გია ცეცაძე სლოვაკეთში მომხდარ ინციდენტზე

408

ნიტრაში მომხდარი ამბავი კვლავ აქტუალურია – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტადიონ “პოდ ზობორომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში სლოვაკეთთან ნერვული და დრამატული დაპირისპირება 2:3 წააგ.

რაც მატჩის შემდეგ მოხდა, ამაზე უკვე ბევრი დაიწერა: არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, როცა ანგარიში 3:2 იყო, გიორგი კუცია აუტიდან ბურთის სწრაფად მოწოდებას აპირებდა, როცა სლოვაკების მეკარეთა მწვრთნელმა ჯერ ბურთი წაართვა, მერე უკნიდან ხელი ჰკრა და ჩვენი გუნდის მოთამაშე ბურთის აღებას რომ ცდილობდა, ფეხიც გამოსდო…

ამან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე წყობიდან გამოიყვანა. მას სლოვაკების მეკარეთა მწვრთნელი “გაექაჩა”… საბოლოოდ, არბიტრმა უჩვენა ცეცაძეს, პლუს, კიდევ ერთ-ერთს ჩვენი სათადარიგოებიდან.

თუ რა მოხდა ნიტრაში, “ლელომ” სლოვაკური ვერსია უკვე შემოგთავაზათ. ახლა ქართულ ვერსიას მოვუსმინოთ. “ლელო” მოქმედების მთავარ გმირს, გია ცეცაძეს ელაპარაკა

საქართველოში უცხოელი რომ სცემონ, ასე გაუტარებენ?..

– ნიტრაში მომხდარი ამბავი გავიხსენოთ კიდევ ერთხელ. საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან 2:3-ს აგებდა და ამ დროს ატყდა ჯგუფური ჩხუბი. მომხდარმა  მძიმე შთაბეჭდილება დატოვა…

– ის, რაც რეალურად მოხდა, არავის უნახავს, რადგან, რაც იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ის კამერების მიღმა დარჩა ან სლოვაკების ტელევიზიამ ეს მომენტი სრულად ეთერში შეგნებულად არ გაუშვა. ტელევიზორში კიდევ არ ჩანს, რაც მათ გააკეთეს. არადა, მსგავსი რამ დანაშუალია.

– რეალურად რა მოხდა? ამის თაობაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ მოგვისმენია…

– მოხდა ის, რაც არსად მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი!.. თამაშში ვიყავი ჩართული, მაგრამ ისეთი რამ მითხრეს, თავი ვეღარ შევიკავე…

– ეს ოფიციალური მატჩი იყო და ოფიციალურ პირებს მეტი თავშეკავება გმართებდათ…

– მესმის, თამაშს ტელევიზიით იღებდნენ და ასეთ დროს უფრო თავშეკავებული უნდა იყო, მაგრამ… მე თუ მკითხავთ, რაც კუციას გაუკეთეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო – აუტს აწოდებდა, როცა ორი სლოვაკი მიუახლოვდა. ერთი მათგანი მეკარეების მწვრთნელი იყო, მერე იდაყვი წაარტყეს და ბურთი გააგდებინეს. მაგრამ გიორგის თამაშის განახლება ისე ეჩქარებოდა, ბურთი აიღო და ამ დროს ფეხი დაუდეს და წააქციეს. მსგავსი რამ სადმე გინახავთ?! მე მაინც ვცდილობდი, ნერვები მომეთოკა, მაგრამ ამის მერე სლოვაკები აქეთ რომ გამოიქაჩნენ, ამან სულ გადამრია! უეფას პრინციპი არის მეტოქის მიმართ პატივისცემა და სოლიდარულობა. მათი საქციელი რომელ ამ პრინციპს პასუხობდა?

– ეს ხდებოდა ევროპაში და მატჩი უეფას ეგიდით ტარდებოდა…

– …და სადაც მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული უნდა ყოფილიყო. ეს ხალხი ამის გამოა დასასჯელი. ჩვენ ხომ ყველაფერზე გვიყვარს იმის თქმა, რომ ქართველები ყველაზე ჩამორჩენილები და “ბანძები” ვართ. მაგრამ მითხარით – საქართველოში 20 წლის უცხოელს ორმა კაცმა იდაყვი რომ მიარტყას და მესამემ ფეხი დაუდოს, რას უზამენ? გაუტარებენ? სლოვაკებმა მეტი კი არაფერი გააკეთეს. ან უცხოელების მიმართ ჩვენს სტადიონზე მსგავსი საქციელი თავში აზრად ვის მოუვა? ადამიანი ვარ, ქვა კი არა და გადამრიეს. ასეთი საქციელი რიგით გულშემატკივარს არ ეპატიება, არათუ მასპინძელი გუნდის მწვრთნელს. ისე მოვიქეცი, როგორც მოვიქეცი. თორემ რამდენი წელია ფეხბურთში ვარ და ჩემგან ვინმეს მსგავსი საქციელი ახსენდება? ყველასთან მეგობრული და კეთილგანწყობილი ვარ. სხვათა შორის, ნიტრას სტადიონს ჰქვია – “პოდ ზობორომ” და პირდაპირ ვიტყვი – მასპინძელთა გუნდის წევრები ამ სახელის შესაფერისად მოიქცნენ…

საიდან მოიტანეთ, რომ მსაჯს შევაფურთხე?!

– თამაშის შემდეგ სლოვაკები შესარიგებლად არ მოვიდნენ?

– რა შესარიგებლად?! კაციშვილი არ მოსულა. თამაშის შემდეგ მსაჯებთან მე მივედი და მოვუბოდიშე. მაგრამ ვუთხარი, რომ ასე ანგარიშის გამო კი არ ავღელდი, არამედ იმიტომ, რომ 20 წლის ახალგაზრდას მასპინძელი სხვაგვარად უნდა ექცეოდეს და ამის გამო გავმწარდი.

– ფაქტია, რომ მომხდარზე უეფასგან მკაცრი სასჯელის მოლოდინში ვართ…

– სასჯელი მეკუთვნის და ველოდები კიდეც ამ სასჯელს! მაგრამ იცით, რა მიკვირს? ჩვენ ხომ ყველაფერი ჩვენიანს უნდა დავაბრალოთ! მაგრამ რატომ არავინ კითხულობს, რატომ გააძევეს სლოვაკების მეკარეების მწვრთნელი? ამის ნაცვლად აქ ისიც კი თქვეს, რომ, თურმე, მე მსაჯს შევაფურთხე.

– რეპორტაჟის დროს სწორედ ასე ჩანდა…

– არა, რა შევაფურთხე! ეს კადრი მატჩის შემდეგ მეც ვნახე, მაგრამ იმ მომენტში მეოთხე მსაჯს ვერც ვხედავდი. გამწარებულმა გვერდზე გადავაფურთხე, მსაჯი რა შუაშია?! მწვრთნელი სტადიონზე რომ იფურთხება და მეოთხე მსაჯი ჩაურბენს, ეს მისი მისამართით შეფურთხებად ჩაითვლება? ყველაზე დიდი ფარისევლობა ის არის, რაც მათმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა – შორს ვიყავი და ვერ დავინახეო. უცხო ქვეყანაში ქართველს შუა რეპორტაჟის დროს ხელს რომ ურტყამენ, ამაზე ჩვენ სხვაგვარი რეაქცია უნდა გქვონდეს და მსგავსი თავნებობა არავის არ უნდა შევარჩინოთ! რაც მოხდა მათი მხრიდან, ჩვეულებრივი დანაშაულია.

თვალწინ შვილს რომ გიცემენ, პოლიციაში გაიქცევი თუ თავად დაიცავ?

– ამ ბოლო ორმა მატჩმა ნათლად აჩვენა, რომ გუნდს დისციპლინა აკლია…

– სწორად შენიშნეთ, ამ კუთხით მართლაც ბევრია სამუშაო. სხვათა შორის, ჩვენი და მათი ახალგაზრდები ერთმანეთისგან ფიზიკურადაც განსხვავდებიან – ისინი უფრო დაკაცებულები არიან, ჩვენები კი უფრო – ბავშვურები. ეს ყველაფერში იგრძნობოდა.

– ამ “აფეთქების” საფუძველი საფრანგეთთან მსაჯისგან წართმეული ქულა და ციკლის განმავლობაში დაგროვილი წყენა ხომ არ გახდა?

– არა, ეს გამორიცხეთ! ცხოვრებაში ბოღმიანი არ ვყოფილვარ და წარსულის ამბებს არასოდეს ვიხსენებ. მაგრამ მე თუ ცუდად მომექცევიან, მაპატიეთ და, ია-ვარდებს ვერავის დავუფენ. ვირივით მოგვექცნენ და პასუხიც მიიღეს.

– მაგრამ ამით ისევ თქვენ და გუნდი დაზარალდებით…

– მესმის, მეტი თავშეკავება იყო საჭირო, მაგრამ არის მომენტები, როცა სასჯელი გელის, მაგრამ ვალდებული ხარ, უსაქციელობის ჩამდენს პასუხი გასცე. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთში ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ, ეს ფეხბურთელები ჩემთვის შვილებივით არიან და მსგავსი რაღაც ვერავინ უნდა გაუბედოს. გაუბედეს და პასუხიც მიიღეს! თვალწინ შენს შვილს რომ სცემენ, პოლიციას დაურეკავ და მის მოსვლას დაელოდები თუ თავად დაიცავ?

– მომხდარზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ხომ არ გილაპარაკიათ?

– ალბათ, უახლოეს პერიოდში დავილაპარაკებთ.

– უეფასგან რა სასჯელს ელით?

– ამას უეფა გვეტყვის, მაგრამ საწყენი ის არის, რომ სასჯელს უახლოესი მატჩებისთვის მივიღებთ და წინ კი, ახალგაზრდული ნაკრების გადამწყვეტი თამაშები გველის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს.

– შემდეგი მატჩი იმავე სლოვაკეთთან თბილისში გვაქვს. სტადიონზე სპეცრაზმის შეყვანა ხომ არ გახდება საჭირო?

– ნამდვილად არ გახდება საჭირო, რადგან ჩვენ სტუმარს ხელის კვრას არ ვაკადრებთ. სხვათა შორის, თამაშის შემდეგ ჩემთან სლოვაკი გულშემატკივრები მოვიდნენ და ავტოგრაფები ჩამომართვეს – ეტყობა, მათ მომხდარი კარგად დაინახეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სლოვაკებს მეორე შეხვედრას აუცილებლად მოვუგებთ – ეს გუნდი უფრო ძლიერი მეგონა. ნიტრაში მათ კი არ მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ!..

მსაჯიანად უნდა მოვუგოთ

– საფრანგეთთან მატჩი გავიხსენოთ. ბოლო წუთზე ჩვენს კარში დადებული საეჭვო პენალტით წავაგეთ, პლუს, ფრანგების მცველის მიერ ხელით თამაშზე არბიტრმა თვალები “დახუჭა”…

– საერთოდ, მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს და ახლაც მოვერიდები. მიმაჩნია, რომ მეტოქეს თამაში  მსაჯებიანად უნდა მოუგო.

– ფრანგებთან მოგება ისედაც ჭირს და მსაჯი თუ დაეხმარება, მით უფრო გაგვიჭირდება…

– საერთოდ, ნაკრებში თავიდანვე შევეცადე ისეთი განწყობის შექმნას, რომ ნებისმიერ მეტოქესთან უნდა მოვიგოთ. ერთი შეხედვით, საფრანგეთის ნაკრებთან შანსი არ უნდა გვქონოდა. მარტო ერთი “ლევერკუზენის” თავდამსხმელი მუსა დიაბი 15 მლიონი ევრო ღირს – უფრო მეტი, ვიდრე ჩვენი მთელი ნაკრები, მაგრამ ილია ბერიაშვილი ისე მაგრად დაუდგა, მინიმუმ “მანჩესტერში” თამაშს იმსახურებს. ის რომ ფრანგების პირობებში გაზარდო, მართლა დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მომავალი ექნება. იმავეს ვიტყვი აბსოლუტურად ყველა მოთამაშეზე. მაგრამ ილია იმიტომ გამოვარჩიე, რომ საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და მეტს იმსახურებს.

– უცნაური სანახავი იყო საფრანგეთის ნაკრები, რომელიც 2:2-ზე აშკარად დაბნეული გამოიყურებოდა…

– თუ აკვირდებოდით, ბოლოსკენ ბურთს აუტზე იგერიებდნენ, მე-6 დამატებულ წუთზე დროის გასაყვანად მოთამაშეც შეცვალეს… თამაშამდე ამას ვინმე წარმოიდგენდა? ჩვენ ბიჭებს ბრძოლისუნარიანობა რომ არ ამოევლინათ და 0:2-ზე ხელები ჩაექნიათ, ხომ ყველა იტყოდა, რომ ამ გუნდისგან არაფერი გამოვიდოდა?! ამიტომ, აუცილებელია გუნდში განწყობის შექმნა, ბრძოლა კი ყველასთან შეიძლება. “ვაიმე რა მეშველება” და “ისინი მაგარ პირობებში იზრდებიან” – ამაზე წუწუნით ამ სხვაობას ვერ შევამცირებთ. უნდა ვიომოთ, ვიბრძოლოთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

მაგრამ იდიოტიზმი იქნება იმის თქმა, რომ საფრანგეთთან მინიმალური წაგებით კმაყოფილი დავრჩი. მოგებით უნდა გაიხარო და ამას უნდა ეცადო, რადგან საქართველო ჩვენგან სიხარულს ელის და ხალხი ამას იმსახურებს. ყოველი დღე იმისაა, რომ იბრძოლო და ამით კი არ უნდა დავიღალოთ, ეს ჩვევად უნდა გვექცეს და ადრე თუ გვიან წარმატებას მივაღწევთ.

წყარო: lelo.ge

SHARE