბაღი” ახერხებენ. მაგრამ ყველა მათგანი ლეგიონერებს ეყრდნობა, 2004 წელს კი “დინამომ” ეს მხოლოდ ქართული ფეხბურთის აღზრდილებით შეძლო…

– ვიცი ეს ფაქტები და ამიტომ ვამბობ, რომ ქართულ ფეხბურთს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

– 15-16 წლის ასაკის ბავშვების წაყვანა რამდენად რეალურია?

– რატომაც არა? ყოველ შემთხვევაში, ამაზე ფიქრი შეიძლება. “აინტრახტის” მომავალს მყარი საფუძველი უნდა ჩავუყაროთ. ბავშვების რეალური გაზრდა ამ ასაკიდან იწყება, ჯერ ასაკობრივ გუნდებში უნდა ივარჯიშონ, დიდი შრომითა და პროფესიონალიზმით კი დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ჩემი აზრით, მსგავსი კავშირები რომ დაამყაროთ, თქვენ პოტენციალის ბევრად უკეთ აითვისებთ და ქართული ფეხბურთის აღმავლობა შეუძლებელი არ იქნება.
ჯანო ანანიძე 15 წლის არ იყო, მოსკოვის “სპარტაკში” რომ წაიყვანეს? საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩს დავესწარი. ანანიძე ძალიან საინტერესო მოთამაშეა. მართალია, თავად მატჩი მოსაწყენი იყო, მაგრამ თქვენი ნაკრები აშკარად ნორმალური გუნდია. მთავარია, ახლა ყურადღება ახალგაზრდებზე გამახვილდეს და გაიზარდონ.

– თქვენ, ბიზნესმენი, ჩამოხვედით თბილისში და ჩვენი ახალგაზრდებითადა ქართული გუნდით დაინტერესდით. ზოგადად, თქვენი აზრით, ფეხბურთის განვითარებისთვის რა არის საჭირო? საქართველო 4-მილიონიანი ქვეყანაა და მსოფლიო ბიზნესისთვის პატარა ბაზარია…

– პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით, მაგრამ საინტერესო ფეხბურთით. ჩემთვის მთავარი ესაა. მაგალითად, გერმანიაში სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ინფრასტრუქტურა და საფეხბურთი აკადემიები. მიმაჩნია, რომ ქართულ ფეხბურთს მხოლოდ ინვესტორები ვერ განავითარებენ, საჭიროა ბევრი საბავშვო აკადემია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბავშვებმა ნორმალურ სტადიონებზე რომ ივარჯიშონ და ითამაშონ. ქართულ ფეხბურთში პოტენციალი არის და ეს მხოლოდ საბჭოური პერიოდიდან არ ვიცი – მახსოვს 10-12 წლისწინანდელი შეხვედრა, საქართველომ პატარა ბიჭებით შოტლანდიელები რომ დაამარცხა – 2:0 თუ 3:0?

– 2:0…

– დიახ. რაც ვიცი, თქვენმა ნაკრებმა ესპანეთს და ხორვატიასთანაც მოიგო, ფრანგებთან და იტალიელებთან ფრედ ითამაშა. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს ქვეყნის რესურსზე მეტყველებს. ახლა მთავარია, კარგი სპონსორები მოძებნოთ, რომელთაც ფეხბურთი უყვართ და არა მხოლოდ მოგება – ფეხბურთიდან.

წყარო: lelo.ge

SHARE