კანოე. წივწივაძის სამი დისტანცია და სამი მედალი!

345

13-15 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრება კანოეში, “ოლიმპიური იმედები”, რომელშიც 36 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სლოვაკეთში გამართულ შეჯიბრზე ჩვენი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და წარმატებით იასპარეზეს – 15 წლის ალექსანდრე წივწივაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე საქართველოს სახელით მოასპარეზე არცერთ ნიჩბოსანს, ნიჩბოსნობის საერთაშორის ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრის სამივე დისტანცია არასდროს მოუგია, წივწივაძემ კი ქართული კანოეს ახალი ისტორია დაწერა და სლოვაკეთში გამართულ შეჯიბრზე სამივე დისტანცია დამაჯერებლად მოიგო – 1000, 500 და 200 მეტრზე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლებს დაეუფლა. წივწივაძე სამივე დისტანციის შესარჩევი ეტაპიდან ფინალში საუკეთესო შედეგით გადავიდა და იქაც საუცხოო შედეგები აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა სააგენტომ გაავრცელა არასწორი, ჩვენთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ თითქოს ალექსანდრე წივწივაძეს და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სხვა სპორტსმენებს საერთაშორისო სტანდარტების ნავი არ აქვთ და არასახარბიელო პირობებში ვარჯიშობენ, რაც გახლავთ სრული სიცრუე. საქართველოს კანოეს ფედერაციას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წელს შეუძინა თანამედროვე სტანდარტების 4 ნავი, რომლითაც ხდება საწვრთნელი პროცესის წარმართვა. აქვე ვაზუსტებთ, რომ დაგეგმილია აღნიშნული პროცესის გაგრძელება და სპორტული ინვენტარის დამატებით შეძენა.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებზე ნაქირავები ნავით ასპარეზობას. ეს საკითხი ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ნაქირავები ნავით შეჯიბრში მონაწილეობა რაიმე სირთულეს წარმოადგენს, ან ეს ყველაფერი სათანადო დაფინანსების არქონის შედეგია. გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სპორტსმენებისთვის ნავის ქირაობა გახლავთ აპრობირებული მეთოდი, რომელსაც იყენებენ სხვა ქვეყნის სპორტსმენებიც, რადგან ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ნავის ტრანსპორტირება გახლავთ საკმაოდ ძვირი და რთული პროცესი.

აღნიშნული ტურნირის დაწყებამდე, შეჯიბრის ორგანიზატორებს შევუკვეთეთ შესაბამისი ზომის და წონის 3 ნავი, რომელიც ბრატისლავაში ჩასულებს ადგილზე დაგვხვდა. ჩვენმა სპორტსმენებმა ტურნირზე მაღალი დონის ნავებით იასპარეზეს, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზეც აისახა.

წყარო: lelo.ge

SHARE