დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდი ითამაშებს – ისტორიული მატჩი საბურთალოსთვის

396

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდება.

ამ გუნდისთვის ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან “საბურთალო” ევროტურნირებზე პირველად იასპარეზებს.

ბოლო პერიოდში, “საბურთალოს” ეროვნულ ლიგაში არც თუ ისე კარგი შედეგები აქვს და უკვე ზედიზედ სამი მატჩია არ მოუგია.

თუმცა ეს შესაძლოა იმითაცაა განპირობებული, რომ გუნდი ევროტურნირებზე ნაადრევად გადაერთო.

GOAL.GE ტირასპოლშია და მატჩზე ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. ჩვენი ინფორმაციით, ტირასპოლის 14 ათასიან სტადიონზე დაახლოებით 5500 ბილეთია გაყიდული.

“საბურთალოს” დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო ორი ფეხბურთელი – ელვინ ტერა და ინტერს გი დააკლდება. გუნდთან ერთად არაა ლევან ყენიაც, რომელიც კლუბს შემდეგი მატჩებიდან შეურთდება.

ევროტურნირების წინ, “საბურთალომ” ყენიას გარდა, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გაბედავა და ლაზარე კუპატაძე დაიმატა. ჭიაბრიშვილის თქმით, ეს უკანასკნელი ხვალ არ ითამაშებს და კარს ომარ მიგინეიშვილი დაიცავს.

“ამ ისტორიულ დღეს დიდი ხანი ველოდით. ყველას გათავისებული აქვს, თუ რა მნიშვნელობის მატჩია ეს და მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. შერიფთან ჩვენს თამაშზე უარს არ ვიტყვით, მეორე საკითხია, რამდენად შევძლებთ ამას, რადგან მეტოქე ძლიერია. სტუმრად ფრე კარგი შედეგი იქნება. ეს საბურთალოს პირველი თამაშია ევროტურნირებზე და აქედან გამომდინარე, ფრე სტუმრად მისაღებია”, – განაცხადა თბილისელთა თავკაცმა.

“შერიფის” მთავარმა მწვრთნელმა კი “საბურთალო” შეაქო და განაცხადა, რომ მათ ბევრი პასი და დაცვაში ორგანიზებული თამაში იციან.

“საბურთალო საქართველოს ჩემპიონია. ისინი რაც შეიძლება მეტ პასზე არიან ორიენტირებული და დაცვაში ორგანიზებულად თამაშობენ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ კი შინ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან შემდეგ სტუმრად უფრო რთული მატჩი გველის”, – ზორან ზეკიჩი.

შერიფი – საბურთალო

ადგილი: ტირასპოლი, “შერიფ სტედიუმი”

დრო: 
10 ივლისი, 21:00 (თბილისის დროით)

მთავარი მსაჯი: ივან გრიფიტი (უელსი)

საბურთალოს სავარაუდო შემადგენლობა

მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, რეხვიასვილი, ლაკვეხელიანი – კაკუბავა, ალთუნაშვილი, შინდაგორიძე, დიასამიძე, ვაგნერი – გაბედავა.

წყარო: goal.ge
SHARE