თურქები მაკარიძეს ემუქრებიან!

408

თურქული მედიის ინფორმაციით, იქაურ სუპერლიგაში აღზევებული “ერზურუმსფორი” საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეს მოუწოდებს, კლუბში დროულად გამოცხადდეს. როგორც oltumedya.com იტყობინება, 30 წლის მეკარემ შესაბამისი წერილი უკვე მიიღო, სადაც მას, დიდი ალბათობით, ეცნობა იმის თაობაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება “ერზურუმსფორში” მის არგამოცხადებას.

საქმე ისაა, რომ მაკარიძეს უკვე აქვს ამ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი, სრულფასოვან ხელშეკრულებას კი ხელი 8 სექტემბრამდე უნდა მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქები საჩივარს გაგზავნიან ფიფაში და ეცდებიან, მაკარიძეს 4-თვიან დისკვალიფიკაციასთან ერთად, სოლიდური ფინანსური ჯარიმაც აჰკიდონ.

8 სექტემბრამდე მაკარიძე ალბათ ვერ ჩავა თურქეთში. ამჟამად ის საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 5 სექტემბერს ტალინში ეთამაშება ესტონეთს, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონია უნდა მიიღოს.

თურქული მედიის ცნობით, “ერზურუმსფორის” შეფობა იმად განაწყენდა, რომ მაკარიძე მოლაპარაკებას აწარმოებდა ესპანურ “ალმერიასთან” და პორტუგალიური ფეხბურთის გრანდ “ბენფიკასთან”, რომელსაც ადრეც სურდა ქართველის გადაბირება.

წყარო: lelo.ge

SHARE