ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველო? ვფიქრობ, ესტონეთის დონეა…

417

ერთა ლიგაში ჩვენმა მომავალმა მეტოქე ბელარუსის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად დაამარცხა ესტონეთის ეროვნული გუნდი – 2:1. ასე რომ, წარმატებული გამოდგა ბელარუსთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხაილ მარხელის დებიუტი. ესტონური მატჩი მან პრესკონფერენციაზე შეაჯამა. ჟურნალისტებმა მარხელს საქართველოს ნაკრებზეც ჩამოუგდეს სიტყვა…

– ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ გამარჯვებით. კარგია, რომ ეს მოხდა ბრძოლაში, ბოლო წუთზე… თუმცა თავიდან თამაში ჩვენთვის რთულად წარიმართა. მეორე ტაიმმა აჩვენა, რომ გუნდს აქვს მტკიცე ხასიათი და ეს ისეთი თვისებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ მომავალში.

– გუნდმა აქტიურად დაიწყო მეორე ტაიმი. ეს გეგმაში გქონდათ?
– ვთხოვეთ ფეხბურთელებს, როგორმე აეცილებინათ თავიდან შეცდომები, რომელიც პირველ ტაიმში დაუშვეს. დავალება იყო, გვეთამაშა მკაცრი პრესინგით… კარგია, რომ ეს გამოგვივიდა.

– ძალიან მალე გაუშვით საპასუხო გოლი. ამას რითი ახსნით?
-ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება… სამაგიეროდ, ჩვენ ბოლო წუთზე გავიტანეთ. ასეთ რაღაცებზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. უპირატესობა ჩვენ გვქონდა და კარგია, რომ ბიჭებმა გაშვებული გოლის შემდეგ ყურები არ ჩამოყარეს, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. ფეხბურთელების ასეთი გარჯა არის სწორედ ჩვენი მომავალი წარმატებების საწინდარი.

– რა ამოცანა ექნებათ ფეხბურთელებს უელსთან ამხანაგური მატჩისთვის (9 სექტემბერს კარდიფში – რედ)?
– ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. სავარაუდოდ, უფრო მეტ შანსს მივცემთ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც არ უთამაშიათ ესტონეთთან. როტაცია აუცილებლად იქნება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს დრო მოსაფიქრებლად.

 შესარჩევი ციკლის ბოლომდე რა ამოცანა აქვს ნაკრებს?
– ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ისეთი გუნდი, რომელიც შეძლებს ევრო 2020-ის ფინალურ სტადიაზე მოხვედრას. ვამზადებთ ნაკრებს მარტისთვის, როცა ქართველებს უნდა შევხვდეთ ერთა ლიგის ნახევარფინალში. ამ კუთხით, ტალინში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. დიდი ხანია, ნაკრებს არ მოუგია. ჩემთვისაც, როგორც მწვრთნელისთვის, მით უმეტეს ფეხბურთელებისთვისაც, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეს უნდა იყოს პლაცდარმი მომავალი წარმატებებისთვის.

– როგორ ფიქრობთ, ესტონეთის ნაკრები რაიმეთი ჰგავს საქართველოსას?
– ვფიქრობ, დონე ერთნაირია…

წყარო: lelo.ge

SHARE