ერთა ლიგის შესაძლო გაუქმება და სხვა ევროპული ტურნირები… ამაზე დღეს უეფას ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ…

361

გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, თითქოსდა უეფა ერთა ლიგის ახალ გათამაშებას აუქმებს, დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ჯერჯერობით, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო არ ადასტურებს, რომ უეფას მსგავსი განზრახვა აქვს. თუმცა საგულისხმოა სფფ-ის საიტზე გამოქვეყნებული ეს განცხადება:

“19 აგვისტოს, უეფა-ს მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც ევროპული მმართველი ორგანოს 55 წევრი ფედერაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მთავარი თემა უეფას ეგიდით გასამართი საკლუბო და სანაკრებო მატჩები იქნება, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. ვიდეო კონფერენციაში უეფას წევრი ფედერაციების გენერალური მდივნები ჩაერთვებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორგანიზაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენს”.

ჯერჯერობით ასეა საქმე. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ერთა ლიგის გაუქმება გასაკვირი იქნება. იმის გამო, რომ 2019/20 წლების სეზონი ახლა მთავრდება, ეს აუცილებლად გამოიწვევს სექტემბერ-ოქტომბრის საერთაშორისო კალენდრის გადატვირთვას.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უეფამ ერთა ლიგა გაწიროს. თუმცა ვიმეორებთ – ეს მხოლოდ ვარაუდია და იმედია, უეფა სხვა გამოსავალს მოძებნის.

წყარო: live.ge

SHARE