ინტერვიუ ლეო მესისთან: რონალდინიო განსაკუთრებული ადამიანია… სრულყოფილი და უცოდველი არავინაა… ჩემი გული ‘ბარსელონას’ და არგენტინის ნაკრებს ეკუთვნის

332

ზუსტად 15 წლის წინ, ლიონელ მესის დებიუტი ჰქონდა „ბარსელონას“ შემადგენლობაში. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ავტორიტეტულმა გაზეთმა AS-მა გაიხსენა თავისი პირველი ინტერვიუ… მაშინ 20 წლის არგენტინელი რედაქციაში ძმასთან, როდრიგოსთან ერთად მივიდა. მესის დებიუტიდან უკვე სამი წელი იყო გასული.

– ლეო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც პოპულარობის მწვერვალზე აღმოჩნდით?

– მადლიერებით, მაგრამ ამავდროულად, მშვიდად ვხვდები ამ ყველაფერს. ასეთი რამ ბუნებრივად უნდა აღიქვა.

– თქვენი თამაშით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია…

– შესანიშნავია, თუ შენ კარგად ასრულებ სამუშაოს და ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებ. ჩემი პროფესიის ყველაზე მომხიბვლელი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ შემიძლია გამარჯვებით გამოწვეული სიხარული დანარჩენებთან ერთად გავიზიარო. „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელი გრძნობს, რომ ხალხი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის.

– ეს მედლის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს მეორეც…

– ეს ის არის, რისი გადახდაც წარმატების სანაცვლოდ გიწევს. შენ უკვე მხოლოდ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი, პოპულარული ხდები და ამაშია მთელი  რისკი. მაგრამ, მე ძალიან მადლიერი ვარ ბარსელონელების, ისინი ძალიან ზრდილობიანები არიან და მოწიწებით მეპყრობიან. მადლობას ვეუბნები მათ ჩემდამი ასეთი დამოკიდებულებისთვის.

– მოგწონთ ავტოგრაფების დარიგება?

– რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ადამიანები საათობით ელოდებიან, როდის გახვალ მათთან, ფოტოს გადაიღებ და ავტოგრაფს მისცემ. ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც მათთვის შეგვიძლია. ჩვენ ვარსებობთ იმიტომ, რომ არსებობენ ისინი.

– უდიდესი პოპულარობა, მუდმივი ქება თქვენი მისამართით… ასე შეიძლება თავი დაკარგოთ…

– არა, მე ეს არ მემუქრება. ყოველთვის ვცდილობ მყარად ვიდგე მიწაზე და თავი არ დავკარგო. ამაში ჩემი უახლოესი ადამიანები მეხმარებიან, რომლებიც მაიძულებენ საღად შევაფასო სიტუაცია. მათი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– როცა 17 წლისას დებიუტი გქონდათ „ბარსელონაში“, ოცნებობდით ასეთ პოპულარობაზე?

– რა თქმა უნდა, არა! ვოცნებობდი „ბარსაში“ დებიუტზე, „ნოუ კამპზე“ გოლის გატანაზე, ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, მუნდიალზე ნაკრებთან ერთად ტრიუმფზე, მაგრამ არასოდეს იცი, ასრულდება თუ არა ეს ოცნებები. პროგრესი თანდათანობითი უნდა იყოს, რათა მოვლენათა ბუნებრივი სვლა არ დაირღვეს.

– თქვენ ხომ მხოლოდ 20 წლის ხართ…

– ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უკვე ჩემი ბიოგრაფიაც კი დაწერეს.

– და სრულიად დამსახურებულად. სხვა საქმეა, რომ მალე ამ ბიოგრაფიის გადაწერა მოუწევთ. ამჟამად რაზე ოცნებობს ლეო მესი?

– იმაზე, რომ ჩემმა სამუშაომ სარგებლობა მოიტანოს, იმაზე, რომ ბევრს მივაღწიო ჩემს გუნდთან ერთად. ყოველთვის ვამბობ: ვთამაშობ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი. ჩვენ ერთად ვიგებთ და ვაგებთ თამაშებს.

– „ბარსელონაში“ ბედნიერი ხართ?

– ძალიან. აქ 13 წლის ასაკში მოვხვდი და უკვე მაშინ ვოცნებობდი იმაზე, თუ როგორ მოვიგებდი ტიტულებს მის შემადგენლობაში.

– ეს ოცნება რეალობად იქცა…

– ამით გამოწვეული ბედნიერების განცდა არც მანამდე მაკლდა. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა ქვედა დივიზიონებში ვთამაშობდი, როცა „ბარსელონა B“-ში გადამიყვანეს, როცა პირველ გუნდთან ერთად აზიურ ტურნეში გავემგზავრე, როცა მის შემადგენლობაში გამპერის თასზე მქონდა დებიუტი. ყველაფერი კარგად მახსოვს და ეს მოგონებები ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– თუმცა იყო წარუმატებლობებიც და ტრავმებიც.

– ეს პროფესიის შემადგენელი ნაწილია. ძალიან ცუდად გადავიტანე კუნთის ტრავმა. გუნდი აღმავლობის გზაზე იყო, მოიგო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, მე კი მას ვერ დავეხმარე. შემდეგ იყო ოპერაცია და მაშინაც ძალიან გამიჭირდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მტკიცე გავხდი და ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ.

– შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს კარიერის საუკეთესო მომენტი გიდგათ?

– დიახ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგაც არ გავაგრძელებ პროგრესს. ყოველთვის არსებობს დახვეწის შანსი, მაგრამ ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ დღეს ჩემთვის ყველაფერი საუკეთესოდ ვითარდება.

– პირველ რვა მატჩში შვიდი გოლი გაიტანეთ, თანაც პამპლონაში მატჩი გამოტოვეთ…

– ისინი, ვინც დიდი ხანია მიცნობენ, იციან, რომ ყოველთვის ბევრი გოლი გამქონდა. როცა პატარა ვიყავი, ხშირად ვხდებოდი საუკეთესო ბომბარდირი.

– ყველაზე ძალიან გოლის გატანა მოგწონთ?

– გოლის გატანა ყოველთვის კარგია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ლამაზია და თანაც გადამწყვეტი. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზუსტი პასის მიცემა, რომლის წყალობითაც შენი პარტნიორი ახერხებს კარის აღებას. თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოგებას აქვს. თუ შენ გამარჯვებას ახერხებ, მნიშვნელობა არ აქვს, გოლი გაიტანე თუ არა. როცა აგებ და გოლის გატანის შანსს უშვებ ხელიდან, ფიქრობ იმ მომენტზე, როცა შეგეძლო ყველაფერი შენს სასარგებლოდ გადაგეწყვიტა.

– ჩემპიონატი თუ ჩემპიონთა ლიგა. რომლის მოგება უფრო გსურთ?

– ერთიც და მეორეც. ყველაფრის მოგება მინდა. ქვეყნის თასის, ამხანაგური მატჩების… ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს იმისთვის, რომ ყველა მიზანს მივაღწიოთ.

– წლევანდელი სეზონის მსვლელობაზე რა აზრის ხართ?

– კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ. შემადგენლობის ჩამოყალიბების ფაზა გავიარეთ, რაც თან ახლავს ხოლმე ნებისმიერი სეზონის სტარტს. შემდეგ იყო ბევრი ტრავმა, რამაც ასევე იმოქმედა გუნდზე, მაგრამ ჩვენ საკმარისად დიდი და ძლიერი გუნდი გვყავს იმისთვის, რომ ეს პრობლემა ნაკლებად დაგვტყობოდა.

– მთელი ბარსელონა თქვენს ჯანმრთელობაზე ლოცულობს.

– არა, არა. მთავარია გუნდისთვის ილოცონ.

– თავმდაბლობა საჭირო არ არის. ქალაქი „მესიმანიით“ არის შეპყრობილი.

– ეს არასწორია. ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ერთი კარგად თამაშობს ამ მატჩში, მეორეს შემდეგ შეხვედრაში გამოუვა. სრულყოფილი და უცოდველი არავინაა.

– თავს ლიდერად გრძნობთ?

– ოდნავ უფრო მეტად, ვიდრე ადრე.

– არ გეჩვენებათ, რომ გუნდი არასტაბილურად თამაშობს?

– შეუძლებელია, ყველა მატჩი მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით მივდივართ წინ, „რეალს“ თითქმის დავეწიეთ. ზოგიერთ შეხვედრაში ჩავარდნა გვქონდა, რაც სავსებით ნორმალურად მიმაჩნია.

– მალე გამოვლინდება „ოქროს ბურთისა“ და ფიფას პრიზის ლაურეატი. თქვენ ორივე ჯილდოზე ნომინირებული ხართ.

– ეს ძალიან პრესტიჟული ჯილდოებია და მსიამოვნებს, რომ პრეტენდენტთა რიცხვში მოვხვდი, მაგრამ მათი მოპოვების მანიით არ ვარ შეპყრობილი. პროგრესი თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განიცადო და პრიზებზე არ უნდა იფიქრო. თუ გამარჯვებულად დამასახელებენ, კარგი იქნება, თუ არა და, მუშაობას გავაგრძელებ.

– ყველა კაკას ფავორიტობაზე საუბრობს.

– ეს ნორმალურია. ის უდიდესი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა ლაურეატობას ნებისმიერი ნომინირებული ფეხბურთელი იმსახურებს.

– ბუნებრივია, თქვენი კიდევ ერთი ოცნება მსოფლიოს თასის მოგება იქნება.

– ჩემი გული „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრებს ეკუთვნის. მინდა ამ გუნდებთან ერთად ყველაფერი მოვიგო. დიახ, მსოფლიოს თასი ჩემი ოცნებაა.

– მოდით, რონალდინიოზე ვისაუბროთ. თქვენ ყოველთვის იცავთ მას, აცხადებთ, რომ ბრაზილიელთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ…

– რონალდინიო განსაკუთრებული ადამიანია ჩემთვის. მას შემდეგ, რაც პირველ გუნდში მოვხვდი, ის განსაკუთრებულად მეპყრობოდა. მისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, მუდმივად რჩევებს მაძლევდა და ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, როცა რაიმე მიჭირდა.

– დღეს რონალდინიო თამაშისადმი დამოკიდებულების გამო კრიტიკას იმსახურებს…

– დღესაც კი მას მარტო შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა. დრიბლინგი, დარტყმა… რონალდინიო ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. მე მას კვლავინდებურად საუკეთესოდ მივიჩნევ მსოფლიოში.

– ამ სეზონში, „ბარსელონას“ რიგებში კიდევ ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი გამოჩნდა – ტიერი ანრი.

– მას გარკვეული დრო დასჭირდა ჩვეული სათამაშო დონის მისაღწევად. ის სხვა ქალაქში, სხვა კლუბში გადავიდა, მოუწია შეჩვეოდა თამაშის სხვა სტილს. ის აქ დიდ გამარჯვებებს მიაღწევს.

– თქვენ „ბარსაში“ მაშინ მოხვედით, როცა მას უკვე ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა.

– რაიკაარდმა ამ დროის განმავლობაში ბევრი გააკეთა ჩემთვის. ის აუცილებელ რჩევებს მაძლევდა და წინ მიმიძღვოდა. მე მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

– მაგრამ ის, რაც გასახდელში ხდება, არავისთვის არ არის ცნობილი.

– ფრანკი ამას ყოველთვის კარგად ართმევდა თავს. გუნდის ყველა წარმატება ძირითადად იმასთანაა დაკავშირებული, რომ მან შეძლო ჩვენ შორის ბრწყინვალე ურთიერთობების დალაგება. რაიკაარდს ეს ძალიან კარგად გამოსდის.

– „ბარსელონა“ „რეალს“ ჩამორჩება. როგორ მოგწონთ წელს მადრიდელთა თამაში?

– მეტ-ნაკლებად. ისევე როგორც გასულ სეზონში, ისინი კარგად არ თამაშობენ, მაგრამ იგებენ. ეჭვგარეშეა, „რეალი“ ჩვენი მთავარი მეტოქე იქნება.

– კიდევ რომელ გუნდებს მიიჩნევთ კონკურენტებად?

– „ვალენსიას“, „ატლეტიკოს“, „ვილიარეალს“, რომლებსაც კარგი ტემპი აქვთ აღებული და მათზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რომ ჩემპიონის ტიტული მოვიპოვოთ.

წყარო: lelo.ge

SHARE