ბასილაშვილმა შანხაი მოგებით დაიწყო

546

2019 წლის სეზონის ბოლოსწინა „მასტერსი“ ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება. პარასკევს ჩატარებული ძირითადი ბადის წილისყრის შემდეგ, გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე. ქართველი მე-15 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში (1/32 ფინალი) ერგო მოლდოველი რადუ ალბოტი.

ეს ჩოგბურთელები ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ჰქონიათ მატჩები „ჩელენჯებსა“ და საკვალიფიკაციოებში. საბოლოო ჯამში, ქართველი და მოლდოველი სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სამჯერვე ბასილაშვილმა მოიგო.

ცნობილია, რომ ბოლო წლებში წყვილთა ტურნირებზე ბასილაშვილის მუდმივი მეწყვილე ალბოტი იყო.

შანხაის „მასტერსი“ სწორედ ამ ჩოგბურთელებმა გახსნეს. პირველი სეტის მოულოდნელად წაგების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ორ საათსა და 12 წუთში სამ სეტში მოუგო მოლდოველს – 4:6, 6:1, 6:3.

ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი ბასილაშვილი იყო, მაგრამ შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო – ალბოტმა მატჩის პირველივე გეიმში ბრეიკის შესრულება შეძლო. ბასილაშვილმა მომდევნო გეიმში მიიღო ბრეიკ-პოინტი, მაგრამ უკუბრეიკი ვერ შეასრულა. ამის შემდეგ, ამ სეტში ქართველს მეტოქის მოწოდების აღების შანსი აღარ ჰქონია. ალბოტმა მეცხრე გეიმში კიდევ სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მეორე ბრეიკი ვერ შეასრულა, სამაგიეროდ, მეათე გეიმში უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე.

მეორე სეტიდან ბასილაშვილმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი. 18-გათამაშებიან მეორე გეიმში მან მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მეოთხე გეიმში მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და 5:0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ აიღო ალბოტმა სეტში თავისი ერთადერთი გეიმი.

მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო – მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ნავსი მეხუთე გეიმში ბასილაშვილმა გატეხა და მატჩში მესამე ბრეიკი შეასრულა, რითაც ძალიან მიუახლოვდა მეორე წრეს. ნიკა უპრობლემოდ ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს, მეცხრე გეიმში კი მორიგი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რომელიც თან მატჩ-ბოლიც იყო.

მეორე და მესამე სეტებში დამაჯერებელი თამაშით ბასილაშვილმა დაამტკიცა, რომ პირველი სეტის წაგება შემთხვევითობა იყო. ბოლო ორ პარტიაში მან ერთი ბრეიკ-პოინტიც არ გაიმეტა ალბოტისთვის.

მოლდოველის დამარცხების შემდეგ, ნიკა მეორე წრეში ფრანგ ბენუა პერსა და იტალიელ მარკო ჩეკინატოს შორის მოგებულს შეხვდება.

ბასილაშვილმა შანხაის „მასტერსზე“ შარშანაც ითამაშა და მაშინ ერთი წრე გაიარა – საწყის რაუნდში 6:2, 6:2 მოუგო კანადელ დენის შაპოვალოვს და მეორე წრეში დამარცხდა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან – 5:7, 4:6. ასე რომ, ქართველმა უკვე გაიმეორა შარშანდელი შედეგი და ქულების დაკარგვა არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ კვირას ვერ შეძლო პეკინში ტიტულის შენარჩუნება და ახალ რეიტინგში 26-ე ადგილამდე ჩამოქვეითდება.

წყარო: lelo.ge

SHARE