ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეორედ ჰამბურგის ATP500-ის კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ურთულესი კვირა გადაიტანა და შეძლო შარშანდელი ტიტულისა და რეიტინგში მე-16 პოზიციის შენარჩუნება.
შარდი პრობლემა არ ყოფილა
მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნახევარფინალში გასასვლელად ფრანგ ჟერემი შარდის ხვდებოდა, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 77-ე ადგილზეა. შარდიმ წინა ორ ეტაპზე
თანამემამულეები დაამარცხა – პირველ რაუნდში მეხუთე ნომრად განთესილი ბენუა პერი (6:7, 7:5, 6:3), მეორეში – რიშარ გასკე (7:6, 7:5).
ბასილაშვილმაც მეოთხედფინალამდე ერთი სეტი წააგო. მან ჯერ 6:4, 6:3 მოუგო ბოლივიელ უგო დელიენს, მერვედფინალში კი როლან გაროსზე
მარცხისთვის რევანში აუღო არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს – 6:4, 3:6, 6:3. ეს იყო პირველი შემთხვევა ლიონის ტურნირის (19-25 მაისი) შემდეგ, როცა ბასილაშვილმა ძირითად ბადეში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი ამ სეზონში მეხუთედ გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე. წინა ოთხი შემთხვევიდან მან ერთი მოიგო (ლიონში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან) და სამჯერ წააგო, თანაც ზედიზედ.
ბასილაშვილი და შარდი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე ფრანგმა მოიგო: 2017 წელს, ამერიკულ „ჩელენჯერში“ ჰარდზე – 6:2, 6:1, 2018 წელს, სტამბოლის გრუნტზე – 7:5, 6:3.
ნიკამ ძალიან იოლად მოახერხა შარდის დამარცხება. ბასილაშვილისთვის შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო – მეტოქის პირველივე მოწოდებაზე ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ერთი კრიტიკული მომენტი ქართველს 3:1-ზე საკუთარ მოწოდებაზე ჰქონდა, როცა სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიებამ მოუწია. თუმცა, შარდიმ ვერ შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მერვე გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და პირველ პარტიაში განადგურდა – 2:6.
მეორე სეტის სტარტზევე შარდიმ შეძლო პირველი ბრეიკის შესრულება, მაგრამ მომდევნო გეიმში ბასილაშვილმა უკუბრეიკი აიღო. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები კარგა ხანი იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს. სიტუაცია მერვე გეიმში შეიცვალა, როცა ნიკამ ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც თან დაფარული მატჩბოლი იყო. ქართველმა ეს შანსი გამოიყენა და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა – 6:2, 6:3. შეხვედრა სულ რაღაც საათი და ექვსი წუთი გაგრძელდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.
წლის მატჩი ზვერევთან
ნახევარფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა. ამ მატჩზე იყო დამოკიდებული – შეინარჩუნებდა თუ არა რეიტინგის პირველ ოცეულში ადგილს ქართველი ჩოგბურთელი. ამისთვის მას აუცილებლად სჭირდებოდა თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის დამარცხება. ნიკამ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა და ზედიზედ მეორედ გავიდა ჰამბურგის ფინალში.
ზვერევმა პირველ ორ წრეში ორ-ორ სეტში მოუგო ჩილელ ნიკოლას ხარისა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს, მეოთხედფინალში კი სასწაული მოახდინა, როცა 2:6, 2:5-დან მოუგო სერბ ფილიპ კრაინოვიჩს – 2:6, 7:5, 6:2.
ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი ამ მატჩში გერმანელი ჩოგბურთელი იყო, მით უმეტეს, მას ორიდან ორი მატჩი ჰქონდა მოგებული ქართველისთვის: 2015 წელს, მარსელის „ჩელენჯერში – 7:6, 6:3 და 2018 წელს, შანხაის „მასტერსზე“ – 7:5, 6:4.
ის, რომ ქართველს ურთულესი თამაში ელოდა, პირველივე გეიმში გამოჩნდა, რომელიც რვა წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილს ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება დასჭირდა. ზვერევს მესამე გეიმშიც ჰქონდა ბრეიკ-პოინტი და ისევ ვერ გამოიყენა შანსი, პარტიის მეორე ნახევარში კი ინიციატივა თანდათან გადავიდა ბასილაშვილის მხარეს. ახლა უკვე მას ჰქონდა გერმანელის ზედიზედ სამ გეიმში ბრეიკ-პოინტი და მესამე ცდაზე შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე სეტი მოქმედი ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო და ქართველი ძალიან მიუახლოვდა ფინალს, როცა მეოთხე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. საჭირო იყო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება და ფინალი გარანტირებული იქნებოდა. მაგრამ ზვერევმა მომდევნო გეიმში თავისი პირველი ბრეიკი შეასრულა და სტატუსკვო აღადგინა. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა სეტში – გერმანელმა ინიციატივა მოიპოვა, კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზეც ჩააწოდა.
საჭირო გახდა მესამე სეტის თამაში, რომელშიც, წესით, ფსიქოლოგიური უპირატესობა წინა დღეს შესრულებული ქამბექის გათვალისწინებით, ზვერევს უნდა ჰქონოდა. და ასეც მოხდა იმის მიუხედავად, რომ პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და ისევ წინ გავიდა. მაგრამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ნიკამ ვერ შეძლო – ამის შემდეგ, მეტოქის ოთხ გეიმში ზვერევმა 11 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორი ბრეიკი შეასრულა.
გერმანელმა 0:3-დან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და 5:3 დაწინაურდა. ბასილაშვილი განწირული ჩანდა – მეცხრე გეიმში მისმა მეტოქემ ორი მატჩბოლი მოიპოვა. და აქედან დაიწყო ქართველი ჩოგბურთელის ქამბექი – მან ორივე მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩზე არ ჩააწოდებინა ზვერევს, მე-11 გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტიდან დაიძვრინა თავი და წინ გავიდა – 6:5.
სრულიად ლოგიკურად და სამართლიანად, მატჩის ბედი ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა. 2019 წელს, ბასილაშვილს 16-ჯერ მოუწია საჩოგბურთო ლატარიის თამაშმა და უარყოფითი ბალანსი ჰქონდა – შვიდი მოგება და ცხრა წაგება.
მე-13 გეიმი ნიკასთვის კარგად დაიწყო – პირველი მინი-ბრეიკი მან შეასრულა, მაგრამ 1:2-დან ზვერევმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და 5:2 დაწინაურდა. ბასილაშვილმა ისევ გაიბრძოლა და ზედიზედ ოთხი გათამაშების მოგებით მატჩბოლი მოიპოვა – 6:5. ნიკამ ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 6:4, 4:6, 7:6(5) გაიმარჯვა. მატჩი სამი საათი და 10 წუთი მიმდინარეობდა.
რუბლიოვს მცირე შანსი ჰქონდა
კვირას, ფინალში ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს ხვდებოდა. ამ უკანასკნელმაც ნახევარფინალში ქამბექი შეასრულა – ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან პირველი სეტი წააგო და მეორეში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ მოახერხა ფინალში გასვლა – 4:6, 7:5, 6:1. რუსი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად თამაშობდა ATP500-ის კატეგორიის ტურნირის ფინალში.
სხვათა შორის, გადამწყვეტი მატჩის მოგების შემთხვევაში, ქართველი მეორე ჩოგბურთელი გახდებოდა ისტორიაში, ვინც გერმანიის ამ ქალაქში ტიტულს შეინარჩუნებდა. მანამდე ეს მხოლოდ შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შეძლო 2004 და 2005 წლებში, როცა ჰამბურგის ტურნირი „მასტერსის“ სერიის იყო.
რაც შეეხება ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებს, ის ერთი მატჩისგან შედგებოდა – წელს, დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა 6:3, 6:4 მოუგო რუბლიოვს.
ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მატჩშიც დაადასტურა თავისი შესანიშნავი სათამაშო ფორმა და 2 საათსა და 10 წუთში მოიგო – 7:5, 4:6, 6:3.
ბასილაშვილი თამაშში მძიმედ შევიდა და მეტოქეს ნაადრევი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. ქართველი რეალურად ბრძოლაში მეექვსე გეიმიდან ჩაება, რომელიც მარათონული გამოვიდა – მასში შვიდჯერ იყო ანგარიში „თანაბარი“, რუბლიოვს სამი გეიმბოლი ჰქონდა, ბასილაშვილს ხუთი ბრეიკ-პოინტი და მან მეხუთე ცდაზე მოახერხა უკუბრეიკის შესრულება.
ამან ქართველ ჩოგბურთელს დამაჯერებლობა და სათამაშო უპირატესობა მოუტანა – მან საკუთარ სამ გეიმში მხოლოდ ორი ქულა დათმო, მეათე გეიმში კი სეტბოლამდე მივიდა, თუმცა, პირველი ცდიდან პარტია ვერ მოიგო. იგივე შანსი მან მე-12 გეიმშიც მიიღო, თანაც სამი და ნიკამ მესამე შანსი ხელიდან არ გაუშვა.
მეორე სეტში რუბლიოვმა დაალაგა თამაში საკუთარ გეიმებში და ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა აიღო. თავის გეიმებში ქართველმა ორი ბრეიკ-პოინტი მისცა რუსს და რუბლიოვმა ერთი შანსი გამოიყენა, რამაც სეტში მოგება მოუტანა.
მესამე სეტის პირველ ნახევარში, მოულოდნელად, მეტოქეებს საკუთარი გეიმების მოგების მხრივ პრობლემა შეექმნათ – ზედიზედ სამ გეიმში ბრეიკი დაფიქსირდა, აქედან ორი ბასილაშვილისა იყო. ეს სერია ქართველმა შეწყვიტა, თავისი გეიმი მოიგო და ძალიან მიუახლოვდა ტიტულს – 4:1 დაწინაურდა. რჩებოდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნება, რაც ნიკამ უპრობლემოდ შეძლო და კარიერაში მესამე ტიტული მოიპოვა.
ორშაბათიდან, განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი ისევ მე-16 პოზიციაზე იქნება.
ბასილაშვილის გზა ტიტულამდე
1/16 ფინალი. უგო დელიენი (ბოლივია) 6:4, 6:3
1/8 ფინალი. ხუან იგნასიო ლონდერო (არგენტინა) 6:4, 3:6, 6:3
1/4 ფინალი. ჟერემი შარდი (საფრანგეთი) 6:2, 6:3
1/2 ფინალი. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) 6:4, 4:6, 7:6(5)
ფინალი. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) 7:5, 4:6, 6:3
წყარო: lelo.ge