დღეს ანდრეი შევჩენკო მილანში იქნება…

375

“მილანის” ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკოს შესაძლო დანიშვნის თაობაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება, პირიქით, უფრო ძლიერდება. ცნობილია, რომ “როსონერის” ლეგენდა დღესდღეობით უკრაინის ნაკრების თავკაცია და საკმაოდ წარმატებულიც.

ამდენად, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან მას ჯერაც ვალდებულებები აკავშირებს და ნაკლებად მოსალოდნელია, შუა შესარჩევ ციკლში მიატოვოს გუნდი. თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს, 1 ოქტომბერს, “შევა” მილანში იქნება, სიტუაციას კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის.

რა უნდა შევჩენკოს მილანში? თან ასეთ დროს, როცა მარკო ჯამპაოლოს, “მილანის” ამჟამინდელ მწვრთნელს, წყალი აქვს შეყენებული. ოფიციალური ვერსია ასეთია – ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ატალანტა” “სან სიროზე” ეთამაშება (ბერგამოს სტადიონს ამ დონის მატჩის მასპინძლობის უფლება არ აქვს) დონეცკის “შახტარს”, რომლის ზოგიერთი ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებში შევჩენკოს შეგირდია და მოახლოებული შესარჩევების წინ მწვრთნელს მათზე დაკვირვება სურს.

რა თქმა უნდა, მყარი არგუმენტია, მაგრამ ხალხი ასეთ რამეებს არ იჯერებს, ამიტომ, უფრო იმის სჯერათ, რომ შევჩენკო მილანში თავის მეგობართან და “როსონერის” ერთ-ერთ ბოსთან, პაოლო მალდინისთან შესახვედრად და სიტუაციის გასაცნობად ჩადის.

ვნახოთ, ესეც მალე გაირკვევა…

წყარო: lelo.ge

SHARE