ევროტურნირებზე მიღწეული წარმატების მიზეზი

306

“საბურთალო” პირველად თამაშობს ევროთასებზე. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ტირასპოლის “შერიფის” ბარიერი გადალახა და პირველ შეხვედრაში შინ 0:2 წააგო ზაგრების “დინამოსთან”. საქართველოს ჩემპიონის ევროოდისეა გრძელდება და ის გაგრძელდება ზაგრებში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად.

მთავარი ესაა და კიდევ ის, თუ რა დაგვანახვა ძალიან ძლიერ ხორვატულ კლუბთან შეხვედრამ, რომელიც დასტურ არ არის ევროპული ფეხბურთის გრანდი, მაგრამ ხშირად, თუნდაც გასულ სეზონში, გაუმწარებია მასზე უფრო ტიტულოვანი და ძლიერი გუნდები…

მართალია, საქართველოს ჩემპიონი ისევ თამაშობს ევროთასებზე და ძალიან გვინდა, რომ ის ამ საფიხვნოს, რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში შემორჩეს, მაგრამ პირველი დასკვნების გამოტანის დრო და საშუალება უკვე არის. მაშ ასე, რას ვფიქრობთ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის თამაშზე…
ფაქტია, რაც უნდა მოხდეს მომავალში, “საბურთალომ” დაგვანახვა, რომ ის მზად შეხვდა ევროთასებს. კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი და ამან შედეგი გამოიღო.

იმასაც ვიმედოვნებთ, რომ თუნდაც ევროპალიგაზე გადანაცვლების შემთხვევაში “საბურთალოს” შესწევს იმის ძალა და უნარი, რომ აჯობოს სომხეთის ჩემპიონ “არარატ-არმენიას” და ამის შემდეგ ბოლომდე იბრძოლოს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

ზოგადად, “საბურთალოში” პროცესებს არ აჩქარებენ და ეს ძალიან კარგია. ღმერთმა ნუ ქნას და, ვთქვათ, თუ გუნდი ვერ მოხვდა ჯგუფში, ეს ტრაგედიად ნამდვილად არ აღიქმება. ისევ გაგრძელდება მუშაობა კლუბის უკეთესი მომავლისთვის და ეს ძალიან კარგია.

ცხადია, ჩვენ ვერაფრით ვიქნებით კმაყოფილი წაგებით. არც კლუბის ხელმძღვანელობა და არც მთავარი მწვრთნელი არ არიან მომხრენი იმისა, რომ მათთან დაკავშირებით გამოვიყენოთ გამოთქმა “ღირსეული წაგება”. ამას არც გავაკეთებთ.

ფაქტი ისაა, რომ მარცხის მიუხედავად “საბურთალოს” მიმართ არ ყოფილა ის დამოკიდებულება, რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე ქართულ კლუბებთან დაკავშირებით და ამას აქვს თავისი მიზეზი.

საქმე ისაა, რომ ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ნამდვილი ფეხბურთი ითამაშა – ფეხბურთი, რომელსაც აქვს მომავალი და თუ რაღაც არ გამოვიდა დღეს, გამოვა ხვალ. საქართველოს ჩემპიონისგან აპრიორი ვერ მოვითხოვთ ხორვატული გრანდის დამარცხებას. ეს გუნდი ევროთასებს წლების განმავლობაში არ აცდენს. გარდა ამისა, ზაგრების “დინამოში” თამაშობენ ხორვატიისა და შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები და… უაზრობა იქნება ჩვენი ჩემპიონის გაკიცხვა იმისთვის, რომ თბილისში დამარცხდა.

ახლა მთავარია, დავინახოთ, თუ რა დააკლდა “საბურთალოს”. ეს ყველაზე უკეთ ჭიაბრიშვილს ეცოდინება, ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ.

უკვე მეორე თამაშია, მატჩის კონკრეტულ მონაკვეთში “საბურთალომ” კონცენტრაცია დაკარგა და ეს მას ძვირად დაუჯდა. შესაძლოა, ეს გუნდის ფიზიკური გადაღლილობით ავხსნათ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ასეთი რამ ძალიან ხშირად ემართებათ ქართულ კლუბებს?

მეორე მთავარი მიზეზი ჩვენი მარცხისა გუნდის ფიზიკური მომზადება გვგონია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კი არის, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა ზაგრების “დინამოსთან” ტოლ-სწორად სათამაშოდ. ამის გამოსწორება შეიძლება.

და კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალი: ისე ჩანდა, რომ საქართველოს ჩემპიონმა ბოლომდე ვერ აუღო ალღო იმ მსაჯობას, რომელიც ხშირად გვხვდება ევროთასებზე. ამის გამოსწორება შეიძლება და ამას გამოცდილება მოიტანს.

ფაქტი ერთია: თამაშის ხარისხით, მისი წაყვანის უნარითა და შინაარსით “საბურთალომ” თუ არ აჯობა ზაგრების “დინამოს”, არც არაფერში ჩამორჩა და ეს უკვე მიღწევაა. რა თქმა უნდა, ევროთასებზე გამსვლელი კლუბისგან პირველივე სეზონში არ უნდა მოვითხოვოთ მთების გადადგმა, თუმცა ასეთი თამაშით “საბურთალო” ნამდვილად ღირსია, ითამაშოს თუნდაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ახლა მთავარია, კლუბის ხელმძღვანელობამ მოახერხოს გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. გასაკვირი რა არის იმაში, რომ “საბურთალოს” ლიდერების მიმართ ევროპულ კლუბებს ინტერესი ჰქონდეთ. განსაკუთრებით მიმზიდველ სატრანსფერო ლუკმად გიორგი კოხრეიძე და ვაგნერ გონსალვეში გვეჩვენებიან. ძნელი იქნება მათი შენარჩუნება, მაგრამ იქნებ, მოხერხდეს. თუ არა და, ისინი არანაკლებ ძლიერმა შემსრულებლებმა უნდა ჩაანაცვლონ.

ეს აუცილებელია, რადგან თავად “საბურთალოს” ხელმძღვანელობისგან მოგვისმენია, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ამ პროექტმა შედეგი ვადაზე ადრე მოიტანა, მაგრამ ყოველთვის არსებობს უკეთესი და შენ იმ უკეთესისთვის უნდა იბრძოლო.

ჭიაბრიშვილმა კი ერთხელაც დაამტკიცა, რომ სადღეისოდ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან შეძლო და ევროთასებზე გაიყვანა უკეთესი “საბურთალო”, ვიდრე იყო საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩებში და ეს უკვე საქმეა.

მე არ მახსენდება, ბოლო წლებში ქართული კლუბებისგან ისეთი შემტევი და, მეორე მხრივ, ისეთი დაბალანსებული ფეხბურთი ეთამაშოს ვინმეს, როგორიც ითამაშა “საბურთალომ” მოლდოვასა და თბილისში. მერე რა, რომ თბილისურ თამაშს თან შეცდომებიც ახლდა და ის შეცდომები ჩვენზე უფრო ძლიერმა მოწინააღმდეგემ სათავისოდ გამოიყენა.

“საბურთალოს” აქვს მომავალი, აქვს ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. ეს უკვე დამტკიცდა და, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დამტკიცდება თუნდაც მიმდინარე ევროთასებზე.

“საბურთალო” გეგმაზომიერად უნდა განვითარდეს. ამის საშუალება არის. კლუბის ხელმძღვანელობას ნაფიქრი უნდა ჰქონდეს ამ განვითარების გზებზე. დანარჩენი მომავლის საქმეა. ყველაზე კარგი ისაა, რომ უიმედოდ არ ვართ და გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს. ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, მცირეოდენი პროგრესიც კი გვახარებს…

წყარო: lelo.ge

SHARE