…გადაწყვეტილება, რომელიც დიდი რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ნაკრების ინტერესებს!.. ნუ დავღუპავთ საერთო საქმეს!..

533

მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრებს უაღრესად საპასუხისმგებლო, თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის, როცა ბელარუსის უპირველეს გუნდთან თბილისურ ჯახში დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. ეს იმ მასშტაბის მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ საფეხბურთო ფონს, არამედ ბევრ რამეს შეცვლის დადებითად ჩვენს ქვეყანაში…

…ამ თემას ადრე ერთი წერილი უკვე მივუძღვენით და მეორის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებდით, რომ არა ბოლო დროს შექმნილი ფონი. როგორც შევიტყვეთ, კვლავ საკმაოდ სერიოზულად განიხილება საკითხი იმის თაობაზე, რომ ბელარუსთან მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ სტადიონზე გაიმართოს.

ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ არ შეიძლება, არ გამოვეხმაუროთ. მით უმეტეს, ამ სტრიქონების ავტორს არაერთი მკითხველი შეეხმიანა და სთხოვა, მკვეთრად დაგვეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია და ახლა სწორედ ამას გავაკეთებთ.

აქვე დავწერთ ერთს – ძალიან არ გვინდა, ვინმე გაგვინაწყენდეს, რადგან როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ჩვენი პირადი ამბიცია ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ…

გასაგებია, რომ ბათუმის სტადიონი მალე დაამშვენებს ჩვენს ქვეყანას და ეს ძალიან დიდი ამბავია, ყველა მოუთმენლად რომ ველით! პირადად ვნახე ეს მართლაც შესანიშნავი სპორტული არენა და კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი… აი, ახლაც რომ ვათვალიერებ ფოტოებს, მზად ვარ, ტაში დავუკრა მათ, ვინც ეს გრანდიოზული პროექტი დაგეგმა და განახორციელა!..

მესმის ისიც, რომ შეიძლება ვიღაცას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც და “ზემოთაც”, ძალიან უნდოდეს, რომ ბელარუსთან მატჩი სწორედ ბათუმში გაიმართოს. ადამიანები ვართ და ადამიანური სისუსტეები ჩვენი თანამდევია…

თუ რამეთი იამაყებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წლების შემდეგ, ერთ-ერთი იქნება ბათუმის სტადიონი. სწორედ ამ ფედერაციის მუშაობის დროს მოება თავი მის მშენებლობას და ეს ყველამ ვიცით!.. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი გახდა იმავე ფედერაციისა და სახელმწიფოს შორის ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად. ეს ყველამ უნდა დავინახოთ!

ამდენად, ამ ახალი პროექტის პრეზენტაციის საუკეთესო საშუალება სწორედ ბელარუსთან მატჩი იქნება, მაგრამ… ერთია კონკრეტული სტადიონის, ასე ვთქვათ, “კარგად გაპიარება” და მეორე – ქართული ფეხბურთის ინტერესები.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აქვე ვიტყვი – აუცილებლად მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები რეგიონებში გავიდეს და იქაც ხშირად ჩაატაროს შესარჩევი თუ ამხანაგური მატჩები. ამის თაობაზე ადრეც არაერთხელ დამიწერია და ახლაც ზუსტად იმავე აზრზე ვარ.

მაგრამ, მოდი, ცოტაც მოვიცადოთ და ეს ნოვაცია შემდეგი შესარჩევი ციკლიდან დავნერგოთ. რა მაძლევს ამის დაწერის უფლებას? ვეცდები, ჩემი პოზიცია გასაგებად ჩამოვაყალიბო – რატომ თბილისი და რატომ “დინამო არენა”?

ქართული ფეხბურთის ძალიან მდიდარ და სახელოვან ისტორიაში არაერთი დაუვიწყარი წარმატება გამოჭედლია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თუ არა ყველა, გამოჭედილა თბილისში, ახლანდელ “დინამო არენაზე”, ცოტა უფრო ძველ “ეროვნულზე” და სულ ძველად, უბრალოდ, “დინამოზე”, რომელიც ოფიციალურად ლენინის სახელს ატარებდა…

რაც შეეხება პრაქტიკულ მიზეზებს – დავიწყოთ იქედან, რომ თბილისის მთავარ სპორტულ არენაზე გაცილებით მეტი (თითქმის 3-ჯერ!) მაყურებელი ეტევა, ვიდრე – ბათუმის ახალ სტადიონზე. ბელარუსთან საშინაო შეხვედრის დაბევება ყველაზე მეტად იმიტომ გაგვიხარდა, რომ გულშემატკივრებმა სტადიონზე ნამდვილი ცეცხლი უნდა დაანთონ და საქართველოს ნაკრებისთვის მე-12 მოთამაშის ფუნქცია შეასრულონ.

მეორე – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უდიდეს ნაწილს თბილისის “დინამოში” უთამაშია და “დინამო არენის” მინდვრის თითოეული მილიმეტრი მათთვის ძალიან ახლობელია. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ამაში ფეხბურთელებიც დაგვეთანხმებიან.

მესამე – “დინამო არენის” მინდვრის საფარი და ატმოსფერო ახლობელია საქართველოს ნაკრების ყველა იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც, თუნდაც, ერთი მატჩი ჩაუტარებია აქ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. თითქმის გამორიცხულია, ბელარუსთან მატჩში ჩვენ ბევრი დებიუტანტი გვყავდეს…

მეოთხე – ახალი სტადიონის გახსნა და იქ თამაში ფეხბურთელებისთვის დამატებითი წნეხია. ჩვენ სულ ვლაპარაკობთ და ვწერთ იმის თაობაზე, რომ ბელარუსთან მატჩში საქართველოს ნაკრები ზედმეტ წნეხში არ უნდა მოვაქციოთ. ბათუმის ახალ სტადიონზე თამაში კი, დიდი ალბათობით, ასეთი წნეხი იქნება და ეს არ უნდა დავუშვათ!..

ასე რომ, ბათუმელი ქომაგისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოვუწოდებთ ფეხბურთის ფედერაციას – ნუ დავღუპავთ საერთო საქმეს, ჩავატაროთ თამაში “დინამო არენაზე” და ნუ შევუქმნით საქართველოს ნაკრებს დამატებით პრობლემას. ახალი ველოსიპედის გამოგონების დრო არ არის. ვითამაშოთ იქ, სადაც ვთამაშობდით და სადაც დღემდე იყო ქართული ფეხბურთის მექა.

ვერ წარმომიდგენია, ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი…), დიდი ფეხბურთი რომ უთამაშია, ან ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი (ნეტავ, მას თუ ჰკითხა ვინმემ აზრი?), ვერ აცნობიერებდნენ, რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ნაკრებისთვის სტადიონის შეცვლა ესოდენ მნიშვნელოვან დროს!..

შესაძლოა, “ზემოთ” მართლაც სურდეს ვინმეს ამ თამაშით სტადიონის “გაპიარება” და ფედერაციის ხელმძღვანელობა ერთგვარ წნეხსაც განიცდიდეს ამის გამო, მაგრამ ისინი იმიტომაც არიან პროფესიონალები, რომ გაუძლონ ამ წნეხსა თუ ცდუნებებს და არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ნაკრების (და არა მარტო) ინტერესებს!..

წყარო: lelo.ge

SHARE