ინტერვიუ რევაზ ჭანტურიასთან: მიზანს უნდა მივაღწიოთ და სპორტის სასახლე ისევ გადავჭედოთ

400

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრების ვეტერანი – 37 წლის რევაზ ჭანტურია კარიერას განაგრძობს მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ სკოპიეს „მეტალურგში“, სადაც 2004-2011 წლებში თამაშობდა.

ქართველი ხელბურთელი სკოპიეს კლუბში 2004 წელს სტუ-“შევარდენიდან“ გადავიდა და იქ 7 სეზონი გაატარა, შემდეგ „ვარდარში“, „პელისტერში“, „სტრუმიცასა“ და „სტრუგაში“ ითამაშა, საქართველოს ნაკრებში მისი კარიერა 2001 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამას წინათ სპორტის სასახლეში ეროვნულ გუნდთან ერთად IHF-ის ერთა ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ჭანტურია მაკედონიაში 17 ივლისს გაემგზავრება და წინასასეზონო მზადებას დაიწყებს.

– სკოპიეს „მეტალურგი“ ერთ დროს მაკედონიის საუკეთესო გუნდი იყო, – გვითხრა საქართველოს ნაკრების ვეტერანმა. – შემდეგ პირველობა „ვარდარს“ დაუთმო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მაინც რეგულარულად მონაწილეობს.

წლეულს EHF-ის თასზე ვიასპარეზებთ. „მეტალურგი“ ახლა ჩემთვის იდეალური ვარიანტია – გუნდში სულ 4 ვეტერანი ვიქნებით, დანარჩენები 23 წლამდე პერსპექტიული ბიჭები არიან, სერიოზული გეგმები აქვთ დასახული და იქ მოსამზადებლად, სასპორტო ფორმის აღსადგენად და შესანარჩუნებლად ყველა პირობა მექნება. 1+1 კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ ერთწლიანი ხელშეკრულება ვარჩიე. ჩემს ასაკში ყველაფერი ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. მთავარია, ჯანზე ვიყო და კიდევ ორი წელიწადი ვაპირებ თამაშს.

– მანამდე, ალბათ, მასტერმწვრთნელის ლიცენზიასაც აიღებ…

– მწვრთნელობის ორი დონის კურსები უკვე დავხურე. ამ მომენტისთვის ჩემი ლიცენზიით ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდული გუნდში შემიძლია მუშაობა. ამას მოსდევს მესამე კატეგორია, რომელიც ვაჟთა გუნდში მწვრთნელობის უფლებას იძლევა. შემდეგ არის მასტერმწვრთნელის დონე, ურომლისოდაც 2022 წლიდან ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ვერ იმუშავებ.

– საქართველოს ნაკრების ბოლო ტურნირზე რას იტყვი? 

– საინტერესო ჩემპიონატი იყო და მისი მოგება ნამდვილად არ ყოფილა იოლი. კუბა, ამერიკა და ბულგარეთი, ჩემი აზრით, არ ჩამოუვარდებიან იმ ევროპულ გუნდებს, რომლებთანაც ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებს ვთამაშობდით.

ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი სერიოზული პროფესიონალია. მას და ბექა ორჯონიკიძეს ეხმარებოდა დრაგან ჯუკიჩი. მწვრთნელები აანალიზებდნენ ჩვენი და მომავალი მეტოქეების თამაშებს, სტატისტიკურ მონაცემებს, დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დიდ გუნდებშია.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, აქ უმტკივნეულოდ შემცვალა ირაკლი გოგოლაძემ, რომლისთვისაც ეს სულ მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო. გუნდში მასზე ახალგაზრდაც გვყავდა – გიორგი მერკვილაძე. გიორგი დიხამინჯიამ ბოლო სეზონი „სტრუგაში“ითამაშა და გადამწყვეტ მატჩებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა გარემარბის პოზიციიდანაც. კარიერას რომ დავასრულებ, შემიძლია ჩემს პოზიციაზე არ ვიდარდო – შესანიშნავი ცვლა გვყავს.

– ახლო მომავალში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი და მსოფლიოს პირველობის კვალიფიკაცია გველის… 

– ორივე ამ ტურნირის წილისყრა ივლისის ბოლოს გაიმართება. ევროპის პლეი ოფს რაც შეეხება, სამი სავარაუდო მეტოქიდან ესტონეთთან თამაში მირჩევნია, ისე, ბელგიასთანაც პაექრობას არაუშავს. მოგების შემთხვევაში გავდივართ ევროპის ელიტაში – მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის 32 უძლიერეს გუნდს შორის. აქ კი ფინალური ეტაპის 20 საგზური თამაშდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც შეგვიძლია, რადგან იტალია, რუმინეთი, ისრაელი, კოსოვო, ბელგია, საბერძნეთი, თურქეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერები, ლუქსემბურგი, კვიპროსი და ბრიტანეთი დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – მოვიგებთ და ქომაგებსაც დავიბრუნებთ, სპორტის სასახლის ტრიბუნებიც ისევე გადაიჭედება, როგორც ბევრჯერ შევსებულა ხელბურთზე.

წყარო: lelo.ge

SHARE