ინფორმაციას, რომელიც გუშინ თითქმის ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, თითქოს ქუთაისის “ტორპედო” იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინის მფლობელობაში გადავიდა, ქუთაისის მერია, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. აღმოჩნდა, რომ მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს და საკითხი ქუთაისის საკრებულოში უნდა განიხილონ…
არადა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კლუბს ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს. მაგრამ ეს არც ისეთი იოლი პროცესი ჩანს, როგორც ერთი შეხედვით გვეგონა – ამ საკითხის გადასაწყვეტად, ერთ-ერთი პირობაა, რომ კლუბის ჯერაც იურიდიულმა მეპატრონე ზაალ ჩაჩავამ დავალიანების ნაწილი უნდა გადაიხადოს. იტალიელები კი იმით სარგებლობენ, რომ ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენენ და, ცხადია, საკუთარ პირობებს იოლად კარნახობენ.
მაგრამ მოლაპარაკება რომ შეფერხდა, გუშინ “ტორპედოთი” კიდევ ერთი უცხოური ჯგუფი დაინტერესდა – არის თუ არა შანსი, რომ იტალიელებთან მოლაპარაკება ჩაიშალოს? ასეთ შემთხვევაში, რა პირობებში შეიძლება კლუბი გასხვისდეს და კიდევ სხვა თემების გარკვევა სურდათ, რომელიც “ტორპედოს” უკავშირდება. მისაღებ პირობებში, ეს ჯგუფი მზადაა, კლუბის გადაბარებაზე მოლაპარაკება დაიწყოს. ეს ჯერ კონკრეტული წინადადება არ არის, მაგრამ სოლიდური საფეხბურთო ქვეყნის ბიზნესჯგუფია და ინტერესიც დაფიქსირებულია.
მოკლედ, ეს ამ გაწელილ-გაჯანჯლებული ისტორიის კიდევ ერთი დეტალია, რომელმაც ქუთაისელ (და არა მარტო) გულშემატკივარს ნერვები დააწყვიტა და აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ, რა დავიჯეროთ და რა – არა. ფაქტია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ქუთაისის “ტორპედოს” დავალიანებებს გასტუმრება დიდი ხანი აცადა და თუ ეს დროულად მაინც ვერ მოხერხდა, მაშინ სხვა გზა აღარ დარჩება – კლუბს ლიცენზიის ჩამოერთმევა და დაბალ ლიგაში დაქვეითდება…
რეალურად, ახლა გუნდს ინვესტორი სულზე კი მიუსწრებს, მაგრამ მას უკვე უნდა ჰქონდეს მკაფიო გეგმა, თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი და 2020 წლის სეზონში რა შემადგენლობას დაეყრდნობა. სეზონის გაანხლებამდე ერთი თვით ადრე ამის კონტურებიც არ ჩანს. ერთი იმის იმედია, რომ ჩვენ არ ვიცით და იტალიელები ამაზე ფიქრებდნენ.
წყარო: lelo.ge