ზოგისთვის დასაფიქრებელი! რატომ გადაწყვიტა ვაკო გვილიამ ევროპაში თამაში?!..

396

ყაზახური გამოცემა sports.kz აქვეყნებს ვაკო გვილიას კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ თქვა უარი ყაზახეთსა და აზიურ კლუბებში თამაშზე და რატომ წავიდა მაინცდამაინც ევროპაში. საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ამბობს, რომ არაევროპული ქვეყნებიდან 3-4 წინადადება მიიღო, თუმცა…

“დიახ, იყო წინადადებები ყაზახეთიდანაც, აზიური კლუბებიდანაც, კიდევ სხვა ქვეყნებიდან, დაახლოებით 3-4 შეთავაზება მქონდა, თან ძალიან მაღალ ანაზღაურებასაც მპირდებოდნენ… მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი იყო არა ფული, არამედ განვითარება საფეხბურთო კუთხით. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი, მეთამაშა ევროპაში, რადგან ჩემი კარიერისთვის, წინსვლისთვის, საფეხბურთო უნარ-ჩვევების სრულყოფისთვის სწორედ ევროპულ კლუბებში თამაშია აუცილებელი”.

ძალიან კარგია, რომ ფეხბურთელი ასე აზროვნებს, როცა ხვდება, რომ ევროპაში თამაში გაცილებით მეტად უწყობს ხელს კარიერულ წინსვლას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელი, როცა არჩევანია რუსეთსა (დავანებოთ თავი ყაზახეთს, აქ პრინციპზეა ლაპარაკი) და ევროპას შორის, ხშირად გადაწყვეტილებას რუსეთის სასარგებლოდ იღებენ და ამას არ მოსდევს პოზიტიური შედეგი.

სწორედ ამიტომ, გაფაციცებით ვადევნებთ თვალ-ყურს და ვგულშემატკივრობთ ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილისა და ბექა მიქელთაძის მომავალს “რუბინში”. ჩვენ ვიცით, რომ იყო ვარიანტი, ზოგიერთ მათგანს კარიერა ევროპაში გაეგრძელებინათ, მაგრამ “აირჩიეს” რუსეთი.

ვფიქრობთ, გვილიას სიტყვები არა მარტო მათთვის, სხვებისთვისაც დამაფიქრებელი იქნება…

წყარო: lelo.ge

SHARE