(ვიდეო) გორგოძის ორი ლელო და დიდი აღიარება მსოფლიო დონის რაგბისტების გვერდით

588

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დაიწყო. პირველივე ტურში თავი გამოიჩინა ქართული რაგბის ყველა დროის საუკეთესო მორაგბემ, მამუკა გორგოძემ, რომელმაც „ტულონის“ შემადგენლობაში გასვლით მატჩში „აჟენთან“ ორი ლელო გაიტანა. „ტულონმა“ მატჩი 44:25 მოიგო.

ერთი დღით ადრე კი რაგბიში მსოფლიოს თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ მოთამაშეთა საუკეთესო 15-ეული დაასახელა, რომელთაც არასოდეს მოუგიათ მსოფლიოს თასი. მათ შორის რვა ნომრის პოზიციაზე მამუკა გორგოძე დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე ერთადერთი წარმომადგენელია მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან. საუკეთესოთა შორის ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორიც ჯონა ლომუ, შეინ ვილიამსი, ბრაიან ო’დრისკოლი, ავგუსტინ პიშო, ენდრიუ მერთენსი, სერჟ ბლანკო, ტიერი დუსოტუარი და სხვები არიან.
„აჟენთან“ მატჩში გოროგოძემ სრულად ითამაშა. მასპინძელთა ქართველი შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი კი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის „რასინგი“ მოულოდნელად, შინ დამარცხდა „ბაიონთან“ 17:24. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს. გოგიჩაშვილი ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს თასისთვის ემზადება.

ლაშა ტაბიძის, ბექა გორგაძისა და ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ შინ საფრანგეთის ჩემპიონი „ტულუზი“ დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში. ტაბიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო და მასპინძელთა შერკინება მნიშვნელოვნად გააძლიერა. ყაულაშვილმა ტრავმა ახლახან მოირჩინა და ჯერ არ უთამაშია. გორგაძე საქართველოს ნაკრებშია.

კარლენ ასიეშვილის, სოსო ბეკოშვილის, თედო აბჟანდაძის, ოთარ გიორგაძის, ვანო კარკაძის, ვასილ ლობჟანიძისა და ირაკლი ცხადაძის „ბრივმა“ სტუმრად წააგო „პოსთან“ – 14:35. ქართველებს არ უთამაშიათ. ცხადაძისა და ბეკოშვილის გარდა ყველა ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზეა.

მიხეილ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავას, ლუკა აზარიაშვილის, უშანგი ჭეიშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გელა აფრასიძის „მონპელიემ“ სტუმრად წააგო „კასტრთან“ – 25:26. მონპელიელებმა სამი ლელო გაიტანეს მეტოქის ერთის წილ. თუმცა კასტრელების დამრტყმელებმა რორი კოკოთმა და ჟულიენ დუმორამ ჯამში შვიდი საჯარიმო გაიტანეს, რასაც მასპინძლებმა ერთი ლელოც მიაყოლეს და მრისხანე მეტოქე დაამარცხეს.

„მონპელიეში“ აზარიაშვილის დებიუტი შედგა. ის მატჩში 73-ე წუთიდან ჩაერთო. არ უთამაშია ჭეიშვილს. სხვა დანარჩენი ქართველი მორაგბე მსოფლიოს თასისთვის ემზადება.

დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის „კლერმონმა“ შინ დაამარცხა „ლა როშელი“ 28:10. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. კაკაბაძეს არ უთამაშია.

I დივიზიონი

I ტური
აჟენი-ტულონი 25:44, კასტრი-მონპელიე 26:25, ლიონი-სტად ფრანსე 43:9, პო-ბრივი 35:14, რასინგი-ბაიონი 17:24, ბორდო-ტულუზი 30:25, კლერმონი-ლა როშელი 28:10

სატურნირო მდგომარეობა 
1. ლიონი – 5 ქულა, 2. ტულონი – 5, 3. პო – 4, 4. კლერმონი – 4 5. ბაიონი – 4, 6. ბორდო – 4, 7. კასტრი – 4,, 8. მონპელიე – 1, 9. ტულუზი – 1, 10. რასინგი – 0, 11. ლა როშელი – 0, 12. აჟენი – 0, 13. ბრივი – 0, 14. სტად ფრანსე – 0

მეორე დივიზიონში წარმატებული სტარტი აიღეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, „ორიაკმა“, „ანგულემმა“, ოიონაქსმა“ და „კოლომიემ“.

ირაკლი მირცხულავას „ოიონაქსმა“ დივიზიონის დებიუტანტს, მირიან ბურდულისა და გიორგი შარაშიძის „როვალს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 53:13 დაამარცხა. ბურდული 41-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავამ მოედანზე მასზე 21 წუთით მეტი დაყო, შარაშიძე განაცხადში არ იყო.

დავით ქუბრიაშვილისა და ნიკა ნეფარიძის „გრენობლმა“ შინ მოულოდნელად, წააგო ბექა შეყლაშვილისა და დავით გიგაურის „კოლომიესთან“ – 20:23. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილმა კი მოედანი 66-ე წუთზე დატოვა. გიგაური და ნეფარიძე განაცხადში არ იყვნენ.

ზაზა ნავროზაშვილის „პროვანსმა“ სტუმრად დაამარცხა „მონ დე მარსანი“ – 42:12. ნავროზაშვილი ტრავმირებულია.

ასევე სტუმრად მოიგო გურამ პაპიძის, თორნიკე მატარაძისა და ილია კაიკაციშვილის „ნევერთან“ მატჩში შალვა სუთიაშვილის, ლუკა გოგინავას, გიორგი ნეფარიძისა და ზაურ თევდორაშვილის „ანგულემმა“ – 24:18.

გოგინავა თამაშში 28-ე წუთიდან ჩაერთო, კაიკაციშვიმა მოედანი 65-ე წუთზე დატოვა, იმავდროულად მოედანზე გურამ პაპიძე გამოჩნდა. მატარაძე და ნეფარიძე განაცხადში არ იყვნენ. სუთიაშვილი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.

მერაბ შარიქაძის, გიორგი ჯავახიას, გიორგი ქართველიშვილის, ბექა საღინაძის, ჯემალ შათირიშვილისა და გიორგი ცუცუქირიძის „ორიაკმა“ შინ დაამარცხა ვახტანგ ახობაძის, გიორგი ჯალაღონიასა და გიორგი ნუცუბიძის „ბიარიცი“ – 23:19.

ნუცუბიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო, ქართველიშვილი კი, მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა. შარიქაძე, საღინაძე და ცუცქირიძე ეროვნულ ნაკრებში ემზადებიან, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
II დივიზიონი

I ტური
პერპინიანი-ბეზიე 23:13, კარკასონი-ვანი 37:10, მონტობანი-რუენი 40:14, მონ დე მარსანი-პროვანსი 12:42, ნევერი-ანგულემი 18:24, ოიონაქსი-როვალი 53:13, გრენობლი-კოლომიე 20:23, ორიაკი-ბიარიცი 23:19

სატურნირო მდგომარეობა 
1. ოიონაქსი – 5 ქულა, 2. პროვანსი – 5, 3. კარკასონი – 5, 4. ანგულემი – 5, 5. მონტობანი – 4, 6. პერპინიანი – 4, 7. ორიაკი – 4, 8. კოლომიე – 4, 9. გრენობლი – 1, 10. ბიარიცი – 1, 11. ნევერი – 0, 12. ბეზიე – 0, 13. რუანი – 0, 14. ვანი – 0, 15. მონ დე მარსანი – 0, 16. როვალი – 0

წყარო: lelo.ge

SHARE