იბრაჰიმოვიჩი: მილანი თუ ბოლონია?

253

ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) კომისარმა დონ გარბერმა განაცხადა, რომ „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდება სათამაშოდ. 38 წლის შვედი ამ იტალიურ გუნდში 2010-12 წლებში თამაშობდა. მისი კონტრაქტი „გელაქსისთან“ 2019 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.

„ზლატანი საინტერესო პერსონაჟია. მასთან არ მოიწყენ. პოპულარიზაციისთვის ჩვენ გვჭირდება ასეთი ბიჭები, როგორიც, თავის დროზე, ბექჰემი იყო. ზლატანი 38 წლისაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპკლუბ „მილანში“ გადადის.

ბოლო ორ წელიწადში მან კინაღამ გააუმჯობესა რეკორდები გოლების მხრივ, მასზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა – როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ის არ გაძლევს მოწყენის საშუალებას და მინდა, რომ დაბრუნდეს. მაგრამ, ეს უკვე „გელაქსიზეა“ დამოკიდებული“, – თქვა გარბერმა.

სხვათა შორის, ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში დაიწერა, რომ იბრაჰიმოვიჩის მეუღლე უკვე ეძებს სახლს მილანში.

პარალელურად, გაზეთ „კორიერე დელო სპორტის“ მონაცემებით, იბრაჰიმოვიჩი კარიერას „ბოლონიაში“ გააგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პირადად დაურეკა ზლატანს და მოუწოდა მას იტალიაში ჩასვლისკენ – საკუთარი თავისა და ქვეყნის გასართობად.

ცნობილია, რომ იბრაჰიმოვიჩი მეგობრობს მიხაილოვიჩთან, რომელიც, დღეისთვის ლეიკემიისგან მკურნალობის კურსს გადის.

შვედი ფორვარდი 10 დეკემბრამდე მიიღებს გადაწყვეტილებას. წელს, ფეხბურთელმა MLS-ში 31 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

წყარო: lelo.ge

SHARE