ზურაბ კაკაბაძე: ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ

408

ბოლო ხუთი წელიწადია, თბილისი უმაღლეს დონეზე მასპინძლობს ხელბურთელ ქალ-ვაჟთა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს.

სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ორგანიზაციებს ეს მხედველობიდან არ გამოპარვიათ და საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ზედიზედ ოთხჯერ ტოპორგანიზატორის დიპლომითა და სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.

ამ შეჯიბრებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლავთ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, რომელიც 45 წელიწადია, სპორტის ამ სახეობას ემსახურება.

ხელბურთში ვარჯიში 1974 წელს დაიწყო ოთარ ჟვანიას ხელმძღვანელობით, მერე ანზორ ექსეულიძესთან, ჯემალ ცერცვაძესა და იმედო ფხაკაძესთან იმაღლებდა ოსტატობას.

-თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, – გაიხსენა ჭაბუკობის წლები ბატონმა ზურაბმა. – ერთ დღეს ფიზკულტურის მასწავლებელმა შემოგვთავაზა, ხელბურთის სექციაზე გვევლო. მთელმა კლასმა მაშინვე ვერის ბაღში მდებარე დარბაზს მიაშურა. ორწლიანი ვარჯიშის შემდეგ ჩამოყალიბდა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები, რომლის კაპიტნადაც მე ამირჩიეს.

1976 წლის ზაფხულს ლვოვში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაში ვიასპარეზეთ ანზორ ექსეულიძის ხელმძღვანელობით. მერე საკავშირო ახალგაზრდულ ჩემპიონატში მე-6 ადგილი დავიკავეთ და 1977 წლის დასაწყისში იმედო ფხაკაძემ თბილისის „ქარიშხალაში“ მიმიწვია.

მაშინ ჩვენი უპირველესი გუნდის ღირსებას იცავდნენ სახელოვანი ხელბურთელები – ალექსანდრე ანპილოგოვი, ამბერკი ტაბიძე, გია ნარიმანიძე, ძმები – ვახო და გოგა ბერიაშვილები, ჯემალ ბარამიძე და სხვები. ორი წელიწადი გავატარე მათ გვერდით. მერე სწავლამ გადამძალა, მაგრამ ხელბურთისთვის ზურგი არასდროს მიქცევია.

– თუმცა შემობრუნების წერტილად მაინც 2002 წელი ითვლება…

– გეთანხმებით. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო კლუბში დავიწყე მუშაობა. სამი წლის შემდეგ ფედერაციის გენერალურ მდივნად ამირჩიეს, 2012-იდან კი აგერ შვიდი წელიწადია, ჩვენს ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ.

– განვლილ წლებში ქართული ხელბურთის სასიკეთოდ ბევრი რამ შეიცვა.. 

– ყოველ შემთხვევაში, ძალა და ენერგია არ დაგვიზოგავს. 2015 წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს. რაც მთავარია, მაშინ ჩაეყარა საფუძველი ქალთა ხელბურთის აღორძინებას. მსიამოვნებს, რომ ბოლო ოთხი წელიწადია, ვაჟების მსგავსად, საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატშიც 8-8 გუნდი სტაბილურად მონაწილეობს, მართალია, ახალგაზრდა ხელბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ საგრძნობი წინსვლაც იგრძნობა: ჩვენი გოგონები ბოლო დროს წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში.

დასტურად ისიც კმარა, რომ ქართველებმა 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ამას წინათ თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სამი მატჩი მოიგეს და მე-6 ადგილი დაიკავეს, რამაც ასაკობრივი ნაკრებების ევროპულ რეიტინგში საკმაოდ დაგვაწინაურა. ამ გოგონების უმრავლესობამ ლიეტუვაში 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზეც მოსინჯა ძალები და სპეციალისტებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

საგულისხმოა ისიც, რომ უწინ უცხოელ კლუბებში მხოლოდ ქართველი ვაჟები თამაშობდნენ, ახლა მათ გოგონებმაც მიბაძეს. ყოველივე ამან კი საქართველოში ხელბურთის გეოგრაფიის გაზრდას შეუწყო ხელი.

– როგორც ტოპორგანიზატორი ქვეყანა, საერთაშორისო ფედერაციებმა ზედიზედ ოთხჯერ დაგვაჯილდოეს… 

– ბოლო რამდენიმე წელიწადია, მაღალი დონის სახელბურთო ტურნირებს ვმასპინძლობთ. როგორც გითხარით, 2015 წელს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი ჩავატარეთ, 2016-ში – ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ჩვენთან, მომდევნო წელს – ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატი 24 გუნდის მონაწილეობით. 2018 წელს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი ზაფხული: თბილისის სპორტის სასახლეში ჯერ IHF-ის ერთა 12-გუნდა ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრების 18-22 წლის ბიჭებმა ნამდვილად სანაქებოდ ითამაშეს, ფინალში ათბურთიანი სხვაობით კუბის გუნდი დაამარცხეს და ტურნირის ოქროს მედლებთან ერთად ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის – პლეი ოფის საგზურიც დაიმსახურეს. ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, ახალგაზრდულმა გუნდმა უდიდეს ფიზიკურ დატვირთვას გაუძლო – 9 დღის განმავლობაში შვიდი მატჩი მოიგო და მთავარი პრიზი მოიპოვა.

შემდეგ იყო 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი. ათასამდე სტუმარი გვყავდა. ვფიქრობ, რომ მომსახურება, მართლაც, უნაკლო გამოგვივიდა. მსოფლიოს ფედერაციის 16 ტექნიკური დელეგატი აკვირდებოდა ამ პაექრობებს და მათგან შენიშვნაც არ მიგვიღია. ასპარეზობა სპორტის სასახლეში უმაღლეს დონეზე ჩატარდა, ამიტომაც ჩემპიონატის მსვლელობისას საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველომ, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვან შეჯიბრებებსაც უმასპინძლოსო. ჩვენც ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ვართ…

წლეულს ნოემბერსა და გაისად იანვარში საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, ხოლო 31 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს ბათუმის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი „შავი ზღვის ბიჭები“ ევროტურნირში ლუქსემბურგელებთან მოსინჯავს ძალებს. მერე ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყება.

წყარო: lelo.ge

SHARE