ექვსი ერი – ჩვენ უარი, იაპონიას მიპატიჟება

502

ექვსი ერის გაფართოების, ან ერთა ლიგასთან გადასასვლელი პლეი ოფის თემა ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალურია ევროპულ მედიაში. ყველზე ხშირად პირველ კანდიდატად საქართველოს ნაკრებს განიხილავდნენ. საქმე იქამდეც მივიდა მედიის აქტიურობის შემდეგ, რომ ექვსი ერის მამებმა საჯაროდ უარის დაფიქსირებაც კი გადაწყვიტეს, ჯერჯერობით ტურნირში ცვლილებებზე არ ვფიქრობთო. ახლა ირკვევა, რომ ისინი ამ ცვლილებებზე დაფიქრებულან, თუმცა საქართველოს ნაკრები ამჯერად, არაფერ შუაშია…

იაპონიამ ახლახან სარაგბო მსოფლიო თასს უმასპინძლა, სადაც პულში პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში დამარცხდა. ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში იციან, რომ სწრაფად განვითარებადი სარაგბო ერით თავად ექვსი ერის ორგანიზაციამ გამოთქვა დაინტერესება.

აქამდე არავის წარმოედგინა, რომ ექვსი ერი ევროპის საზღვრებს გასცდებოდა, იაპონია კი ევროპული ქვეყნებისგან 10 000 კილომეტრით არის დაშორებული. ეს ტურნირი თავიდან ბრიტანეთის კუნძულების შეჯიბრება იყო, რომელსაც 1910 წელს საფრანგეთი დაემატა, ხოლო 2 000 წელს – იტალია.

„ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ ტურნირში საქართველოს ან რუსეთის ჩართვაზე, თუმცა ოფიციალური განაცხადი არავის გაუკეთებია“, – წერს ბრიტანული „დეილი მეილი“. სერ კლაივ ვუდვორდი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ექვს ერში გასავარდნი პლეი ოფის შემოღებას ემხრობა. სხვათა შორის, იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ექვსი ერის ორი ქვეყანა დაამარცხა – ირლანდია და შოტლანდია.

იაპონიის პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ინგლისი მომდევნო ზაფხულში ორ მატჩს გეგმავს იაპონიაში (კობესა და ოიტაში), კუნძულზე დაბრუნება სურს უელსის ნაკრებსაც.

თებერვალ-მარტში, როცა ექვსი ერი მიმდინარეობს, იაპონიაში შესანიშნავი ამინდებია, იმ დროს ტაიფუნების სეზონი არაა. ის, რომ იაპონიაში ექვსი ერის მატჩები დიდ დაინტერესებასა და მედიის ყურადღებას გამოიწვევს, ცხადია.

მსოფლიო რაგბი ამ ინიციატივას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ იაპონიის მიწვევამ, შესაძლოა, ტრადიციულად მოაზროვნე რაგბის მამები გაანაწყენოს ევროპაში. ასევე ევროპული ლიგები არ მიესალმებიან, ექვსი ერის გრაფიკის მეტ დატვირთვას.

სხვათა შორის, იაპონელებს მეტად სურთ რაგბის ჩემპიონშიპში (4 ერი) ჩართვა, რადგან „ოლ ბლექსი“ იაპონიაში ძალიან პოპულარულია, ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა.

წყარო: sportall.ge
SHARE