ეს არის სასწაული, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა…

832

უკვე გაუწყეთ, რომ ბულგარულ ბურგაში 15-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატებს სძლია და კვირას მე-5 ადგილისთვის სერბებს დაუპირისპირდება. ბურგასში საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ოთარ ქოიავას შევეხმიანეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ...

– ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მოხდა სასწაული – ხორვატების უძლიერესი ნაკრები დავამარცხეთ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, – გვითხრა მან – ამ წარმატებით სახელოვანი ტრადიციების მქონე ქართული წყალბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. ბიჭებმა ყველაფერ გაიღეს, რომ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანათ.

 გრანდის დამარცხება ასე იოლი არ არის…

– გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ვუყურეთ ხორვატების თამაშს ჩერნოგორიასთან. ბიჭებს ავუხსენით მომავალი მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები; შეგირდები დავარწმუნეთ, რომ უძლეველი არავინაა, მოგება ყველასთან შეიძლება. მათაც ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები – ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ საპაექროდ.

დღევანდელი ორთაბრძოლის სამი პერიოდის შემდეგ შესვენებისას ნაკრების წევრები გავაფრთხილეთ, რომ საბერძნეთთთან მატჩის მსგავსად შეცდომები არ დაეშვათ და ეს შეხვედრაც ხელიდან არ გამოსცლოდათ. ყველამ მიიღო პერსონალური დავალება, რომლებსაც თავი შეძლებისდაგვარად გაართვეს, თუმცა, ორივე მხარემ ბევრი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით იერიშების დაგვირგვინებისას.

სამი წუთით ადრე ხორვატებმა მაინც შეძლეს ძირითად დროში წონაწორობის აღდგენა 7:7. ხორვატია მაინც ხორვატიაა. სამაგიეროდ, პენალტებში ვაჯობეთ. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენმა მეკარე გიორგი ჩაგელიშვილმა, რომელმაც ორი ბურთი მოიგერია.

 ჩერნოგორიამ როგორ შეძლო ხორვატების დამარცხება?

– მატჩის დამთავრებამდე ხუთწუთ-ნახევრით ადრე ხორვატები სამი ბურთით წინ იყვნენ – 9:6. დარჩენილ დროში ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვეს. ეტყობა, ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, ჩერნოგორიელებმა კი ბოლო წამამდე იბრძოლეს და გარჯა დაუფასდათ.

 ხორვატები ჩვენთან სათამაშოდაც ზედმეტად თავდაჯერებულები ხომ არ გამოსულან?

– არა მგონია. წინა დღთ მათ ნახეს ბერძნებთან ჩვენი დაპირისპირება და დარწმუნებულებიც იყვნენ, რომ იოლად ვერ გვაჯობებდნენ. ვფიქრობ, ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

 თქვენ უკვე ორჯერ ახსენეთ საბერძნეთთან მატჩი, რომელსაც სამი პერიოდის შემდეგ იგებდით…

– ბიჭებს ბოლომდე არ ეყოთ გამოცდილება. ცოტა ფორტუნამაც გვაქცია ზურგი – ბურთის გასატანად ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და წავაგეთ.

 ხვალინდელ მატჩზე რას ფიქრობთ?

– სერბები თავიდანვე ტურნირის ფავორიტები იყვნენ, მაგრამ წილისყრამ ჯგუფში უნგრეთს შეახვედრა. რაც შეეხება ხვალინდელ პაექრობას, ვფიქრობ, ფსიქოლოგიური უპირატესობა აქაც ჩვენს მხარეს იქნება, თუმცა წარმატების მისაღწევად ეს გადამწყვეტ მომენტად ვერ გამოდგება. ბიჭები მონდომებული არიან და დანარჩენს ორთაბრძოლა გვიჩვენებს.

 ჩემპიონობას  ვის უწინასწარმეტყველებთ?

– ძნელი სათქმელია. ხორვატებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ უნგრეთი მაინც უფრო ძლიერი მგონია.

წყარო: lelo.ge

SHARE