გამარჯვებებს სათავე ელადაში დაედო – კერპების მსხვრევა „ნიკეაში“

722

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე ვაჟა დანელია 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე თავად ესწრებოდა ტიტულოვანი ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის ჭიდაობას. სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, დღემდე ახსოვთ მისი ემოციები.

Olympic champion ზურაბ ზვიადაური

დიქტორი ქალბატონის მჭექარე ხმას მაყურებელთა მქუხარე ოვაცია მოჰყვა. “ანო ლიოსიას” ოლიმპიური სპორტის სასახლის ექვსი ათასამდე გულშემატკივრით გადაჭედილი ტრიბუნები ერთიანად ფეხზე წამოიმართა.

დამბურძგლა. საოცარი სანახავი იყო ეს. მსგავსი რამ, რაც იმ დარბაზში ვიგრძენი, არასდროს განმიცდია.
12 წელიწადი ველოდით ამ ბედნიერ წუთს…

2004 წლის 18 აგვისტო ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში – იმ დღეს ათენში ახმეტელმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ზედიზედ დაამარცხა რამდენიმე მეტოქე და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. დარბაზში ქართული ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა.

იყო ზღვა სიხარული, სიამაყის ცრემლი და უსაზღვრო განცდა იმისა, რომ საქართველომ ახალ გამარჯვებებს დაუდო სათავე…

დილიდანვე რატომღაც ხალისიანად ვიყავით. თითქოს გული გვიგრძნობდა, რომ ჩვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. “ანო ლიოსიას” დარბაზისკენ მიმავალთ სულ ოქროს მედალი გვეკერა პირზე.

გაზეთ “ლელოს” რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ მითხრა, გუშინ შოთა ხაბარელს ვესაუბრე და ასე თქვა, ზვიადაურმა მედალი აუცილებლად უნდა მოიპოვოსო. ყველას გვეიმედებოდა ჩვენი სპორტული დელეგაციის მედროშე. იმის მიუხედავად, რომ ქართველ ფალავანს ოლიმპიადისთვის მზადებისას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

წილისყრამ გარკვეულწილად “დაინდო” ზვიადაური – კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰი ტაე ჰვანგი, რომელთნაც 2003 წელს ზურაბი სასწაულებრივად დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასევე, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი მარკ ჰუზინგა, უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვალენტინ გრეკოვი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სერგეი კუხარენკო, იაპონელი ჰიროში იზუმი, ესპანელი დავით ალარსა და კანადელი კეიტ მორგანი მეორე ჯგუფში მოხვდნენ, თუმცა, არც ზვიადაურს ჰყოლია ნაკლებად ტიტულოვანი მეტოქეები.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი იტალიელი ფრანჩესკო ლეპრე ტატამზე საკმაოდ თავდაჯერებული გავიდა. ეტყობა, კონტინენტის პირველობაზე სახელოვანი ფალავნების ძლევამ გაათამამა. არც ქართველ ძიუდოისტს ეტყობოდა აღელვება.

ორჯერ ჰყავდა დამარცხებული იტალიელი, მაგრამ ეს იყო ორი წლის წინათ. მას შემდეგ ლეპრე დაოსტატდა, უხერხული მეტოქე შეიქნა ფავორიტებისთვის. ორ-სამჯერ სარმის გამოდება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

აი, ზვიადაურმა კი კისრულით წამოიღო აპენინელი და ისე დაახეთქა ტატამზე, რომ იტალიელს წამოდგომა გაუჭირდა. იპონით გამარჯვებას 48 წამი მოანდომა ქართველმა ფალავანმა.

მეორე წრეში რუსეთელი ევროპის ვიცე ჩემპიონი ხასამბი ტაოვი და ზვიადაური წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ჩრდილოელმა მეზობელმა შარშან კონტინენტის პირველობაზე სძლია ჩვენებურს, ამიტომ ზურაბს მასთან ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. ფრთხილობდნენ მეტოქეები, პასიური ჭიდაობისთვის მსაჯისგან თითო შენიშვნაც მიიღეს. ბოლო წუთზე ზვიადაური გააქტიურდა და ორთაბრძოლის დამთავრებამდე 44 წამით ადრე ლამაზი გდებით წარმატებას მიაღწია.

ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენებურს მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი ფრედერიკ დემონფოკო გადაეღობა, სწორედ ის ფრანგი, 2001 წელს მიუნხენის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზურაბს ოქროს მედალი რომ “ამოაცალა” ჯიბიდან.

ხუთწუთიანი პაექრობა უშედეგოდ დასრულდა (მეტოქეებმა თითო გაფრთხილება მიიღეს, თანაც ფრანგმა – შეხვედრის დამთავრებამდე 6 წამით ადრე). დამატებითი დროის მე-2 წუთზე ზვიადაურმა მომგებიანი ქულა აართვა დემონფოკოს.

ნახევარფინალში ინგლისელ ვინსტონ გორდონთან ზურაბმა 3 წუთსა და 55 წამში მოამთავრა საქმე. მეორე ნახევარფინალში იაპონელმა ჰიროში იზუმიმ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონს კორეელ ჰი ტაე ჰვანგს სძლია.

ფინალური შეხვედრა 3 წუთსა და 3 წამს გაგრძელდა. სწორედ ამ დროს სასწაული რამ მოხდა – ქართველმა ფალავანმა რაღაც საოცარი ილეთით ამოაყირავა მეტოქე და ბეჭებით გააკრა ტატამს, რამაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასე ნანატრი გამარჯვება მოგვიტანა.

– ბედნიერი ვარ, რომ მთელი საქართველო გავახარე, – მითხრა ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ ზურაბმა. – ათენში რომ მოვდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, კვარცხლბეკზე ავიდოდი, თუმცა ოქროს მედლის მოპოვება არც ისე იოლი აღმოჩნდა.

მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. სიხარულისგან არც კი ვიცი, რა ვთქვა…

კერპების მსხვრევა „ნიკეაში“

– დი-მას! დი-მას! დი-მას! – ზანზარებდა „ნიკეას“ ექვსათასიანი სპორტის სასახლე. ტრიბუნები საბერძნეთის დროშების ტყეს დაეფარა.

ელინთა კერპია პიროს დიმასი – მასპინძლები მისგან მეოთხე ოლიმპიურ „ოქროს“ ელიან, გამაყრუებელი ყიჟინითა და შეძახილებით ამხნევებენ.
წარმოშობით ალბანელ სპორტსმენს თორმეტი წელიწადია, წარმატებები მოაქვს ელადისთვის. ოლიმპიური თამაშების სამგზის (ბარსელონა, ატლანტა, სიდნეი) გამარჯვებულს მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

უზომოდ უყვართ პიროსი ბერძნებს – კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მის ასასვლელად ყველაფერს გაიღებენ. ტრიბუნაზე მსხდომ ბერძნული დროშის ფერებში გამოწყობილ სამ პატარა დიმასს (პიროსის შვილებს) გულზე 4-იანი ახატია – მამიკო მეოთხედ გახდებაო ჩემპიონი.

თუმცა, ელინელებს შიშიც აქვთ – მრისხანე მეტოქეები ჰყავს პიროსს: რუმინელი ვალერიუ გალანჩეა, ჩინელი აიჯუნ იუანი, ბელარუსი ალექსანდრ ონიშჩენკო, რუსეთელი ზაურ ტაკუშევი და კორეელი იონგ ჩიკ სონგი.

ბერძნულის მცოდნე ქართველებმა მითარგმნეს, თუ რას ჩურჩულებენ ჩემს ზურგს უკან მსხდომი მასპინძლები. „ნიკეას“ დარბაზს „გეორგიელი“ გიორგის ეშინია ყველაზე მეტად.

სიდნეიში პიროს დიმასმა გიორგი ასანიძეს და გერმანელ მარკ ჰუსტერს მხოლოდ პირადი წონით (სამივემ ორჭიდში 385-385 კილოს მოუყარა თავი) აჯობა. 2002 წელს ვარშავის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ერთ-ერთი მოძრაობისას მხარი დაიზიანა. მწვრთნელისა და ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, უდრეკი ჭაბუკი მაინც გავიდა ფიცარნაგზე და თითქმის ცალი ხელით მოიხვეჭა ვერცხლის მედალი.

მძიმე ოპერაციის შემდეგ ყველას ეგონა, აქტიურ სპორტს დაემშვიდობებოდა. ის კი არ გატყდა – ბედისწერას არ დანებდა. პირად მწვრთნელსა (ივანე

გრიქუროვი) და შეგირდს, მათ ახლობლებსა და ნაღდ ქომაგებს სჯეროდათ, რომ გიორგი კიდევ გაიბრწყინებდა…
და ისევ „ნიკეას“ დარბაზი.

მაყურებელთა გუგუნში ნელ-ნელა იმსხვრევა იმედები, კერპები ბრძოლის ველს უსახელოდ ტოვებენ.

სიმუხთლემაც ვერ უშველა

ღიმილი არ შორდება გიორგი ასანიძეს სახიდან. თანდათან უმატებს „სიჩქარეს“. მეორე ცდაზე 177,5 კილოგრამი დაიმორჩილა. მესამე ჯერზე 180 კილო უნდა აიტაცოს, მაგრამ… შტანგა ხელიდან უსხლტება. გაკვირვებულია ათლეტი, თავის ქნევით ჩავიდა სარბიელიდან.

ვანო გრიქუროვი: ბერძნებმა გვიმუხთლეს – ფიცარნაგიდან ჩამოსულ გიას ხელისგულები სველი ჰქონდა: სიმძიმის გამოცვლისას მასპინძლებს შტანგის ღერძი (გრიფი) დაუსველებიათ…

ეშმაკობამაც ვერ უშველა ელინელთა კერპს – ორჭიდის ჯამში 377,5 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი ერგო. ბოლო ცდის შემდეგ დიმასმა ფეხსაცმელი გაიხადა და ფიცარნაგის კუთხეში დააწყო – ამით გულშემატკივრებს აუწყა, სასპორტო კარიერა დავასრულეო. კვლავ იქუხა დარბაზმა, დაინგრა ტრიბუნები. დიდხანს არ შეწყვეტილა ოვაცია.

გიორგი ასანიძემ 205 კგ აკრა და 382,5 კილოგრამით ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ვერცხლის მედალი 22 წლის ბელარუს დებიუტანტ ანდრეი რიბაკოვს ხვდა.

– საქართველოში „ოქროს ხანა“ დაიწყო და თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანე, – თქვა შეჯიბრების შემდეგ პრესკონფერენციაზე გიორგი ასანიძემ.

– ბრინჯაოს პრიზიორ დიმასზე რას იტყვით? – ეს შეკითხვა მასპინძლებმა დაუსვეს ჩემპიონს.
წამიერი პაუზა. დარბაზი გაირინდა.

– პიროს დიმასი ბრინჯაოს პრიზიორი არ არის… იგი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ასეთად დარჩება მარად.
იქუხა ტაშმა – მის პასუხს ოვაციით შეხვდნენ. კმაყოფილმა დიმასმა იქვე გადაკოცნა მეტოქე.

პიროს დიმასი: „დღევანდელი შეჯიბრება მოიგო იმან, ვისაც უნდა მოეგო. გიორგი ასანიძემ ეს პირველობა დაიმსახურა, იგი ღირსეული ჩემპიონია… არიან ადამიანები, რომლებთანაც სპორტის მიღმა გსურს მეგობრობა. მე ვამბობ, რომ გიორგი ასანიძე ჩემი მეგობარია“!..
ესეც იყო 15 წლის წინ – 2004 წლის 21 აგვისტოს.

ოლიპიური ჩემპიონი დღეს თავად არის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და შეგირდებს მწვერვალებისკენ უკაფავს გზას!..

წყარო: lelo.ge

SHARE