(ვიდეო) „ბორჯღალოსნების“ ხარვეზები უცხოელი ანალიტიკოსის თვალით

472

პოპულარული სარაგბო ვებ-გვერდი www.planetrugby.com მსოფლიოს თასის მონაწილე ყველა გუნდის თამაშის ანალიზს აკეთებს.

ამჯერად ამ გამოცემის ანალიტიკოსის სემ ლერნერის თვალთახედვის არეში საქართველოს ნაკრები მოხვდა. მან ჩვენი გუნდის ნაკლოვანებების დასახასიათებლად ახლახან გამართული საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება აირჩია.

მოთხრობილია იმ ხარვეზებზე რაც „ბორჯღალოსნებს“ რეალურად აღმოსაფხვრელი აქვთ. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

„საქართველოს ნაკრებმა 2016 წელს 8 მატჩი მოიგო, 2 წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა, 2017 წელს 8 მოიგო და სამი წააგო, 2018 წლის სტატისტიკა იგივეა. 2019 წელს დღემდე ქართველებმა 5 მატჩი მოიგეს და ერთი წააგეს. 2016 წლიდან მოყოლებული ამ გუნდმა 29 მოგებას, 9 მარცხს და ერთ ფრეს მოუყარა თავი, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. თუმცა, იქნება კი საკმარისი უმთავრესი მიზნისთვის, 2019 წლის მსოფლიოს თასზე ფიჯის დასამარცხებლად?

საქართველოს ნაკრებს ფიჯის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. საერთო ჯამში, ქართველებმა ფიჯელებს 16 ქულით ნაკლები გაუტანეს, რაც ფიჯის არცთუ დიდ, მაგრამ მაინც უპირატესობაზე მეტყველებს.

თბილისში შოტლანდიასთან თამაშმაც დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთი სუსტი წერტილი აქვს, რის გამოყენებასაც უელსი, ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი ეცდებიან.

მსოფლიოში ბევრი გუნდია, რომლებიც ფეხით ბურთის გადაკიდებას არც კი ცდილობს, თუკი მისთვის ბრძოლის შანსი არ აქვთ. თუმცა, ქართველებთან შერკინებისას ბურთის ფეხით ამოტანა და აბრაგანების ხშირი გამოყენება, შესაძლოა, მძლავრი იარაღი გახდეს.

ეს ნათლად დაგვანახვეს შოტლანდიელებმა, რომლებმაც პირველივე წუთებიდან აქცენტი სწორედ ფეხით თამაშზე გააკეთეს და ამით მასპინძლებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

წინდაწინ შეიძლება ითქვას, რომ უელსელთა მგეზავი დენ ბიგარი ქართველებს არანაკლებ დატვირთავს. ფიჯის ნაკრებზე კი, იმავეს თქმა გაჭირდება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ისინი მათთვის უჩვეულო ტაქტიკით თამაშს გადაწყვეტენ თუ არა. ცნობილია, რომ ფიჯელები მოედნის თითქმის ყველა წერტილიდან შეტევას ხელდახელ ბურთაობით იწყებენ.

როგორც არ უნდა იყოს, ჯგუფში, უელსის და ავსტრალიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ, რაგბის ქომაგი ყველაზე მეტად საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირებას ელოდება.

თუკი საქართველოს ნაკრებს წარმატებაზე ფიქრი სურს, კიდევ ერთი კომპონენტი, რომლის გამოსწორებაზეც უნდა იფიქროს, დისციპლინაა. გავრცელებული ვერსიით, ქართველები ამ მხრივ მოიკოჭლებენ. თუმცა, სტატისტიკა სხვას გვიჩვენებს. 2016 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრებს 43 მატჩში 23 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ ერთი სინბინია 1,9 თამაშში და ძალიან ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

მაგალითისთვის, ინგლისს 48 შეხვედრაში 18 ყვითელი აქვს მიღებული და ეს საშუალოდ ერთი სინბინია 2,8 მატჩში. ავსტრალია კი, ორ თამაშში ერთ სინბინს იღებს.

თუმცა, ეს მხოლოდ სინბინებია. ზეწოლის ქვეშ მყოფი ქართველების ხშირი ჯარიმები აშკარად თვალშისაცემია. შოტლანდიასათან მატჩის დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების უდისციპლინო თამაში ყველამ დააფიქსირა. ისე ჩანდა, რომ მასპინძლებს ერჩივნათ ზედ კარის წინიდან შოტლანდიელებისთვის სამი ქულის აღების საშუალება მიეცათ, ოღონდ კი, ბურთი ხაზზე არ გაეთამაშებინათ. ამის გამო თითქმის ყველა რაკი სტუმრებმა მოიგეს.

კიდევ ერთი კომპონენტი, რაშიც შოტლანდიელებს გამორჩეული უპირატესობა ჰქონდათ, სისწრაფე იყო. ისინი ყველაფერს სწრაფად აკეთებდნენ. სტუმრებმა მეტოქის ხაზის გაჭრა რამდენჯერმე მოახერხეს, რაც ლელოებით დასრულდა. „სკოტების“ სხარტი უკანახაზელები ღრიჭოების მონახვას ქართველ ფორვარდებს შორის ახერხებდნენ.

ყველაფრის მიუხედავად, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მაღალი დონის ნაკრები ჰყავს, რომელიც ალბათ ურუგვაის მოუგებს და ფიჯის დამარცხების შანსი ექნება. ამასთან ერთად, ავსტრალიასა და უელსსაც დიდ ბრძოლას გაუმართავს. მათი სიძლიერე ფორვარდებსა და შერკინებაშია.

ცხადია, რომ მეტოქეები ქართველებს აიღე-მიეძალეში არ უნდა აჰყვნენ და გამარჯვებისთვის სხვა ხერხი უნდა მონახონ. პირველ რიგში, ბურთი ქართველთა მორკინალებს უნდა მოარიდონ. ისინი თამაშში რაც შეიძლება ნაკლები დროის განმავლობაში უნდა იყვნენ ჩართული.

მეტოქეებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ საქართველოს ნაკრების უდისციპლინობა. რამდენიმე ფაზის გადაბმის შემთხვევაში, იმის შანსი, რომ ქართველები დაჯარიმდებიან დიდია, ეს კი, სამი ქულის აღების ან ხელსაყრელი დერეფნის გარანტიაა.

ამავდროულად, არ უნდა ელოდოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე აჯობებთ. შოტლანდიელებმა თბილისური მატჩის პირველი ტაიმი 23:3 მოიგეს, მე-2 კი – 21:7. იტალია შესვენებისთვის ქართველებს 18:7 უგებდა, ხოლო მე-2 ნახევარი ფრედ 10:10 დასრულდა. სამოა 19:10 დაწინაურდა, საბოლოოდ კი, საქართველომ 27:19 გაიმარჯვა. ტონგასთან საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ერთქულიანი უპირატესობით 7:6 მოიგო. საბოლოო ანგარიში კი, გაცილებით სოლიდური იყო – 20:9. ერთი სიტყვით, მიჩვეულები ვართ, რომ მე-2 დონის ნაკრებები თამაშის მიწურულისკენ იღლებიან. საქართველოს ნაკრებზე კი, ამას ვერაფრით ვიტყვით“.

წყარო: lelo.ge

SHARE