(ვიდეო) „არ დავღლილვარ! შონ ო’მალისთან ჩხუბი მინდა“ – მერაბ დვალიშვილმა ბრძოლა შეაფასა

648

მერაბ დვალიშვილს UFC-ში უკვე ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული!

ჯონ დოდსონის დამარცხების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და შონ ო’მალი კიდევ ერთხელ გამოიწვია.

“ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ტესტი, ყველაზე დიდი გამოცდა იყო,” – განაცხადა 29 წლის ქართველმა მებრძოლმა დოდსონის დამარცხების შემდეგ, – “მაგრამ ადვილი ბრძოლა გამოდგა, დაღლილიც კი არ ვარ!”

‘არ დავღლილვარ! შონ ო’მალისთან ჩხუბი მინდა’ - მერაბ დვალიშვილმა ბრძოლა შეაფასა

 

კითხვაზე, თუ ვისთან ისურვებდა მომდევნო ჩხუბს, მერაბმა ზუსტად ის პასუხი გასცა, რასაც ყველა ელოდა: შონ ო’მალი!

ქართველმა მებრძოლმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ აღარ უწევს სხვა სამსახურში მუშაობა და შეუძლია, მხოლოდ UFC-ზე იყოს კონცენტრირებული: “მადლობა ღმერთს და მადლობა UFC-ის, მშენებლობებზე მუშაობა აღარ მიწევს. ეს ჩემთვის უკვე მესამე ბრძოლა იყო 2020 წელს. ასე რომ, დაკავებული ვარ. საბედნიეროდ, UFC-ში კარგად იხდიან, მაგალითად, ამ გამარჯვების შემდეგ შემიძლია, ნიუ იორკში სახლი ვიყიდო. ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნება ამიხდა. ასე რომ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ მომდევნო ბრძოლებისთვის. ერთადერთი, რაც მინდა, ბრძოლაა.”

„მე აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. როცა იცი, რომ ბევრი ბავშვი გიყურებს, შენი საქმე კარგად უნდა გააკეთო“

ბრძოლის შემდგომი კომენტარის გაკეთების დროს მერაბ დვალიშვილს ჩოხა ეცვა. “ეს ქართული, ტრადიციული სამოსია. მე საქართველოდან ვარ, კავკასიიდან და ეს ჩვენი ტრადიციული ტანსაცმელია.”

“მე აქ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, როცა იცი, რომ ბევრი ბავშვი გიყურებს, შენი საქმე კარგად უნდა გააკეთო. როცა მოიგებ და საქმე გაკეთებულია, უნდა დაისვენო და ჩხუბზე აღარ უნდა იფიქრო, მაგრამ ხვალ, როცა გავიღვიძებ ისევ ბრძოლაზე დავიწყებ ფიქრს. ვიფიქრებ იმაზე, რომ ვარჯიში უნდა გავაგრძელო, ფორმაში უნდა ვიყო, უფრო უნდა გავძლიერდე და ასე შემდეგ,” – დასძინა დვალიშვილმა და კითხვაზე, რატომ სურს შონ ო’მალისთან დაპირისპირება, ასე უპასუხა: “ეს ჩემთვის მომდევნო დიდი გამოწვევაა. ვნახოთ, მომეცემა თუ არა შანსი. მე მჯერა. მჯერა საკუთარი თავის, ჩემს გუნდს კი ჩემი სჯერა. თანაც, რეიტინგში ახლოს ვართ – მე მე-15 ვარ, ის მე-14 ადგილზეა. რატომ არ უნდა შევხვდეთ? მე მებრძოლი ვარ, არავისი და არაფრის მეშინია. მოგებათა სერიამდე წავაგე კიდეც, მაგრამ ვისწავლე და წინ წავიწიე.”

‘არ დავღლილვარ! შონ ო’მალისთან ჩხუბი მინდა’ - მერაბ დვალიშვილმა ბრძოლა შეაფასა

 

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC 252-ის მთავარ ქარდში იასპარეზა და მჩატე წონის (BANTAMWEIGHT) დივიზიონში ამერიკელი ჯონ დოდსონი დაამარცხა. გამოცდილ მეტოქესთან გამარჯვებით, რომელიც ხსენებული წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დვალიშვილმა (მე-15 ადგილი) დიდი ნაბიჯი გადადგა სატიტულე ბრძოლისკენ.

თებერვალში მერაბმა კეისი კენის დამარცხება შეძლო, ივნისში გუსტავი ლოპესს მოუგო, ახლა კი ჯონ დოდსონსაც. ეს UFC-ში მისთვის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა და მომდევნო ბრძოლას, დიდი ალბათობით, წონის ელიტარულ მებრძოლთან გამართავს.

წყარო: popsport.com

SHARE