(ვიდეო) „გასაკვირი არაა ასეთი შედეგი რომ დაფიქსირდა“ – ენდი რობინსონი

419

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში უშუალო კონკურენტს, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 41:13 სძლია.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მხოლოდ ორი ქულის სხვაობით 8:6 მოიგეს, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ „სტეჟარის“ დამაჯერებლად დავამარცხებდით. მეორე ტაიმშიც, ერთი ხანობა, ანგარიში საყაიმო გახდა – 13:13. ეს ის მომენტი იყო, როცა გარდატეხა ერთ-ერთ გუნდს უნდა შეეტანა.

როგორც კი ორივე ნაკრების მწვრთნელებმა შეცვლები დაიწყეს, აშკარად გამოჩნდა, რომ რუმინელების სათადარიგოთა სკამი ჩვენსას ბევრად ჩამოუვარდებოდა. შეცვლაზე შესულმა „ბორჯღალოსნებმა“ გუნდის თამაში აშკარად გააცოცხლეს, უფრო სწრაფი, მობილური და ეფექტური გახადეს. რასაც მეტოქეზე ვერაფრით ვიტყვით. რუმინელები ბოლო 20 წუთის განმავლობაში წინააღმდეგობას ვეღარ წევდნენ.

ცხადია, ეს მხოლოდ შეცვლაზე შესულთა დამსახურება არაა. ყველაფერი იმ ზეწოლამ გამოიწვია, რასაც მოედანზე მყოფი მორაგბეები იქამდე ახორციელებდნენ. ამასთან ერთად, ჩვენი გუნდიდან ყველა თანაბრად კარგად გაისარჯა. თუმცა, მაინც გვინდა მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილისა და მესამეხაზელი ბექა საღინაძის გამოყოფა. მშვენივრად გეზავდა გუნდს ახალგაზრდა თედო აბჟანდაძე და დიდოსტატური გარღვევით მატჩში ანგარიშიც გახსნა.

ცხადია, აღსანიშნავია გუნდის ვეტერანისა და დაცვის ბურჯის დავით კაჭარავას დუბლი. შეცვლაზე შესული შერკინების კვაჭის, გიორგი ჭყოიძისა და მთლიანად შერკინების შესანიშნავი თამაში მოლში უკანსაკნელ წუთებზე.

ერთი სიტყვით, თამაშში ბევრი რამ მოხდა კარგი. თუმცა, ცხადია, იყო ხარვეზებიც, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. საბოლოოდ, გამარჯვება და ანთიმოზ ივერიელის თასიც საქართველოს ნაკრებს დარჩა.

მატჩის შემდეგ

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის პირველ თამაშს გარკვეული სირთულეები ახლავს, რადგან შესათამაშებლად ძალიან მცირე დრო გვაქვს და ტექნიკური წუნი დიდია. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში საინტერესო მომენტები მრავლად გვქონდა, მაგრამ ეს ანგარიშში არ აისახა.

როგორც წესი, ყოველთვის დგება საკვანძო მომენტი, როდესაც თამაში უნდა გარდატეხო. ტექნიკურ წუნზე ვიმუშავებთ და თამაშიდან თამაშამდე აღმოვფხვრით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასე ვითამაშოთ და არ ვიყოთ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული. დღეს დასკვნით ფაზაში რაღაც ისე არ გამოგვდიოდა, მაგრამ ხვალ გამოგვივა, ზეგ უკეთესი იქნება. ვიცით რას და როგორ ვაკეთებთ. ის, რაც პირველ ტაიმში გავაკეთეთ, იყო იმის წინაპირობა, რაც მეორე ტაიმში ვიხილეთ.

სისტემა ქმნის შესაძლებლობებს და ეს ყველას კარგად გვესმის. წნეხია ჩვენი შეცდომების წყარო. მსაჯი, მოწინააღმდეგე, გარემო, პასუხისმგებლობა – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. თუმცა, ყოველთვის დგება გარდამტეხი მომენტი. კარგია, რომ ბიჭებმა ამ წნეხს გაუძლეს და მოახერხეს თამაშის გარდატეხა“.

ბექა გორგაძე: „რაზეც ვისაუბრეთ შესვენებისას, იმის მოედანზე გადატანა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოვახერხეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმში მიღებულმა ლელომ გამოგვაფხიზლა, სათამაშო სისტემის ერთგული დავრჩით და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. მეტოქე ისეთ წნეხში მოვაქციეთ, რომ მათგან პროვოკაცია მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. ბიჭები შევიკარით, ვთქვით რომ მნიშვნელოვანი იყო მოედანზე 15 დავრჩენილიყავით, დომინაცია გაგვეგრძელებინა და ასეც მოვიქეცით“.

ენდი რობინსონი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„როდესაც ანგარიში 13:13 იყო, გვქონდა განცდა, რომ მეტოქეს წნეხში მოვაქცევდით, მაგრამ ეს ვერ შევძელით. სტატიკაში ვერ ვივარგეთ. ჩვენს მოთამაშეებს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშიათ და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს კარგი 60 წუთისთვის. ისინი ცდილობდნენ ასევე გაეგრძელებინათ, მაგრამ ძალა გამოგვეცალა. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ვეთამაშეთ საქართველოს ძალიან კარგ ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს თასის წინ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეკრებაზე და შეთამაშების მხრივ პრობლემა არ ჰქონდა. ამასთანვე, საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც სულაც არაა გუნდისთვის ახალი. ის ჩართული იყო ნაკრების მომზადებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვეთამაშეთ კარგად ორგანიზებულ გუნდს და გასაკვირი არაა ასეთი შედეგი რომ დაფიქსირდა“.

ფლორინ სურუჯუ, რუმინეთის ნაკრების კაპიტანი: „პირველი 60 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მივსდევდით სათამაშო გეგმას, მაგრამ გვიჭირდა შერკინებაში და რაქებში. ვცდილობდით სხვაობა მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო, რათა დასკვნით წუთებში გამარჯვების შანსი გვქონოდა. თუმცა, ავირიეთ და შეცდომები დავუშვით“.

ქ(ს)
1. საქართველო 1 1 0 0 28 5(1)
2. ესპანეთი 1 1 0 0 19 5(1)
3. პორტუგალია 1 1 0 0 6 4(0)
4. ბელგია 1 0 0 1 -6 1(1)
5. რუსეთი 1 0 0 1 -19 0(0)
6. რუმინეთი 1 0 0 1 28 0(0)

II ტური

8 თებერვალი

ბელგია-რუსეთი

პორტუგალია-რუმინეთი

9 თებერვალი

ესპანეთი-საქართველო

წყარო: lelo.ge

SHARE