ვლადიმერ სტეფანია: ბითაძის მწვრთნელი მაკმილანი ჩემი გუნდელი იყო… ვიცი, რა ელის მის ხელში გოგას (VIDEO)

642

2019 წელი ქართული კალათბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია – მოვიპოვეთ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება, NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” 19 წლის გოგა ბითაძე აირჩია.

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ასეთი მნიშვნელოვანი მხოლოდ რამდენიმე წელიწადი იყო: 2011 წელს პირველად ვითამაშეთ ევრობასკეტზე; 2003 წელს ზაზა ფაჩულია აირჩიეს დრაფტზე; 2002-ში ნიკა ცქიტიშვილი NBA-ს დრაფტის მე-5 ნომერი იყო; ხოლო 1998-ში პირველი ქართველი მოხვდა NBA-ში – ვლადიმერ სტეფანია “სიეტლ სუერსონიქსმა” პირველ წრეში აიყვანა.

სტეფანიამ კარიერა 2004 წელს დაასრულა, ახლა ამერიკაში მოღვაწეობს. იგი კვლავ აქტიურად ადევნებს ქართულ კალათბურთში მიმდინარე მოვლენებს თვალს და როდესაც ბითაძე დრაფტზე აიყვანეს, იმ დღიდან გადავწყვიტე ვოვასთან დარეკვა. მისგან საინტერესო ანალიზს ველოდი – გაუმართლა თუ არა “ინდიანაში” რომ მოხვდა, რა პერსპექტივა აქვს “პეისერსში” და საერთოდ, NBA-ში…

ვლადიმერ სტეფანიას ამერიკაში შევეხმიანე და საკუთარი ამბების გამოკითხვის შემდეგ ბითაძეზე ვთხოვე აზრის გამოთქმა.

– გოგა ძალიან მომწონს. ახალგაზრდაა, თუმცა მაინც საკმარისზე მეტად მიიპყრო ამერიკული კლუბების ყურადღება. კალათბურთელი ნაციონალურ ასოციაციაში რომ მოდის, სათამაშო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ბითაძე ევროლიგაზეც თამაშობდა, ადრიატიკის ლიგაზეც. ორივე ლიგაში მოიპოვა აღიარება, რაც მაიმედებს, რომ NBA-ში საკმარისი სათამაშო პრაქტიკით მიდის, თუმცა მეტი დრო რომ გაეტარებინა ევროლიგაში უკეთესი იქნებოდა.

– ახლა მთავარია, “ინდიანას” მაისურით გაატაროს საკმარისი დრო პარკეტზე.

– გოგა მე-18 ნომრად აიყვანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ყურადღებას არავინ მოაკლებს, სათადარიგოთა სკამსაც არავინ მიაჯაჭვებს. ითამაშებს, თუმცა პირველ წელს გაუჭირდება 20-ზე მეტი წუთის მიღება. კარგად ვიცნობ “ინდიანას” სტრუქტურას და ვფიქრობ, საწყის სეზონში 15 წუთიც კარგი იქნება. პირველი წლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა გადახედავს სიტუაციას, თუ ბითაძე თავს გამოიჩენს, აუცილებლად დაიტოვებს.

– როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს გოგა ბითაძეს NBA-ში?

– მაღალი დონის წინახაზელად ჩამოყალიბება შეუძლია. სხვებთან შედარებით ბევრი პლუსი აქვს – სიმაღლე (212 სმ), კარგი სროლა, დაცვა, პასები… ყოველივე ამას გაუმჯობესება უნდა და გოგა მოთხოვნადი ცენტრი იქნება. ცხადია, არის ზოგიერთი კომპონენტი, რაზეც გაცილებით ბევრი აქვს სამუშაო. მაგალითად Lateral speed – ასე ვეძახით მოძრაობას, რომელიც კალათბურთელს სჭირდება, ვთქვათ, ბლოკებზე ამოსვლისას. ეს ერთგვარი გვერდითი მოძრაობაა, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად ავიდეს პერიმეტრზე და შებრუნდეს კალათისკენ. როდესაც ბითაძე ცენტრს აჰყვება, სისწრაფეში ნაკლებად ექნება პრობლემა, თუ მძიმე ფორვარდის დევნა მოუწია, გაცილებით უკეთესი Lateral speed სჭირდება.
დარწმინებული ვარ, ამ კომპონენტზე “ინდიანაში” ბევრს იმუშავებს და ერთ-ორ წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება.

– თქვით, რომ “ინდიანას” სისტემას კარგად იცნობთ. საიდან?

– გუნდის მთავარი მწვრთნელი ნეით მაკმილანი ჩემთან თამაშობდა “სიეტლში”. შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და ასისტენტად მუშაობდა. ვიცნობ მის შეხედულებებს, ფილოსოფიას. უყვარს თამაშის ცენტრებზე აწყობა. ამიტომ, სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ბითაძე აიყვანა. ზოგი გაოცებას ვერ მალავდა – ორი კარგი მეფარე ჰყავს, გოგა რაღად უნდოდაო. რომ არ სჭირდებოდეს, არც აიყვანდა.

არის ზოგიერთი გუნდი, სადაც ცენტრს ნაკლები დატვირთვა აქვს, დარბიან პატარები და მეფარეს ბურთს არავინ აძლევს. ასეა “ჰიუსტონში”, “გოლდენ სტეიტში”… “ინდიანაში” კი მეოთხე-მეხუთე ნომრები გუნდის ღერძს წარმოადგენენ.

მაკმილანი იმ ტიპის მწვრთნელი არ არის, ყველა დეტალზე რომ ამახვილებენ ყურადღებას. ასე ხდება “სან ანტონიოში”. იქ სტრუქტურული კალათბურთია, ისევე როგორც “მაიამისა” და “ბოსტონში”. შეიძლება ახალგაზრდა კალათბურთელისთვის სწორედ ასეთ სისტემაში მოხვედრა სჯობდეს, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. მეც ვფილოსოფოსობ…

რაც შეეხება “ინდიანასა” და “პორტლენდს”, იქ სხვა მიდგომაა: მიჰყავთ კარგი კალათბურთელები, მათაც თავისით უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი და სხვებმაც – ლიდერების გვერდით. მოკლედ, შენს მიდგომაზე, შენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, მოიპოვებ თუ არა წუთებს.
ეს სეზონი გოგასთვის დიდი გამოცდა იქნება.

– შრომა უყვარს, წესით, უნდა ჩააბაროს.

– ბითაძისაც მეიმედება და მისი გარემოცვისაც. მას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ჰყავს. აუცილებლად მიუჩენენ პირად მწვრთნელს და დამატებით ბევრს იმუშავებს. კარგია ისიც, რომ სერბეთის სკოლაც გამოიარა. იქ იციან, როგორ მოამზადონ კალათბურთელები.

– მიმაჩნია, რომ ანტეტოკუნმპოს ერთგვარად გაუმართლა, რომ დრაფტზე არჩევიდან პირველ წელს აღმოჩნდა გუნდში, რომელსაც პლეი ოფში გასვლის პრეტენზია იანვრის შემდეგ აღარ ჰქონდა. “მილუოკიმ” ხომ იმ სეზონში 15 მატჩი მოიგო. ასეთ გუნდში ბითაძის მოხვედრა, მგონია, უკეთესი იქნებოდა.

– არ დაგეთანხმებით. ბითაძე სპეციფიკური მოთამაშეა. აქვს კარგი მონაცემები, მაგრამ დიდი ათლეტიზმით არ გამოირჩევა. მან გუნდზე უნდა ითამაშოს და იგი გუნდმა გამოიყენოს. ანტეტოკუნმპო იმ ტიპის კალათბურთელია, ბურთი რომ უნდა მისცე და მერე თავად იცის… ასეთი მოთამაშისთვის ახალგაზრდულ ასაკში უპრეტენზიო გუნდში მოხვედრა მართლაც სასარგებლოა, ბითაძემ კი სხვა კალათბურთი უნდა ითამაშოს.
სუსტ გუნდში მოხვედრა განვითარების გარანტია სულაც არ არის – შეიძლება 30 წუთი ითამაშოს, მაგრამ ბურთი ცენტრს საერთოდ არ მიუვიდეს. NBA-ში ცენტრებს მხოლოდ 7-8 გუნდი ეყრდნობა. ასეთია “ინდიანა”, რომელშიც ერთ-ორ წელიწადში ბითაძეს შეუძლია მოღონიერდეს, დამძიმდეს, შემდეგ თამაში საკუთარ თავზე აიღოს და მოიგოს.

ძალიან მიხარია, რომ NBA-ს კიდევ ერთი ქართველი შეემატა. მას ისევე ვუქომაგებ, როგორც ზაზას. სიეტლში ვცხოვრობ. პორტლენდამდე სამი საათის გზაა, “ინდიანა”-“პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” თამაშს აუცილებლად დავესწრები და გოგასაც ვუქომაგებ.

წყარო: lelo.ge

SHARE