“საბურთალომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა და აღნიშნულ ეტაპზე ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების “დინამოს” შეხვდება.
პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში გაიმართება, ხოლო საპასუხო – 30 ივლისს ზაგრებში.
მნიშვნელოვანი ფაქტი ის გახლავთ, რომ ზაგრების “დინამო” დასჯილია და უეფას ეგიდით გასამართ 2 მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
ეს გადაწყვეტილება უეფას სადისციპლინო კომიტეტმა 2019 წლის 1-ელ აპრილს მიიღო, რისი მიზეზიც ზაგრების “დინამოსა” და “ბენფიკას” შორის ევროპალიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მომხდარი დარღვევები გახლდათ.
იმ შეხვედრაში მასპინძელი ქომაგები რასისტული გამოხდომებით გამოირჩეოდნენ; ისროლეს ფოიერვერკი, რომელმაც ხელი
შეუშალა თამაშს; რეგულარულად ყრიდნენ სხვადასხვა საგანს მოედანზე და უსაფრთხოების ნორმებიც დაბალ დონეზე იყო დაცული.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონს არ ექნება წნეხი მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების მხრიდან და ეს გარკვეული შეღავათია.
წყარო: sportall.ge