ბითაძისა და ინდიანას მომავალი ნათელია

471

NBA-ს ოფიციალურმა საიტმა ინდიანა პეისერსის ახალბედა გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა: “გოგა – მრავალფეროვანი და დაფუძნებული”, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

“არ მისცეთ ვარდისფერ თასმებს თქვენი წარმოდგენა შეცვალოს მასზე, 20 წლის ახალბედა სრულყოფილ მოთამაშედ ყალიბდება. ბევრის თქმით, გოგა ბითაძეს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ ინდიანა პეისერსის 2-დღიანმა კემპმა აჩვენა – მას გააჩნია სათანადო აგებულება და გული იმისთვის, რომ NBA-ს ბეჰემოთების, როგორიც მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი არიან, წინააღმდეგ არ დაიჩაგროს.

გოგა ბითაძე ინდიანას კემპზე

წინასაკემპო ვარჯიშები სულ სხვა განზომილება იყო და ეს კემპი სულ სხვა, საგამოფენო მატჩები კიდევ უფრო სხვა დონის გამოცდა იქნება და, რა თქმა უნდა, NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრები სულ სხვა დონის. ბითაძეს ზურგს უმაგრებს ევროპული პროფესიული კალათბურთის გამოცდილება და ინდიანას მწვრთნელებისა და თანაგუნდელების თავდაჯერება, რომ იგი კალათის ირგვლივ ბრძოლაში გამოადგებათ.

გოგა და საბონისი
გოგა და საბონისი

კვირას”სენტ ვისენტ სენტერში” ვარჯიშის შემდეგ მაილს ტერნერმა მასზე თქვა: “ის ფიზიკურად ძლიერია, მას უყვარს ბრძოლა”.

ბითაძემ კემპზე უკვე გამოავლინა თავი, შეტევაშიც და დაცვაშიც, როცა ერთი-ორი ბლოკშოტი გააკეთა. ასევე ის არ იმეორებს იმ ქცევებს, რაც ევროპაში ახასიათებდა – დიახ, ის დრაფტის პირველი წრის კალათბურთელია, მაგრამ თავისი ადგილი კარგად იცის.

“თანაგუნდელებს ცუდად არასდროს მივმართავ. ვცდილობ, შევინარჩუნო სიმშვიდე, მაგრამ ამის დროც დადგება. უბრალოდ ვცდილობ ყოველი ნასროლი ზუსტი მქონდეს, ხანდახან ვტენი კალათში, უფრო კი ბლოკშოტს ვაკეთებ, ეს კარგია, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს – მთავარი თამაშებია”.

ბითაძის სათამაშო დებიუტი მუმბაიში საკრამენტოს წინააღმდეგ შედგება პარასკევსა და შაბათს. მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს გადაწყვეტილი აქვს, პარასკევის თამაშში ტერნერი და საბონისი დაასვენოს. ასე რომ, ბითაძესა და სხვა “დიდებს” შანსი მიეცემათ.

გოგამ ვარჯიშებზე ასევე აჩვენა კარგი თვისებები სროლაში, პასებსა და კოორდინაციაში, რაც იმის წინაპირობაა, რომ იგი სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბდება. მაკმილანმა უკვე ბევრი თვისება აღმოაჩინა, რომ მის შორეულ პოტენციალზე თამამად ისაუბროს:

“ის ძალიან კარგად გრძნობს თამაშს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. გოგა ძალიან კარგი, მრავალმხრივი კალათბურთელი უნდა გახდეს. მას შეუძლია, სროლა, პასის მიცემა, დრიბლინგი, კარგად ესმის თამაში, მას უბრალოდ შესაშური საკალათბურთო ტანი აქვს… ეს ყველაფერი 20 წლის ასაკში. როცა მას უყურებ, ხვდები, რას შეიძლება მიაღწიოს გოგამ რამდენიმე წელიწადში – მისი და ინდიანას მომავალი ნათელია”.

ტერნერიც ოპტიმისტურადაა განწყობილი: “გოგა კარგი ადამიანია. ყველაზე მთავარი რეალური თამაშების გამოცდილების მიღებაა. ის კარგად გამოიყურება თამაშისას, შეუძლია დაფარება, სროლა, ის ნიჭიერია. უკვე ძალიან სოლიდურია 19-20 წლის ბიჭისთვის. ვფიქრობ, სწორად ვითარდება, თუმცა ნამდვილ გამოცდილებას თამაშებში მიიღებს”.

ის, რომ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, კარგად ჩანს გოგას დამოკიდებულებით ვეტერანებისადმი. მან კარგად იცის, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ NBA-ში ბევრს მიაღწევს. მან თქვა, რომ სისწრაფეში მოსამატებელი აქვს, ასევე უნდა მოძლიერდეს ფიზიკურად. როცა ეკითხებიან, ყველაზე მეტად რა ასპექტში აქვს მოსამატებელი, პასუხობს, რომ ეს არის ‘პიკ ენ როლის’ წინააღმდეგ დაცვაში თამაში. ამაში მაკმილანიც ეთანხმება:

“ამ ბიჭებს დღე-ნახევარში მაქსიმალურად ბევრი რამ შევასწავლეთ. უნდა ნახოთ, როგორ ითვისებს ყველაფერს, თუმცა მოედანზე ხშირად მაინც ახალბედასავით თამაშობს. ის ამ ყველაფერს გამოასწორებს, მაგრამ დრო დასჭირდება”.

ბითაძის სპორტული ფეხსაცმელი ვარდისფერი თასმებით
ბითაძის სპორტული ფეხსაცმელი ვარდისფერი თასმებით

ის მხიარული ბიჭი ჩანს, რაც კარგად ჩანს მისი სპორტული ფეხსაცმელებიდანაც.

– რატომ გაქვს ვარდისფერი თასმები გოგა?

– მოდურია. ახალია – 2019/20 წლების სეზონისთვის.

მაილს ტერნერიც გვიდასტურებს: “ის ძალიან მხიარული ბიჭია”.

წყარო: popsport.ge

SHARE