იღბლიანი ცვლილება და საბრძოლო ფრე

342

ქუთაისში ჩემპიონატი იმერული დერბით განახლდა. შეხვედრა ორივე გუნდისთვის მეტად პრინციპული გახლდათ – ეროვნული ლიგის შეჩერებამდე მათ ორივე შეხვედრა წააგეს და სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ გამოსასწორებელი

ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრამ მაყურებლის გარეშე ჩაიარა, მაგრამ “ტორპედოს” ფანებმა მატჩამდე ფეხბურთელები სტადიონის გარედან გაამხნევეს. თამაშის დაწყებმდე გუნდები გიორგი შაქარაშვილისა და კახა შალამბერიძის ხსოვნის საპატივსაცემოდ მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ და  მათ ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძლების აქტიურობით მიმდინარეობდა. ქუთაისელები შეტევებს ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ავითარებდნენ, მათ დებიუტში გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ვაჟა ტააბატაძის გამჭოლი გადაცემა გიორგი ჯანელიძემ ვერ დააგვირგვინა.

თანდათან “ჩიხურაც” გააქტიურდა. სტუმრები ძირითადად ფლანგებიდან უტევდნენ – მარჯვნიდან გიორგი კორიფაძე, მარცხნიდან კი კახა კახაბრიშვილი აწვდიდნენ სახიფათოდ. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას ლუკა კიკაბიძე თავით სახიფათოდ ურტყამდა კარში, ტორპედოელები გოლისგან მეკარე დემეტრე ბულსკერიამ იხსნა, მაგრამ სტუმრები მალე მაინც დაწინაურდნენ…

კორიფაძის  ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ტორპედოელებმა საჯარიმოდან ბურთის ხეირიანად გამოტანა ვერ შეძლეს და ლაშა ჩიკვაიძის გავლით, გიორგი ბუხაიძეს მიუგორდა, ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით დასცხო და ბულისკერიას მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. “ჩიხურა” წინ გავიდა – 1:0.

საინტერესო გამოდგა მეორე  ტაიმის დასაწყისი. მასპინძლებმა თამაშის განახლებისთანავე ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიიღეს, თუმცა ვაჟა ტაბატაძემ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა (ბურთმა მხოლოდ ხარიხა შეაზანზარა).

მალევე, მასპინძლებმა მეორე ბურთი გაუშვეს – საჩხერელთა “სტანდარტულის” შემდეგ გამოსვლაზე შეცდა ბულისკერია და შოთა გვაზავამ “ჩიხურას” უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ქუთაისელთა მწვრთნელებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად ცვლილებებს მიმართეს. 57-ე წუთზე მოედანზე გიორგი ფანცულაია შევიდა, რომელიც მატჩის გმირად იქცა. კარგად ჩაერთნენ თამაშში შარვაშიძე და აბულაძეც, მაგრამ გარდამტეხი სწორედ ფანცულაიას ფაქტორი აღმოჩნდა. გიორგი ივანიშვილის პასებით მან დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა.

გოლები: 0:1 ბუხაიძე (18, ჩიტეიშვილის პასით), 0:2 გვაზავა (49). 1:2 ფანცულაია (64. ივანიშვილის პასით), 2:2 ფანცულაია (64. ივანიშვილის პასით),

გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (48)

არბიტრი: პ. მაჭარაძე

წყარო: lelo.ge

SHARE