(ვიდეო) „ჩაკვეტაძე მეტი ღირს“ – გენტის გენერალური მენეჯერი გიორგის ფასზე

393

ბელგიური გენტის გენერალურმა მენეჯერმა მიშელ ლუვეჟიმ ადგილობრივ მედიასთან გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ფასსა და მათი გაყიდვის შესაძლებლობაზე ისაუბრა. რაც ყველაზე საინტერესოა, საუბრისას ლუვეჟიმ აღნიშნა, რომ გენტის ქართველი შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის ფასი დღეს 25 მილიონ ევროს აღემატება.

მიშელ ლუვეჟის გენტის ლიდერების იაფად გაშვება არ სურს

“ჩვენს ფეხბურთელებს გასაყიდად ფასს აღარ ვადებთ, თუმცა ვიტყვი, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ან ჯონათან დევიდის ღირებულება 25 მილიონს აღემატება”, – აღნიშნა ლუვეჟიმ Sport / Voetbalmagazine-თან.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური კლუბის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც დინამო თბილისიდან გადავიდა. გიორგის მიმართ არაერთი წამყვანი ევროპული კლუბის დაინტერესებაზე იწერებოდა, თუმცა ტრანსფერი ამ დრომდე არ შედგა და ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმა და 2019 წლის გაზაფხულზე გაკეთებული ოპერაციაც გახდა, რის შემდეგაც ჩაკვეტაძეს დიდი პერიოდი გაუცდა.

ჯერჯერობით ჩაკვეტაძე გენტის ძირითადში დაბრუნებისთვის იბრძვის

გიორგი ჩაკვეტაძეს გენტთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, Transfermarkt კი მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 9 მილიონ ევროს ასახელებს.

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდი ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ, 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბრიუგეს 8 ქულით ჩამორჩება. იეს ტორუპის გუნდი ევროპალიგის პლეი ოფშიც გამოდის, სადაც 21 და 27 თებერვალს, სტუმრად და შინ, იტალიურ რომას დაუპირისპირდება.

გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში სულ 6 მატჩში ითამაშა – 5 ჩემპიონატში, 1 ევროპალიგაში და ყველა შეცვლაზე. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

წყარო: popsport.ge

SHARE