ივიკო ერგემლიძე: თსუ მხოლოდ პირველი ადგილისთვის იბრძოლებს

410

თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო – სტუდენტები პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილის თავში არიან. სუპერლიგაში, ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ თსუ ფიზიკური მომზადების მხრივ საუკეთესოა.

როგორ მოახერხა ასეთ მცირე დროში გუნდის კარგ ფიზიკურ კონდიციებში მოყვანა და რა გეგმები აქვს მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე თსუ-ს ფიზმომზადების მწვრთნელი – ივიკო ერგემლიძე გვესაუბრა.

– გუნდში კონკრეტული გეგმით მივედი. მთავარი ის იყო, რომ მწვრთნელებიდან ჩემს საქმიანობაში არავინ ჩარეულა, მქონდა სრული თავისუფლება და საქმეს ჩემი შეხედულებისამებრ მივყვებოდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მქონია არცთუ კარგი გამოცდილება ამ მხრივ, როცა მწვრთნელები ფიზმომზადების საქმიანობაში უხეშად იჭრებიან, რასაც სასურველი შედეგი აღარ მოაქვს. აქ მნიშვნელოვანია მოთამაშეების ფაქტორი, შეიძლება ითქვას რომ გუნდი გამომყვა და ჩემი მითითებები ზედმიწევნით კარგად შეასრულა, რამაც შედეგიც გამოიღო. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის ხელმძღვანელობას სრული მხარდაჭერისთვის.

– რამე განსაკუთრებული ვარჯიშები გაქვთ?

– ინდივიდუალური მიდგომა მაქვს თითოეულ მოთამაშესთან, არ შეიძლება ნებისმიერი სპორტსმენი ერთნაირად ავარჯიშო და ერთნაირად დატვირთო. რაც მთავარია წლების განმავლობაში ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე და ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში ძალიან მეხმარება. მიმუშავია სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელთან, ინდივიდუალურად თუ გუნდურად, როგორც სპეციალისტი ამ პროცესში მეც გავიზარდე და დიდი ცოდნაც მივიღე.

– რამდენადაც ვიცი, ფიზმომზადების შესახებ კურსები უცხოეთში გაიარეთ. სად, როგორ?

– ჯერ იყო ერთთვიანი კურსი სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოსში, სადაც ფიზიკური მომზადების კუთხით ძალიან წინ არიან და ეს ჩანს თუნდაც მათი რაგბის ნაკრების თამაშის დროს. მათი მორაგბეების ფიზიკური მომზადების შეფასებისას. შემდეგ იყო ბერლინში გავლილი შესაბამისი მომზადების კურსები და ასევე ონლაინ კურსები, რომელიც ჩემი მუდმივი მუშაობის ნაწილია. სულ ვცდილობ რაღაც ვისწავლო, გავიზარდო და მეტი გამოცდილება დავაგროვო, რომელსაც მერე ჩემს სპორტსმენებს გავუზიარებ.

– ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია საკალათბურთო გუნდში ფიზმომზადების საკითხი?

– თანამედროვე სპორტში წარმატების მიღწევა კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. არც ტექნიკა, არც ტაქტიკური და არც თეორიული მომზადება ვერ მოგცემს შესაბამის შედეგს, თუ გუნდი ან სპორტსმენი სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ არის. სხვა საქმეა, რომ იმისთვის რომ სპორტსმენი შესაბამის კონდიციაში მოიყვანო, საჭიროა სპორტსმენმა ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვას. მარტო ფიზიკური დატვირთვა ვერ მოგვცემს შედეგს, ეს შეიძლება იყოს საერთო მომზადების 40%, დანარჩენი – კვება, ძილი, აღდგენა ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც სპორტსმენმა უნდა დაიცვას. მე სულ ვუხსნი ჩემს სპორტსმენებს, რომ თუ არ დამეხმარებიან, ვარჯიშიდან წასულები საკუთარ თავზე არ იზრუნებენ, ისე სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.

– ისევ თსუ-ს რომ დავუბრუნდეთ, გუნდის ფიზიკური მომზადების და შემადგენლობის გათვალისწინებით, რა მიზანი შეიძლება დაისახოს გუნდმა სუპერლიგაში?

– საერთოდ, მე სადაც მიმუშავია, ყველგან უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოდით, ამბიციური ვარ და აქაც თსუ-ში ჩემი მიზანი მხოლოდ პირველობაა. მერწმუნეთ, როცა ამას ვამბობ არაფერს ვაჭარბებ მჯერა ჩემი კალათბურთელების, რომლებთანაც ვმუშაობ და იმ გუნდის, ვისთანაც ერთადაც თსუ-ს ვწვრთნი.

წყარო: lelo.ge

SHARE