ზაზა ნადირაძე: ახლა მთავარი ტოკიოს ოლიმპიადაა

453

ორიოდე დღის წინათ უნგრულ სეგედში დამთავრდა ნიჩბოსანთან მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე 2017 წლის მსოფლიოს (რაჩიცე) მეორე და ევროპის (პლოვდივი) მესამე პრიზიორმა, კონტინენტის შარშანდელმა (ბელგრადი) ჩემპიონმა და 2019 წლის მსოფლიოს თასის მფლობელმა ზაზა ნადირაძემ. მცხეთელ სპორტსმენს, რომელსაც 2 სექტემბერს 26 წელი შეუსრულდება, უნგრეთში შევეხმიანეთ.

– მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება ნებისმიერი სპორტსმენისთვის სასიხარულოა და გამონაკლისი არც მე ვარ, – გვითხრა მან, – მაგრამ ამ შეჯიბრებით ერთგვარად გულნაკლულიც დავრჩი, რადგან უკეთესი შედეგისთვის ვიყავი მომზადებული. ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, იქიდანაც ჩანს, რომ ასპარეზობის პირველ დღეს 200 მეტრი 38.63 წამში დავფარე და ნახევარფინალში პირველი ადგილით მოხვდი – კვალიფიკაციის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. ნახევარფინალში კი 38.81 წამით მეორე ვიყავი ლიტველი ჰენრიკას ჟუსტაუტასის შემდეგ.

– ლიტველი ფინალშიც თქვენზე წინ აღმოჩნდა ფინიშთან.

– ამ ჩემპიონატისთვის ბელარუსის ქალაქ ბრესტში ვემზადებოდი ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ლომიშვილთან ერთად. ტრავმის შემდეგ ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს.

საკვალიფიკაციო გაცურვებმა გვიჩვენა, რომ ჩემპიონატისთვის კარგად იყვნენ მომზადებული ჟუსტაუტასი, ბელარუსი არტსიომ კოზირი და ესპანელი ალფონსო ბენავიდესი. ლიდერებად, ფაქტობრივად ჩვენი ოთხეული ჩამოყალიბდა და მეც მათზე მქონდა აქცენტი გადატანილი. ფინალური პაექრობისას პირქარი ქროდა, რამაც ჩემზე გარკვეულწილად იმოქმედა.

საქმე ის არის, რომ ლიტველი და ბელარუსი სპორტსმენიც ჩემზე მძიმე წონისანი არიან და ასეთ ამინდში ამას გარკვეული უპირატესობა აქვს. თანაც ისინი ჩემგან მოშორებით იდგნენ ბილიკებზე და ასპარეზობისას მათ თვალს ვერ ვადევნებდი. ყოველივეს მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ისინი ფიზიკურად ჩემზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ამიტომაც დამსახურებულად მოიპოვეს ოქროს და ვერცხლის მედლები.

– ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში 200 მეტრის ნაცვლად ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე შეჯიბრებაა შეტანილი.

– დიახ, ასეა. სეგედში ექვსმა სპორტსმენმა უკვე დაიმსახურა ტოკიოს ოლიმპიადის საგზურები. მეც მინდოდა ამ დისტანციაზეც მეცადა ბედი, მაგრამ პირველობაზე წამოსვლამდე რამდენიმე საკონტროლო შეჯიბრება მქონდა 1000 მეტრზე. რადგან სასურველი შედეგი ვერ ვაჩვენე, მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე, უნგრეთში ეს დისტანცია გამომეტოვებინა.

გაისად ორი სალიცენზიო საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართება და იქ ვეცდები საგზურის მოპოვებას. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ მომავალი წლის ოლიმპიურმა თამაშებმა უჩემოდ არ ჩაიაროს. უკვე შემოდგომიდან დავიწყებ მზადებს. 1000 მტრისთვის ერთადერთი და არც ისე იოლად დასამუშავებელი სუსტი მხარე მაქვს – გამძლეობა, რის გამომუშავებასაც დიდი დრო სჭირდება, თავს არ დავზოგავ ქომაგების გასახარებლად, რადგან აქტიური მხარდაჭერისთვის მე მათ წინაშე ვალში ვარ.

წყარო: lelo.ge

SHARE