ბარსელონას პრეზიდენტი აღარ ჰყავს!..

367

ხოსეპ მარია ბარტომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ნოემბრის დასაწყისში მას ისედაც ელოდა უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დირექტორთა საბჭოსგან, თუმცა დაასწრო მოვლენებს და თავად წავიდა.

ბოლო პერიოდში ბარტომეუს გადადგომას ორჯერ ელოდნენ კატალონიური გრანდის ფანები – პირველად მაშინ, როცა “ბარსელონა” “ბაიერნთან” განადგურდა (2:8) ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების მეოთხედფინალში, ხოლო მეორედ – ლიონელ მესის წასვლა-დარჩენის გამო ატეხილი აურზაურის დროს.

“მარკასთან” კომენტარში ბარტომეუმ თქვა, რომ “ბაიერნთან” წაგების შემდეგ უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი გადადგომა, მაგრამ მაშინ ეს არ გააკეთა. თუ რატომ, ამას კომენტარით გავიგებთ:

“გიდასტურებთ, რომ გადავდექი “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტიდან. ძალიან ადვილი იყო წასვლა მაშინ, როცა “ბაიერნთან” დავმარცხდით, მაგრამ ეს არ გავაკეთე ერთი მთავარი მიზეზის გამო – მეორე დღეს ფუნდამენტალური გადაწყვეტილებები იყო მისაღები, რათა გარანტირებული ყოფილიყო “ბარსელონას” მომავალი და ფინანსური მდგრადობა.

და ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა პანდემიის პირობებში. ბუნებრივია, მე და ჩემს გუნდს არ შეგვეძლო კლუბის იმ მენეჯერის ხელში დატოვება, ვისაც შეზღუდული პასუხისმგებლობა ექნებოდა და გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა…

ჩვენ მოვიწვიეთ ახალი მწვრთნელი, განვახორციელეთ ტრანსფერები, შევინარჩუნეთ მესი… ჩვენ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობას, ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა.

ამას გარდა, ზაფხულში წასვლა გამოიწვევდა რამდენიმეკვირიან ვაკუუმს მმართველობაში. მიმაჩნია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ორგანიზებულად უნდა იცვლებოდეს. ამბობდნენ, თითქოს რაღაცას ვმალავდით, რაღაცის გვეშინოდა… არაფერი მსგავსი! ჩვენ “ბარსელონას” ყველაზე რთულ პერიოდში ვმართავდით.

თუმცა ჩემთვის ეს ყოველთვის დიდი პატივი იყო. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში კლუბში ხელფასების კორექტირების პროცესი დასრულდება. თუ ეს არ მოხდება, “ბარსელონა” ახლო მომავალში სერიოზული სირთულეების წინაშე დადგება. იმედი მაქვს, ყველა მხარე მოილაპარაკებს”, – ამბობს ბარტომეუ.

წყარო: lelo.ge

SHARE