გიორგი ჭიაბრიშვილი: ფსიქოლოგიურად, ხორვატებზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ…

353

“საბურთალო” ხორვატიაშია. საქართველოს ჩემპიონი ზაგრებში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა და დღეს, 30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება…

როგორც ვწერდით, საქართველოს ჩემპიონს ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია დაემატა. თუმცა დანაკლისიც ძალიან დიდია – სხვადასხვა მიზეზით ვერ ითამაშებენ ვაგნერ გონსალვე, ლაშა შინდაგორიძე, ელვინ ტერა და გიორგი კოხრეიძე.

ქართულმა გუნდმა ზაგრების “მაქსიმირზე” გუშინ საღამოს ივარჯიშა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილმა 30 ივლისის მატჩზე კომენტარი გააკეთა. “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემების მიუხედავად, გუნდი საპასუხო დაპირისპირებას წარმატებით ჩაატარებს.

“თბილისში 0:2 დავთმეთ და აქედან გამომდინარე, საპასუხო თამაში რთული იქნება. მაგრამ ფეხბურთელები კარგ განწობაზე არიან. ზაგრებში შემართებით ჩამოვედით და დიდი იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ”, – ამბობს ჭიაბრიშვილი.

პრესკონფერენციისას მან დანაკლისზეც ილაპარაკა: “სამწუხაროდ, ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები გვყავს – კოხრეიძე, შინდაგორიძე, ვაგნერი, ტერა. ეს ოთხეული ჩვენთვის დიდი ძალაა. მაგრამ ვეცდებით, ეს პრობლემები ყველანაირად დავძლიოთ. დანარჩენს თამაში გვიჩვენებს”.

“საბურთალოს” მწვრთნელის თქმით, გუნდი ყველა მატჩში მოსაგებად თამაშობს და სამშაბათსაც ამ განწყობით ითამაშებს: “გუნდი საბრძოლველად მზადაა. ვიცით, როგორ მეტოქეს ვეთამაშებით და აქედან გამომდინარე, ისიც ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება. მაგრამ “საბურთალო” ყველა მატჩის მოსაგებად ემზადება და, რა თქმა უნდა, მოედანზე ამჯერადაც ამ განწყობით გავალთ”.

ჭიაბრიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია: “მართალია, თბილისში 0:2 დავმარცხდით, მაგრამ ფსიქოლოგიურად ჩვენი მდგომარეობა უკეთესია ერთი მარტივი მიზეზის გამო – “საბურთალოს”  დასაკარგი აღარაფერი აქვს. ჩვენ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ. თუ შევძელით და მოვიგეთ, ეს გმირობის ტოლფასი იქნება, თუ არა და, განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ზუსტად ანალოგიური იყო “შერიფთან”, რომელსაც გასვლაზე 3:0 მოვუგეთ. მეტოქეს თბილისში დასაკარგი არაფერი ჰქონდა – ითამაშა, შემოგვიტია და ამით ძალიან დიდი უპირატესობა მიიღო… ზაგრების “დინამოსთან” ჩვენც წნეხის გარეშე ვითამაშებთ. თუ რა გამოვა, ამას ერთად ვნახავთ”.

რა იყო მთავარი შეცდომა, რაც “საბურთალოს” ფეხბურთელებმა დაუშვეს და თქვენ გაგეპარათ? – ჭიაბრიშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “შეცდომები რომ დავუშვით, ეს ზაგრების “დინამოს” დამსახურებაა. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ მეორე ნახევარში იყო მონაკვეთი, როცა მეტოქემ თამაშის გარდატეხა შეძლო და ამისთვის მოწინააღმდეგე მაშინაც შევაქე”.

გეგა დიასამიძე: ცარიელი ტრიბუნები საქართველოშიც მოგვბეზრდა…

“საბურთალოს” მწვრთნელს პრესკონფერენციაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გეგა დიასამიძეახლდა. მან ზაგრებელებთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა და ყურადღება შეაჩერა იმ ფაქტზე, რომ მატჩი ცარიელი ტრიბენების წინ გაიმართება.

“პირველ მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, რთული თამაში გველის. მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვართ. რაც შეეხება იმას, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებთ, რა გითხრათ… მირჩევნია, სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშო, ცარიელ ტრიბუნებს ისედაც მიჩვეულები ვართ, საქართველოშიც მოგვბეზრდა… მაგრამ ძნელი სათქმელია, ეს ფაქტორი რამდენად დაგვეხმარება”, – განაცხადა დიასამიძემ.

წყარო: lelo.ge

SHARE