(ვიდეო) მალხაზ ასათიანი ლოკომოტივის XXI საუკუნის სიმბოლურში

513

პოპულარულმა რუსულმა გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“, საკუთარ შეფასებებზე დაყრდნობით, XXI საუკუნის მოსკოვის „ლოკომოტივის“ სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ის ფეხბურთელები შევიდნენ, ვინც რკინიგზულ კლუბში 2001 წლიდან თამაშობდნენ.

ამ სიმბოლურში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი.

აი, რას წერს გამოცემა: „იგნაშევიჩი და ასათიანი, ორივე ინდივიდუალურად ძლიერი მცველები იყვნენ. იგნაშევიჩი, როგორც ფეხბურთელი, თავიდან ბოლომდე სიომინის ხელში „გაიხსნა“, ასათიანი კი გუნდში უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით ჩაირიცხა (შეგახსენებთ, ამ ტრანსფერს წინ უძღვოდა 2003 წლის 30 აპრილს, თბილისში, რუსეთის ნაკრების კარში ასათიანის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი – რედ).

ასათიანი „ლოკომოტივში“ სხვადასხვა მწვრთნელების ხელმძღვანელობით თამაშობდა და ყოველთვის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე იყო. მალხაზი ბრწყინვალედ კითხულობდა თამაშს, ძლიერი იყო როგორც ართმევის დროს თამაშისას, ასევე შეტევების წამოწყების დროსაც. იგი სიომინის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ 2003-10 წლებში ასათიანმა ლოკომოტივში 125  მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა. ამ პერიოდში „სპორტ-ექსპრესი“ საშუალოდ მის თამაშს 5.86 ბალით აფასებდა.

წყარო: lelo.ge

SHARE