ესპანეთი შარშია – საქართველოსთან და რუსეთთან ტექნიკური წაგება ემუქრება

401

ესპანეთის სარაგბო ნაკრები მორიგ შარში გაეხვა და შესაძლოა, რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოსთანა და რუსეთთან მატჩებში ტექნიკური წაგებები ჩაეთვალოს.

შეგახსენებთ, რომ “ლეონესს” მორაგბეთა ნატურალიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო, 2019 წლის მსოფლიო თასის გამოტოვება მოუხდა, თუმცა, როგორც სჩანს, აღნიშნულიდან დასკვნა ვერ გამოიტანა და ამჯერადაც იგივე დანაშაულშია ეჭვმიტანილი.

სკანდალური ინფორმაცია ესპანურმავე გამოცემამ Revista22 გაავრცელა. მის თანახმად, საქმე ჯონ ვესელ-ბელს ეხება, სამხრეთ აფრიკელ მორაგბეს, რომელიც “ლეონესის” მაისურით 2019 წლიდან ირჯება.

მსოფლიო რაგბის დებულების თანახმად, თუკი მოთამაშეს ქვეყნის შეცვლა სურს, მან ახალ ქვეყანაში გადაბმულად 36 თვე უნდა იცხოვროს. აღნიშნულის შემდეგ, წლის განმავლობაში 10 თვე იმავე ქვეყანაში უნდა გაატაროს, მისი დატოვება კი ჯამურად 2 თვის განმავლობაში შეუძლია.

ირკვევა, რომ ვესელ-ბელს სწორედ ეს პუნქტი აქვს დარღვეული, რადგანაც საბუთების თანახმად, 2019 წელს, ესპანეთს გარეთ 68 დღე იმყოფებოდა.

იმას, რომ ესპანური რაგბის ხელმძღვანელობას მორიგი იაღლიში მოუვიდა, 1 ფაქტი ამყარებს. სამხრეთ აფრიკელი მორაგბე, რუსეთთანა და საქართველოსთან მატჩების მსგავსად, გასულ შაბათს რუმინეთთან შეხვედრის განაცხადშიც იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც კარპატელებმა მასზე დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, ვესელ-ბელი შემადგენლობიდან გაქრა.

ესპანური პრესის თანახმად, საქმე მართლაც სერიოზულია და თუკი დაინტერესებული მხარეები მას ბოლომდე მიჰყვნენ, გამორიცხული არაა, “ლეონესს” ქართველებთან და რუსებთან გამართულ შეხვედრებში ტექნიკური წაგებები ჩაუთვალონ.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” მადრიდში ისედაც მოგებული აქვთ და ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირი არაფერს გააპროტესტებს, აი, რუსეთის შემთხვევაში კი, მოვლენათა სხვაგვარად განვითარებას უნდა ველოდეთ.

ჯონ ვესელ-ბელმა საქართველოსთან შეუცვლელად ითამაშა

 

საქმე ის გახლავთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში “დათვებმა” სოჭში “ლეონესთან” 12:31 წააგეს და ახლა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უწევთ, აღნიშნულ შეხვედრაში ტექნიკური მოგება კი მათთვის მართლაც მისწრება იქნება.

შემთხვევითი არაა, რომ რუსეთის რაგბის კავშირი მისთვის სასურველ ინფორმაციას მაშინვე “ჩაეჭიდა” და ორგანიზაციის სპორტულმა დირექტორმა სერგეი მარკოვმა უკვე სპეციალური განცხადების გაკეთებაც მოასწრო.

“რუსეთის რაგბის კავშირმა ამ სიახლის შესახებ პრესიდან შეიტყო და უდავოა, რომ დოკუმენტაციის სათანადოდ შესწავლაა საჭირო. ვნახავთ, იურიდიული კუთხით ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია.

რეგლამენტში ბევრი დამაბნეველი პუნქტია და ყველაფერში კარგად უნდა გავერკვეთ.

ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ესპანელებს დანაშაული მიუძღვით, თუმცა, ისიც ცხადია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიმართლე დადგინდეს”.

როგორც აღვნიშნეთ, ესპანეთის რაგბის კავშირი ამგვარ გაუგებრობაში პირველად არ ხვდება. 2018 წელს მსოფლიო რაგბიმ დაადგინა, რომ “ლეონესის” მაისურის მორგების უფლება არ ჰქონდათ ბურჯ ბასტიენ ფუსტერსა და შუამარბ მატიუ ბელის, რომლებსაც მანამდე საფრანგეთის მე-2 ნაკრებში ჰქონდათ ნათამაშები.

ამის გამო, ესპანეთის ეროვნული გუნდი 2019 წლის მსოფლიო თასის მიღმა დარჩა.

წყარო: popsport.ge

SHARE