ვიდეორეფერი საქართველოში! მუშაობა დაწყებულია, ფიფაში მოთხოვნა გაგზავნილია…

309

ამიტომაც გვჭირდება ვიდეორეფერი” – ეროვნულ ლიგაში წელს ბევრჯერ მოხდა ისეთი ფაქტი, რის გამოც მსგავსი რამ “ლელოში” დაიწერა.

მსაჯებიც ადამიანები არიან და ყოველთვის ზუსტ და საჭირო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. მათ ბევრჯერ შეშლიათ და მომავალშიც შეეშლებათ, რადგან ადამიანის თვალი ყველაფერს დეტალებში ვერ აღიქვამს. ადამიანი კი არა, ვიდეორეფერის “გადაწყვეტილებებიც” საკამათო გახდა

ვიდეორეფერი ქართული გუნდის მონაწილეობით პირველად აპრილში, ესპანეთში გამოიყენეს, სადაც თბილისის “ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდი ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. “ელიტ იუნიონ აკადემიასთან” შეხვედრაში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა 0:0-ზე გოლი გაიტანა, მაგრამ… ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ, “ლოკომოტივის” ამ მოთამაშეზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, რადგან ჩაითვალა, რომ მან პირდაპირი გავლენა მოახდინა ეპიზოდზე და გოლი გაუქმდა.

ეროვნული ლიგის ახლახან დასრულებულ სეზონში არაერთი შემთხვევა იყო, როცა VAR-ის აუცილებლობა გაჩნდა. ბოლო საკამათო ამბავი ეროვნული ლიგის პლეი აუტის პირველ მატჩში მოხდა, როცა იყო საკამათო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ წამოიწია წინა პლანზე ვიდეორეფერის აუცილებლობის თემამ…

გვესმის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და რესურსები ამისთვის მზად არ არის, თუმცა… შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ კუთხით დიდი ხანია მუშაობს, ვიდეორეფერის კი საქართველოში პირველად 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო-ბელარუსის მატჩის დროს გამოიყენებენ.

საქმე ისაა, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში ამ სისტემის გამოყენების გადაწყვეტილება 4 დეკემბერს, ნიონში გამართულ აღმასკომზე მიიღეს. უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი აცხადებდა, რომ ვიდეორეფერის ქაოსი შემოაქვს, მაგრამ უეფას უკან დასახევი გზა აღარ დარჩა.

ბევრისთვის უცნობია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას VAR-ის ტესტირების მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ საამისოდ დიდი სამუშაოები და უეფას ნებართვა იყო საჭირო.

ჩვენთვის ცნობილი გახდა შემდეგი დეტალები: უპირველესად, ამ სისტემის ამოქმედებისთვის აუცილებელია ზემო ხსენებული ნებართვა ფიფასგან, რადგან ამ სისტემას მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელ ორგანოში ცენტრალიზებულად მართავენ.

ჩვენთან სისტემის ამუშავებას ხელს მწირი ფინანსები უშლის – ვიდეორეფერის დანერგვას 2 მილიონი ევრო (6,2 მილიონი ლარი) სჭირდება. მატჩის დროს მინიმუმ 6 კამერა უნდა მუშაობდეს, რაც ასევე სოლიდურ ფინანსებს უკავშირდება. ამავე დროს, თამაში ეგრეთ წოდებული “ფლაივეით” გაშვებული სიგნალით უნდა გადაიცეს და არა – ინტერნეტით, რათა რეპორტაჟის და, შესაბამისად, სადავო ეპიზოდის მაღალი ხარისხით ყურება იყოს გარანტირებული.

აუცილებელია მსაჯების გადამზადება, რათა ახალ სისტემასთან დროული ადაპტაცია შეძლონ. ფეხბურთის ფედერაციამ ეს პროცესი უკვე დაიწყო. პირველი კურსი სასტუმრო “ჰუალინგში” ოქტომბერში უკვე გაიმართა და ეს სფფ-ის ოფიციალურ გევრდზეც იყო გაცხადებული. ამ სემინარს ფიფას ინსტრუქტორები ესწრებოდნენ.

მოკლედ, პროცესი დაწყებულია და სფფ-მ ფიფაში განაცხადი უკვე შეიტანა, რათა ვიდეორეფერის გამოყენების უფლება მიიღოს. საამისო პროცედურაც დაწყებულია, რადგან ნებართვის მიღებას დრო სჭირდება. მაგრამ ამ პროცესებიდან გამომდინარე უკვე ცხადია, რომ საქართველოში VAR-ის დანერგვა ისეთი შორეული პერსპექტივა აღარ არის, თუნდაც ამ წლის დასაწყისში რომ გვეჩვენებოდა.

მაგრამ ეს ჯერ სანაკრებო და მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე თუ მოხერხდება. ეროვნული ლიგაში მისი გამოყენება კი მართლაც შორეულ საქმედ ჩანს, რადგან ყველა ქალაქში მისი გამოყენებისთვის ფინანსები, სავარაუდოდ, არ იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE