ბრაზილია – არგენტინა: სანაკრებო ელ კლასიკო კოპა ამერიკას 1/2 ფინალში

526

ხვალ, თბილისის დროით 04:30 საათზე კოპა ამერიკას 1/2 ფინალის ფარგლებში გაიმართება სანაკრებო ელ კლასიკო: ბრაზილია – არგენტინა. გადავავლოთ თვალი გუნდების მდგომარეობას და მოვემზადოთ ლეგენდად ქცეული დაპირისპირებისთვის.

განვლილი გზა

“სელესაომ” 1/2 ფინალამდე “ალბისელესტესთან” შედარებით უფრო ნაკლებად პრობლემურად მოაღწია. პირველი ადგილი ჯგუფში, მიწასთან გასწორებული ბოლივია და კიდევ ერთი 1/2 ფინალისტი, პერუ. “ყვითელ-მწვანეებს” ფეხი მხოლოდ ვენესუელასთან დაუცდათ, მაგრამ ამას სავალალო შედეგი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება პლეი-ოფს, “პენტაკამპეონებმა” გადალახეს პარაგვაის ბარიერი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ პენალტების სერიაში. დიახ, ტიტეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და “თეთრ-წითლები” თავდაცვის გარდა ვერაფერს ახერხებდნენ, მაგრამ ბრაზილიისგან მაინც მეტს ელოდნენ.

ბრაზილია - არგენტინა: სანაკრებო ელ კლასიკო კოპა ამერიკას 1/2 ფინალში

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ტურნირის მთავარი ფავორიტი დამსახურებულ ადგილზეა. არგენტინის შემთხვევაში ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება – კოშმარულად ჩატარებული ჯგუფური ეტაპი და სხვის იმედზე ყოფნის (ამ შემთხვევაში კოლუმბიის) აუცილებლობა.

“ალბისელესტეს” არ აკრიტიკებდა მხოლოდ ზარმაცი, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, “თეთრ-ლურჯები” 1/4 ფინალში ერთადერთები აღმოჩნდნენ 90 წუთში მოპოვებული გამარჯვების მაჩვენებლით. ლიონელ სკალონის გუნდმა ვენესუელა დაამარცხა.

ბრაზილია - არგენტინა: სანაკრებო ელ კლასიკო კოპა ამერიკას 1/2 ფინალში

მატჩის წინ

ისტორიამ გვაჩვენა, როგორ ცუდ დღეშიც არ უნდა იყოს ერთი, მეორე ან საერთოდ ორივე ნაკრები, სამხრეთ ამერიკული ელ კლასიკო საერთაშორისო არენის ნომერ პირველ დაპირისპირებად რჩება. ბრაზილია – არგენტინას დუელის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა: ფავორიტის არ არსებობა.

დიახ, ჩვენ კიდევ ერთი არაპროგნოზირებადი შეხვედრა გველის, მაგრამ საფეხბურთო სამყარო უპირატესობას მაინც “სელესაოს” ანიჭებს. “ყვითელ-მწვანეები” უბრალოდ უკეთ გამოიყურებიან და აღნიშნული ფაქტის წინაშე ლიონელ მესიც უძლურია.

ბრაზილია - არგენტინა: სანაკრებო ელ კლასიკო კოპა ამერიკას 1/2 ფინალში

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია – ალისონი, სილვა, მარკინიოსი, ალვეში, სანდრო, კაზემირო, არტური, ევერტონი, კოუტინიო, ჟეზუსი, ფირმინო

არგენტინა – არმანი, ოტამენდი, პეცელა, ტალიაფიკო, ფოიტი, ლო ჩელსო, პარედესი, დე პაული, მესი, მარტინესი, აგუერო

ურთიერთშეხვედრები

ბრაზილიამ და არგენტინამ ერთმანეთში ჩაატარეს 105 ოფიციალური შეხვედრა. 41 მატჩი “სელესაოს” გამარჯვებით დასრულდა, 38 – “ალბისელესტეს”, 26 თამაშში კი ფრე დაფიქსირდა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, “პენტაკამპეონების” 163 გოლი, “თეთრ-ლურჯების” 160-ის წინააღმდეგ.

ბრაზილია - არგენტინა: სანაკრებო ელ კლასიკო კოპა ამერიკას 1/2 ფინალში

თანაგუნდელები ერთმანეთის პირისპირ

ხვალინდელ შეხვედრაში მრავლად იქნება თანაგუნდელების დაპირისპირება. მაგალითად – მესი კოუტინიოსა და არტურის წინააღმდეგ; აგუერო და ოტამენდი ჟეზუსის, ფერნანდინიოსა და ედერსონის წინააღმდეგ; დი მარია და პარედესი სილვასა და მარკინიოსის წინააღმდეგ და ა.შ.

ბრაზილია - არგენტინა: სანაკრებო ელ კლასიკო კოპა ამერიკას 1/2 ფინალში

წყარო: goal.ge
SHARE