ბიჭები საქართველოსთვის კვდებოდნენ და რომელ მედალზეა ლაპარაკი?!. გელა კეტაშვილი სეულის ოლიმპიადის ამბებს იხსენებს…

474

ზუსტად 31 წლის წინ, 1988 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სეულის ოლიმპიადის ფინალში ბრაზილია დაამარცხა.

იმ დღეს, როცა რუსული იმპერიის ბოლო დღეების ათვლა უკვე დაწყებული იყო, მთელი საქართველოც ხარობდა – გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა გელა კეტაშვილმა, ვინც მრისხანე რომარიოს გასაქანი არ მისცა.

კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. რა თქმა უნდა, იმ დიდი მატჩის გახსენება სწორედ მას ვთხოვეთ:

„თავადაც არ მჯეროდა, ოლიმპიადაზე თუ ვითამაშებდი. ტრაბახით არ ვამბობ, იმ ნაკრებში შეუცვლელი კაცი ვიყავი, მაგრამ ფეხბურთი და ტრავმები ვის გაუყვია? „შახტიორთან“ შეხვედრაში ერთხელ მოტეხილი კოჭი მეორედაც მოვიტეხე. თვე-ნახევარი რჩებოდა ოლიმპიადამდე. მოსკოვში ხაზი გადამისვეს – მორჩა კეტაშვილის ოლიმპიადაო…

მაშინ ძალიან პოპულარული იყო გადაცემა „საფეხბურთო მიმოხილვა“. ცალკე რუბრიკა მიეძღვნა ჩემს ტრავმას. მგონი, ახლაც უნდა იყოს შემონახული ეს კადრები. მოკლედ, ყველას ეგონა, რომ ოლიმპიადამ გვერდით ჩამიარა…

ძალიან ცუდად ვიყავი. თუ გახსოვთ, ძველი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო იყო ჯავახიშვილის ქუჩაზე. ვწევარ იქ, საშინელი ტკივილები მაქვს. გავახილე დილით თვალი, იღება კარი და შემოდის ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე. სპეციალურად გადმოფრინდა თბილისში, ჩემი ტრავმის ამბავი რომ გაიგო…

გადავფრინდით ეგრევე მოსკოვში, სადაც კლინიკაში დავიწყე მკურნალობა. ექიმი იყო ძალიან ცნობილი – მირონოვი. ყველაფერი გააკეთეს, შეუძლებელიც კი. მოკლედ, წავედი ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე. შეკრება იაპონიაში გვქონდა და იქ რომ ჩავედი, ხელჯოხებით ვიყავი და სწორედ იქ გავიარე ფეხზე. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად. ამ ტრავმამ, როგორც იტყვიან, „დამანგრია“. მერე მივხვდი, რომ იყო შანსი და ამ შანსისათვის ბოლომდე უნდა მებრძოლა…

4 მატჩი ვითამაშე შეკრებაზე. თანდათან მემატებოდა სათამაშო დრო. თავს არ ვზოგავდი. ეგაა, გუნდი რომ ვარჯიშობდა, მე ხშირად ვიწექი ამ დროს. ტკივილები კიდევ მქონდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ საკუთარ თავს ვჯობნიდი.

მოგეხსენებათ, ოლიმპიადის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს მოვუგეთ. 23 წელი სწორედ იმ დღეს შემისრულდა… სტადიონის დიქტორმა თამაშის დაწყების წინ გამოაცხადა, საბჭოთა კავშირის „2 ნომერი“, გელა კეტაშვილი იუბილარიაო… მთელი სტადიონი ადგა და ტაში დამიკრა… იმ წუთში ტკივილი დამავიწყდა.

იტალიას რომ მოვუგეთ, საპრიზო ადგილები გავინაღდეთ. ამას გვისახავდნენ ამოცანად და ახალგაზრდა კაცის ამბავი ხომ იცით, შესრულებულად ჩავთვალეთ ამოცანა. ოლიმპიურ სოფელში რომ მივედით, ისე დავიქსაქსეთ, ანატოლი ბიშოვეცმა სადილზეც კი ვერ შეგვკრიბა…

გაგიჟდა კაცი. მიხვდა, რაღაც არაორდინარული უნდა ექნა. შეკრიბა მთელი გუნდი და წაგვიყვანა ინჩხონის პორტში. იქ მაშინ საბჭოთა გემი იდგა და ამ გემზე იყო მთელი ბომონდი. აღარც კი ვიცი, ვინ ჩამოვთვალო – პუგაჩოვა, ვინოკური…

ბიშოვეცმა გვითხრა, ეს ფინალი ამ ნაკრების ბოლო თამაშია, ამის შემდეგ ვიშლებით და ისე გავაკეთოთ, რომ ყველა პირნათელი ვიყოთ ერთმანეთთანო. მაგარი სიტყვები გვითხრა. მორჩა კრება. ვარ ჩემთვის კაიუტაში და მასაჟისტი შემოვიდა, ბიშოვეცი გეძახისო. შევედი მასთან. მეუბნება – ვიცი, დაბადების დღე რომ გქონდა და საჩუქარი მოგიმზადეო. რომ არ მოგატყუოთ, კი გამიხარდა…

საჩუქარს ველოდები და… იღებს ნახაზებით სავსე დაფას. ბრაზილიელთა „10 ნომერს“ დაადო ხელი და მითხრა – ეს რომარიოა, ყველაზე სახიფათო ფორვარდი მათი შემადგენლობიდან, ესაა ჩემი საჩუქარი, რომარიო უნდა „დაიჭიროო“…

არ მინდა, ვინმემ ტრაბახში ჩამომართვას და, მგონი, კი გავაჩერე რომარიო. ბრაზილიელთა ერთადერთი გოლი სწორედ მან შეაგდო, მაგრამ აქ იყო ერთი „მაგრამ“. მისი მეურვეობა მევალა ყველა სიტუაციაში, „სტანდარტების“ გარდა. „სტანდარტებისას“ ბრაზილიელთა მეორე, ტანმაღალი ფორვარდი უნდა დამეჭირა. ისე მოხდა, რომ პირველ ტაიმში, „სტანდარტის“ მერე, რომარიოს ლოსევი დაუდგა და იმანაც შეაგდო…

შესვენებისას ბიშოვეცს პირდაპირ ვუთხარი – ან მე ჩამაბარეთ ეს რომარიო ბოლომდე, ან საერთოდ შემცვალეთ-მეთქი. დამიჯერა. ძალიან ძლიერი ფორვარდი იყო. წამიერი უყურადღებობა და ეგრევე გაიტანდა. ხვლიკივით იყო. მე მითამაშია კლინსმანის, პაპენის, ელკიაერის, ლაუდრუპების, ბუტრაგენიოს წინააღმდეგ, მაგრამ ის სხვა იყო…

ანგარიში 11-მეტრიანით გავათანაბრეთ. მიხაილიჩენკომ მოიპოვა პენალტი და დობროვოლსკიმ შეაგდო. გოლის შემდეგ ყველას გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. მეორე გოლისას მე გავაკეთე საგოლე გადაცემა. მოგეხსენებათ, ორი დამატებითი ტაიმი ვითამაშეთ.

პირველი დამატებითი ნახევარი რომ მორჩა, ისე ვიყავი დაღლილი, თამაში დასრულებული მეგონა. ზეიმი დავიწყე. ბიჭებმა გამაჩერეს, ჯერ ადრეაო. მეორე დამატებითი ტაიმი ისე მახსენდება, როგორც კოშმარი. გავძელით. ძალიან გავიხარეთ …

პრემიებს რაც შეეხება, ისე იყო გაწერილი, რომ ძირითადის 11 ფეხბურთელს სხვა ნიხრი ჰქონდა და დანარჩენებს – სხვა, მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით და ეს ფული ყველაზე ზუსტად გავყავით. ზუსტად 6430 მანეთი შეგხვდა თითოს და კიდევ, ახალთახალი „ვოლგები“ დაგვირიგეს…

მერე, საქართველოს რომ გაუჭირდა და ომში ჩაება, ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის ჩავაბარე ოლიმპიური ოქროს მედალი. ქვეყანას უჭირდა, ბიჭები საქართველოსთვის კვდებოდნენ და რომელ მედალზეა ლაპარაკი?!.

მერე ის მედალი სარფის საბაჟოზე გადადიოდა, ვახტანგ ქორიძე მუშაობდა იმ დროს საბაჟოზე, ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელი… აღარც მინდა ყველაფრის მოყოლა. 2013 წელს დავიბრუნე ის მედალი. დიდი მადლობა ამისთვის გურამ ოდიშარიას. ახლა ჩემთან მაქვს, სახლში“…

წყარო: lelo.ge

SHARE