ზაზა ფაჩულია: კობი ბრაიანტი რესტორანში ჩემს მაგიდასთან მოვიდა და ჩემს მეგობრებს სათითაოდ გაეცნო

684

“კალათბურთის ყველა გულშემატკივრისთვის ძალიან მძიმე დღეა, განსაკუთრებით ჩემთვის და ჩემი თაობის მოთამაშეებისთვის. 16 სეზონის განმავლობაში მიწევდა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში. ბოლო წლებში მასთან პირადად მქონდა ურთიერთობა, არა მხოლოდ როგორც მეტოქესთან. 2015 წელს, როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მთელი ჩემი ცხოვრება ვნატრულობდი, რომ მისთვის მადლობა მეთქვა. მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთი ასე შემაყვარა, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს.

იმავე სეზონში ბრაიანტს ლოს ანჯელესშიც შევხვდი. რესტორანში ჩემს მეგობრებთან ვიყავი, ბრაიანტი სტეფ კარისთან ერთად ვახშმობდა. მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, ყველას მოგვესალმა, რაც ცოტა მოულოდნელი იყო. მან ყველას თავი სათითაოდ გააცნო, თუმცა კობის ვინ არ იცნობდა?!

ის იყო ყველაზე მაგარი კალათბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ერთ-ერთი არა, – ყველაზე მაგარი იყო. მოედნის გარეთაც დიდი ადამიანი გახლდათ. ძალიან მძიმეა ჩემთვის, მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან 41 წლის ასაკში, თავის ანგელოზ გოგონასთან ერთად, რომელიც ასევე კალათბურთს თამაშობდა. ჩემი თხოვნა, ჩემი მოწოდება იქნება ჩემი ქართველებისთვის – ცხოვრება ხანმოკლეა და მოვასწროთ, ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს, ნეგატივი მოვიშოროთ გულიდან, ტვინიდან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში, წლებში, თვეებში დიდი ნეგატივი დაგროვდა. ეს არ არის კარგი. საბოლოოდ არავის არაფერი დარჩება, ცხოვრება ხანმოკლეა. სიყვარულს არაფერი სჯობს.

დღეს ყველაფერი პირადული, სამსახურეობრივი გადავდე და ჩემს ოჯათან ვარ. ამაზე უკეთესი არაფერია. მაქსიმალურად ვეცადე სითბო, სიყვარული გამომევლინა ჩემი შვილების, მეუღლის, ახლობლების, მეგობრების მიმართ. ვისაც შემეძლო ყველას მივწერე, რომ ძალიან მიყვარს, მენატრება.

კობიმ ბევრ ბავშვს, მათ შორის მეც შემაყვარა კალათბურთი. მან სპორტის ეს სახეობა მთელს მსოფლიოს გააცნო. დარწმუნებული ვარ, NBA მის ღვაწლს სათანადოდ დააფასებს. დამწუხრებული იმიტომაც, ვარ, რომ NBA დიდი ოჯახია, მე ოჯახის წევრი დავკარგე, თავის ქალიშვილთან ერთად. 16 წლის განმავლობაში ხომ მის წინააღმდეგ ვთამაშობდი და როცა არ ვთამაშობდი, ტელევიზორში მის მატჩებს ვუყურებდი.

არ უნდა დავავიწყდეს, რომ კალათბურთელის გარდა კობი ბრაიანტი იყო მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი. გული იმაზეც ძალიან მწყდება, რომ მას მერე, რაც კალათბურთს თავი დაანება, თავის ოჯახთან ყოფნით იღებდა სიამოვნებას. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ხედავდე შვილებს როგორ იზრდებიან, როგორ ვითარდებიან, როგორ პროგრესირებენ. კალათბურთელის კარიერის განმავლობაში ამას ვერ ხედავ, რადგან საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა გიწევს. გადიოდა თვეები, რომ საკუთარ ოჯახებს ვერ ვხედავდით. კალათბურთი ამას მოითხოვს. კობიმ ოჯახისთვის ბოლო წლებში მოიცალა, მაგრამ…”

წყარო: lelo.ge

SHARE