დავით კაჭარავა: წინა წლებში დიდ იმედს ვამყარებდით მორკინალებზე, ახლა…

360

იაპონიაში 2019 წლის სარაგბო მსოფლიოს თასი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ნაკრები D პულში პირველ მატჩს 23 სექტემბერს გამართავს უელსელთა წინააღმდეგ. მანამდე კი, გუშინ, მილტონ ჰეიგის ნაკრებმა ქალაქ ნაგოიაში ღია ვარჯიში გამართა.

მართალია, ჩვენი გუნდის ვარჯიშს ისეთი ინტერესი არ გამოუწვევია, როგორიც უელსის ნაკრებისას, რომლის ვარჯიშზეც სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე შეივსო, თუმცა გარკვეული ინტერესი ამ ღონისძიებასაც ჰქონდა.
“ბორჯღალოსანთა” დაცვის მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა დავით კაჭარავასთან და გურამ გოგიჩაშვილთან ერთად, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: “მოცემული მომენტისთვის მერაბ შარიქაძის ტრავმაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. მას აქვს მცირედი პრობლემები და ჯერჯერობით ექიმებისგან პასუხი არ მიგვიღია. სწორედ მათ უნდა გვითხრან – შეძლებს თუ ვერა შარიქაძე უელსის წინააღმდეგ თამაშს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მათ პასუხს დაველოდოთ.

უელსი უმაღლესი დონის გუნდია. ყველა მისი მოთამაშე პროფესიონალია და არ ვფიქრობ, რომ მათთვის რომელიმე მორაგბის გამოკლება ცუდი თამაშის წინაპირობა გახდება. ჰოუვლი შესანიშნავი მწვრთნელია, მე მას პირადად ვიცნობ. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და ასეთი მწვრთნელის დაკარგვა იოლი საქმე არაა. უელსელებისთვის ეს ცუდია, მათზე წნეხი გაიზარდა, თუმცა ვიმეორებ – ისინი პროფესიონალები არიან”.

დავით კაჭარავა: “ჩვენი უკანა ხაზის მოთამაშეები საგრძნობლად შეიცვალნენ. წინა წლებში დიდ იმედს ვამყარებდით მორკინალებზე, თუმცა ყველა მსოფლიო თასზე ვცდილობდით შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგან სხვა შემთხვევაში ქართული რაგბი არ შეიცვლება და პროგრესი ვერ გაგრძელდება. ვფიქრობ, 2007 წლის შემდეგ, ჩვენი ხაზი ყოველ მსოფლიო თასზე უკეთესი იყო და განვითარება გრძელდება”.

გურამ გოგიჩაშვილი: “რა თქმა უნდა, ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ იყოს მსოფლიოში საუკეთესო და ეს ჩემი ოცნებაცაა. ამის გამო არანაირ წნეხს არ განვიცდი. ეს დამატებითი მოტივაციაა და ყველა ვარჯიშზე საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო.

ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველო ფორვარდებით განთქმულია და ჩემთვის უდიდესი პატივია ამ შერკინების ნაწილად ყოფნა. მატჩის წინ გამოცდილი მორაგბეები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, რაც ძალიან გვეხმარება”.

წყარო: lelo.ge

SHARE