ერთი მედლის ორი მხარე. მაქსიმალურად უნდა მოვეჭიდოთ ჩვენს შანსებს!..

324

საიდუმლო არავისთვისაა, რომ მარტის ბოლოს გასამართ პლეი ოფში საქართველოს ნაკრების წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ფორმაში იქნებიან ჩვენი ნაკრების ლიდერები. საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წამყვანი ფეხბურთელი ბელგიურ “გენტში” თამაშობს – გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია.

ამ დროისთვის საქმე ასეა: ჩაკვეტაძე და ქვილითაია ძალიან ცოტას თამაშობენ “გენტში” და არ შეიძლება, ეს არ გვაშფოთებდეს. ეგაა, მარტამდე დრო კიდევ არის დარჩენილი და ვითარების გამოსწორება შესაძლებელია. “გენტის” დამრიგებელ იეს ტორუპს ქართველი გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკა არ აკლია. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა ითამაშონ, ეს გასაგებია. მედალს კი მეორე, არანაკლებ საყურადღებო მხარეც აქვს – “გენტი” თამაშებს იგებს, გამარჯვებულებს კი, მოგეხსენებათ, არცერთ დროსა და ეპოქაში არ ასამართლებენ.

თითქმის გამორიცხულია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომელიმე ჩვენგანმა კლუბი შეიცვალოს. ამდენად, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ ტორუპის გული მოიგონ, როგორმე უნდა დაიბრუნონ ადგილი ბელგიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში…

შორიდან ისე ჩანს, რომ არცერთი მათგანი მონდომებას არ აკლებს, რომ ასე მოხდეს. ქვილითაია კარგია იმ სათამაშო წუთებში, რომელსაც მწვრთნელი მისთვის იმეტებს და ჩაკვეტაძეც თანდათან შედის ფორმაში.

და მაინც, ალბათ რაღაც ცოტა მეტის გაკეთებაა საჭირო საიმისოდ, რომ ტორუპმა ჩვენებურებს კარტ-ბლანში მისცეს. თუ არა და, მერე უკვე სერიოზულადაა საჭირო ფიქრი გუნდის გამოცვლაზე. არიან მწვრთნელები, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერს დაუმტკიცებ, რადგან მათ არ უნდათ იმის დანახვა, რაც თვალნათლივ ჩანს ხოლმე.

დრო კი მიდის და ჩვენც ველოდებით. რა თქმა უნდა, “გენტი” ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებს. რა თქმა უნდა, ტორუპის რჩეული შემტევები სულ ვერ იჩაუქებენ და ჩვენც მაქსიმალურად უნდა მოვეჭიდოთ ჩვენს შანსებს…

წყარო: lelo.ge

SHARE