(ვიდეო) „ბორჯღალოსნებმა“ 2020 წელი გამარჯვებით გახსნეს

476

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2020 წელი და რაგბის ევროპას გათამაშება ჩინებულად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და დამაჯერებლად 41:13 დაამარცხეს.

ლევან მაისაშვილის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და უკვე მეშვიდე წუთზე თედო აბჟანდაძის ჩინებული გარღვევით პირველი ლელო ვიხილეთ. თედომ გარდასახვა ვერ გამოიყენა და მასპინძლებმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ამის შემდეგ რუმინეთმა შეძლო თამაშში დაბრუნება და მეოცე წუთისთვის უკვე წინ გასვლაც შეძლო. ფლორინ ვლაიცუმ ორი ჯარიმა გაიტანა და „სტეჟარი“ დაწინაურდა. ეს მთელი თამაშის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც რუმინეთი იგებდა და მსგავსი სიტუაცია 36-ე წუთამდე გაგრძელდა. მანამ, სანამ აბჟანდაძემ ჯარიმით „ბორჯღალოსნებს“ ორბურთიანი უპირატესობა არ მოუტანა. ტაიმიც ასე დასრულდა – 8:6.

მეორე ნახევარი ისევ აბჟანდაძის რეიდით დაიწყო, მაგრამ ამჯერად ლელო მირიან მოდებაძემ მიითვალა, ხოლო გარდასახვა ისევ გაცუდდა. თუმცა, ქართველი მორაგბეების უპირატესობა 1 წუთსაც არ გაგრძელებულა, რადგან საპასუხო შეტევაში ვლაიცუმ ჯერ ლელო მიითვალა, მერე თავადვე გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა – 13:13. სხვათა შორის, ეს იყო რუმინელთა ბოლო ქულები დღევანდელ მატჩში და სტუმრებს ქულები მხოლოდ ვლაიცუმ მოუტანა.

საქართველოს ნაკრების შეჩერება თამაშის დარჩენილ ნაწილში შეუძლებელი გახდა. დუბლი შეასრულა დავით კაჭარავამ, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანს გიგაშვილმა და ჭყოიძემ უწიეს. ხსენებული ლელოები აბჟანდაძემ გარდასახა და სოლიდური სხვაობაც დააფიქსირა – 41:13.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს რუსეთში 31:12 იმარჯვა.

საქართველო – რუმინეთი 41:13 (8:6)

ქულები: ანჟანდაძე (ლ, 4 გ, 1 ჯ), მოდებაძე (ლ), გიგაშვილი (ლ), კაჭარავა (2 ლ), ჭყოიძე (ლ)

ვლაიცუ (1 ლ, 1 გ, 2 ჯ)

წყარო: worldsport.ge

SHARE