არარატ-არმენია თბილისში გამარჯვებული მოდის, საბურთალო ბილეთებს კვლავ ერთ ლარად ყიდის

426

“საბურთალო” ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ერევნის “არარატ-არმენიას” თბილისში 14 აგვისტოს უმასპინძლებს.

სადებიუტო ევროსეზონში საქართველოს ჩემპიონს ევროპალიგის პლეი ოფში მოხვედრის მშვენიერი შანსი გაუჩნდა მას მერე, რაც პირველი მატჩში მეზობელი ქვეყნის გუნდს სტუმრად 2:1 სძლია.

საპასუხო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს, 20 საათზე დაიწყება. “საბურთალომ” გულშემატკივრებს ამჯერადაც გაუწია ანგარიში და თამაშზე დასასწრებ ბილეთს კვლავ სიმბოლური ფასი – 1 ლარი დაადო. “ონლაინ” ბილეთების შეძენა უკვე დაწყებულია.

ამასობაში, “საბურთალოს” მეტოქემ სომხეთის ჩემპიონატის მეორე ტურში “განძასართან” ითამაშა. ვარდან მინასიანის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:1-ს აგებდა. ერევნელებმა მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება შეძლეს: 73-ე წუთზე ანგარიში პეტროს ავეტისიანმა გაათანაბრა, 86-ეზე ლუის ოგანამდააწინაურა თავისიანები, ხოლო საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე მაილსონ დუარტე ლიმამდააფიქსირა – 3:1 “არარატ-არმენიას” სასარგებლოდ.

მინასიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: აბაკუმოვი, გუზი, ანჯელო, კრისტიანი, დანიელიანი, სანოგო, ანტონოვი (60, კობიალკო), ალფონსო, ავეტისიანი (87. მალაქიანი), ნარსინგი (55. მაილსონი), ოგანა.

საინტერესოა, რომ მწვრთნელმა “საბურთალოსთან” ძირითადში ნათამაშები რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა – მეკარე სტეფან კუპიჩი, ალექსანდრე დამჩევსკი, გიორგი ფაშოვი, კოდიო ალფონსე, როჩდი აჩენტეჰი განაცხადშიც არ იყვნენ, ხოლო მაილსონ ლიმამ, გორ მალაქიანმა და ანტონ კობიალკომ მხოლოდ შეცვლაზე ითამაშეს.

წყარო: lelo.ge

SHARE