გოჩა ჯამარაული: …ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც ფეხბურთი უთამაშია

365

დიდი ხანია, გოჩა ჯამარაულთან არ გვილაპარაკია. ან კი როდის იყო ბოლოს ის რომელიმე სხვა გაზეთის თუ ელექტრონული მედიის რესპონდენტი, ვერც ვიხსენებთ.

დარწმუნებულები ვართ, მკითხველს მასთან შეხვედრა მოენატრა, ისევე, როგორც მოენატრა მისი დიდებული ფეხბურთი, დახვეწილი მოძრაობა ბურთით, გემრიელი პასი თუ სხვა…

90-იანი წლების ქართული ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი, ვისაც თავისი არაორდინარული თამაშით სტადიონზე მიჰყავდა ხალხი, დღესაც ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის იღწვის…

“ლელო” ჯამარაულს დაუკავშირდა. ჯერ მიმდინარე ევროთასებზე ვილაპარაკეთ, მერე კი სხვა თემებსაც გადავწვდით. ვფიქრობთ, უინტერესო ინტერვიუ არ უნდა იყოს…

– თავდაპირველად, ევროთასებზე ვილაპარაკოთ. ნახავდით “საბურთალოსა” და “შერიფის” თბილისურ მატჩსაც, რომლის დასაწყისმა ყველა შოკში ჩაგვაგდო…

– რა თქმა უნდა, ტირასპოლში 3:0-ის შემდეგ, მოლოდინი მეტი იყო, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ. ეს ფეხბურთია, სადაც მთავარი არის ტაბლო, ტაბლოზე კი საქართველოს ჩემპიონის გამარჯვება დაფიქსირდა. მინდა, მივულოცო “საბურთალოს”, ყველა მის გულშემატკივარს და საერთოდ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს!

– რა თქმა უნდა, თბილისური შეხვედრის მსვლელობისას ყველამ ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ორმატჩიანი დუელის შედეგი მისაღებია, თუმცა წყვილში უპირობო ფავორიტად “შერიფი” ითვლებოდა…

– გამოცდილება ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს ეს გამოცდილება ევროთასებზეც. “საბურთალო” პირველად თამაშობს ევროტურნირში. ეს მაშინ, როცა “შერიფს” არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია ჩემპიონთა ლიგაზე და უთამაშია ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც.

მე სწორედ გამოცდილებას, უფრო სწორად – გამოუცდელობას ვუკავშირებ იმას, რაც სამშაბათს თბილისური მატჩის დასაწყისში მოხდა. ასეთ დროს ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც ფეხბურთი უთამაშია. არადა, ფაქტია – “საბურთალომ” ეს შეძლო და ამისთვის მადლობა ეკუთვნით მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. მოკრივეთა ენაზე რომ ვთქვათ, “საბურთალო” ნოკაუტიდან გამოძვრა. ყველა როდი შეძლებდა ამას…

– ევროთასებზე კიდევ ითამაშებენ ქართული კლუბები. როგორია თქვენი მოლოდინი?

– რა თქმა უნდა, მოლოდინი ოპტიმისტურია. მით უმეტეს, ამის საშუალებას იძლევა პირველ შეხვედრებში დაფიქსირებული შედეგები.

– როგორ იქნება, საქართველოს ნაკრებზეც არ გკითხოთ. დავიწყოთ ერთა ლიგით…

– რა თქმა უნდა, ჩვენი მოწინააღმდეგეები არ იყვნენ გრანდები, მაგრამ ყველა გამარჯვება ძალიან სასიხარულო და დასაფასებელია. ჩვენ აშკარად დავიმსახურეთ ჯგუფის მოგება და ორ ნაბიჯში ვართ ევროპის ჩემპიონატთან. დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გასვლას.

– რას იტყოდით ჩვენს უახლოეს მეტოქე ბელარუსის ნაკრებზე?

– ამ წყვილში გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. ჩვენი უპირატესობა მაინც საშინაო კედლებია. ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. მთავარია, ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს.

– ერთა ლიგის მოგებას მოჰყვა სუსტი სტარტი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

– ალბათ, რამდენიმე მიზეზი უნდა დასახელდეს. შესაძლოა, შინაგანად ვიღაც ოდნავ მოდუნდა, რადგან ერთა ლიგაზე ორი მეტოქეა დასამარცხებელი და გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე… გარდა ამისა, ფაქტია ისიც, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან გვაქვს საქმე, ვიდრე გვქონდა ერთა ლიგის ჯგუფში. კიდევ ერთი მიზეზი მგონია ის, რომ არაერთი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, მათ შორის, ნაკრების ლიდერებიც… წამყვანი ფეხბურთელების შეცვლა გაცილებით მაღალი დონის ნაკრებებსაც უჭირთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გადამწყვეტი შეხვედრებისთვის ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ.

– როგორც რიგით გულშემატკივარს, უნდა გთხოვოთ ვლადიმირ ვაისის მუშაობის შეფასება…

– ერთ რამეს ვერ გავექცევით: მან დიდი სამუშაო გასწია. ყველა მწვრთნელი ფასდება შედეგით. ვლადიმირ ვაისის მუშაობას ათბალიანი სისტემით მაშინ შევაფასებდი, თუ ჩვენი გუნდი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. დამეთანხმებით, ეს დიდი წარმატება იქნება და ამის ძალიან რეალური შანსიც არის.

– ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ…

– თანდათან პროგრესი ჩანს. ხელის ერთი მოსმით არაფერი კეთდება, გარკვეული დრო სჭირდება ყველაფერს. მე აღმასკომის წევრი ვარ და ვიცი, რამდენს მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით. თუნდაც ის რად ღირს, რომ ამდენი სტადიონი შენდება და რემონტდება საქართველოში, ზოგან დასრულდა სამუშაოები… ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მერწმუნეთ, ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ინფრასტრუქტურა, კარგ სტადიონზე თამაში…

წყარო: lelo.ge

SHARE