გიორგი ნემსაძე: ის, ჩვენი ფეხბურთის მომავალია

522

ამას ბევრი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა: ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლიგას გორის “დილა” ლიდერობს – გუნდი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე წვრთნის…

ნემსაძე გასული სეზონის მიმდინარეობისას მივიდა გორულ კლუბში. “დილამ” მისი ხელმძღვანელობით დამაჯერებლად შეინარჩუნა ადგილი ეროვნულ ლიგაში, მიმდინარე სეზონში კი გორელებს სულ სხვა მიზნები აქვთ…

– ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ დროისთვის გორის “დილა” ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებოდა

– ეს შედეგი სპონტანურად ნამდვილად არ მოსულა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი დიდი შრომის შედეგი. და მაინც, მიმაჩნია, რომ რეალობას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავცდეთ და ზედმეტ თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იცის, რომ ჯერ არაფერი არ არის გაკეთებული საბოლოო შედეგის თვალსაზრისით. თუ გადავხედავთ ჩვენს კალენდარს, მართლაც, მთავარი ბრძოლები წინაა. პირველი წრის დასრულებამდე უნდა ვეთამაშოთ თბილისის “დინამოს”, ბათუმის “დინამოს”, “საბურთალოს” და “ლოკომოტივს”. ალბათ, ამის შემდეგ უფრო უპრიანი იქნება შეფასების გაკეთება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი – არ ვუკარგავ ფეხბურთელებს იმას, რაც მათ გააკეთეს. ფაქტია ისიც, რომ წინ უაღრესად დაძაბული ეროვნული ჩემპიონატი გველის. თავადაც ხედავთ, ყველა მატჩში დიდი ბრძოლაა. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდეა საჭირო მობილიზება.

– რა არის გუნდის მიზანი? ცხადი იყო, რომ გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შემდეგ მეტი ამბიცია გექნებოდათ

– ჩვენი მიზანია ხუთეულში შესვლა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროპალიგის საგზურის მოპოვება. გუნდმა უნდა ითამაშოს ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი და ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს ნებისმიერი მეტოქისთვის. ჩვენ სწორედ მეტოქეების მიხედვით ვაგებთ სათამაშო მონახაზს. “დილა” ყველა შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია.

– გამოდის, რომ ტაქტიკას მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით აგებთ

– რა თქმა უნდა, ასეა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, “დილა” არ არის გუნდი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ტაქტიკური სქემა. თუ დააკვირდებით, ჩვენი ტაქტიკა ხშირად იცვლება და ეს შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. ზოგადად, დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის საკმარისი ის, რომ გქონდეს ერთი ტაქტიკური სქემა და მორჩა.

– რა დროს უთმობთ მეტოქეების შესწავლას?

– ცხადია, ეს არის ჩვენი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი. ვერ ვიტყვი, რომ თამაშამდე ყველა მოწინააღმდეგის მატჩზე დავდივართ, მაგრამ ინფორმაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, ვაანალიზებთ ამ ინფორმაციას და გამოგვაქვს შესაბამისი დასკვნები.

– ევროპაში არაერთი წელი გაატარეთ. საინტერესოა, იქ როგორ დგას ეს საკითხი?

– გეტყვით, როგორც არის. საშინაო ჩემპიონატის მატჩებში მაინცდამაინც არ არის მიღებული ხალხის გაგზავნა, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. ევროპაში ნებისმიერი ჩემპიონატი, ძალიან დიდი დოზით, ამომწურავად შუქდება ტელევიზიისა და პრესის საშუალებით. საერთაშორისო თამაშებში კი საქმე სხვანაირადაა. როცა “გრასჰოპერსში” ვიყავი და ვთამაშობდით ევროთასებზე, კლუბის ხელმძღვანელობა ადრევე მიავლენდა ხოლმე იქ თავის წარმომადგენელს. რომ ჩავდიოდით სათამაშოდ, იქ გვხვდებოდა ინფორმაცია, რომელსაც აწვდიდნენ სამწვრთნელო შტაბს. მერე მწვრთნელი ამ ინფორმაციას გაარჩევდა და გველაპარაკებოდა მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. საქართველოში ყველა ყველას კარგად იცნობს – ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსაც…

– ცალკე უნდა გკითხოთ მიკოლა კოვტალიუკზე. უკრაინელი ფორვარდის დადებითი მხარეების თაობაზე ადრეც ვიცოდით, მაგრამ თქვენი ხელმძღვანელობით ის სულ სხვანაირად, გაცილებით შედეგიანად ათამაშდა

– გოლი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არ უნდა ზედმეტი მტკიცება – თუ გოლი ვერ გაიტანე, თამაშს ისე ვერ მოიგებ! რა თქმა უნდა, კოვტალიუკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. მაგალითად, დღეს კარგი მაჩვენებელია, როცა, დავუშვათ, 5 მომენტიდან სამს იყენებს ფეხბურთელი. და მაინც, თუ ჩვენ პროფესიონალურად შევხედავთ, დავინახავთ, რომ გოლის მომზადებას ძალიან დიდი სამუშაო უძღვის წინ. ასე რომ, როცა გოლი გადის, ის არ არის ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დამსახურება, ეს ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა.

– ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურება საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, საყრდენი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე. მისასალმებელია, რომ ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, თამამად ანდობთ მას ადგილს ძირითად შემადგენლობაში

– სიმართლე გითხრათ, ბევრს ვმუშაობთ ამ ფეხბურთელთან. რისი სწავლა სჭირდება გაგნიძეს ყველაზე მეტად? მე თუ მკითხავთ, ის მინდორზე უფრო “თავხედი” ფეხბურთელი უნდა გახდეს. უაღრესად წესიერი ბიჭია, ძალიან კარგი აღზრდილი და რომელ მწვრთნელს არ ესიამოვნება ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა? უბრალოდ, ის ზედმეტად ზრდილობიან ფეხბურთს თამაშობს, არადა, მეტი აგრესიაა საჭირო. შესანიშნავი ფეხბურთელია, ასეც ვიტყოდი – ჩვენი ფეხბურთის მომავალია!.. მჯერა, გაგვახარებს ყველას.

– როგორ ფიქრობთ, ხომ არ გაუჭირდება გურამ გიორბელიძეს “ვოლფსბერგერში”? ფაქტია, თქვენი ხელმძღვანელობით მანაც ძალიან მოუმატა. კითხვას კი იქედან გამომდინარე ვსვამთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს ჩემპიონატები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება

– არანაირად არ გაუჭირდება. ამაში მე ბოლომდე ვარ დარწმუნებული. პირიქით, მისი სათამაშო თვისებებიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, გურამი კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს ავსტრიის ჩემპიონატში. მას აქვს ძალიან კარგი საფეხბურთო თვისებები, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. უბრალოდ, ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე ნიუანსს. პირველ რიგში იმას, რომ როცა ჩავა ავსტრიაში, არ იყოს სტუმარივით და მალევე შეეჩვიოს ყველაფერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე აუცილებლად დაველაპარაკები, სანამ ავსტრიაში წავა… რაც შეეხება საფეხბურთო მახასიათებლებს, გურამი მზად არის ევროპაში, თუნდაც ავსტრიაში სათამაშოთ. არის რაღაც დასახვეწი, რომელზეც ჩვენც ხშირად ვმუშაობთ და მისთვის ეს პრობლემა არ იქნება. ვგულისხმობ, მაგალითად, პირველი და მეორე ზონიდან პასით ამოსვლის აუცილებლობას და ასე შემდეგ…

– გიორბელიძის წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება

– მართლაც რომ დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ ფეხბურთელის წინსვლას ვერანაირად ვერ შევაფერხებთ. მე ვერ ვეტყვი ფეხბურთელს, რომლის კარიერაც ხანმოკლეა, უარი თქვას ასეთ შეთავაზებაზე. ეს არ იქნება მართებული. ჩვენ კი ისე უნდა წარვმართოთ სამუშაო პროცესი, რომ გუნდს ნაკლებად შეეტყოს ეს დანაკლისი.

წყარო: lelo.ge

SHARE