კახა ჩხეტიანი: დაგვრჩა შანსი და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად! …მაგრამ გუნდი ერთ და ორ კვირაში არ კეთდება, ამას წლები სჭირდება

314
ქუთაისის “ტორპედომ” ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი “ორდაბასისთან”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, შიმკენტში 0:1 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს.

საპასუხო მატჩის წინ ქუთაისელებმა “მიხეილ მესხზე” ივარჯიშეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც “ტორპედოს” ნახევარმცველი მათე ცინცაძეც ესწრებოდა…

მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვებს “ორდაბასის” მწვრთნელმა კახა ცხადაძემაც უპასუხა…

ჩხეტიანი: – ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი თამაშია. ყაზახეთიდან ჩამოსვლის დღიდან საპასუხო მატჩისთვის ვემზადებით. შიმკენტის მატჩი გავაანალიზეთ და მეტოქესთან დაპირისპირების სტრატეგიაც შევადგინეთ. იმედია, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დავგეგმეთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. თუმცა, ძალიან კარგი მეტოქე გვყავს.

– გუნდის ახალწვეულები 90 წუთის სათამაშოდ მზად არიან?

– ზოგიერთს სათამაშო პრაქტიკა აკლდა და აქედან გამომდინარე, ჯერ ფიზიკურ კონდიციებში არ არიან. მაგრამ სერიოზულად ემზადებიან, უკეთესად გამოიყურებიან და პასუხისმგებლობა გათავისებული აქვთ. ისინი მაქსიმუმს გაიღებენ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.

– რომელიმე ფეხბურთელი ხომ არ დაგემატებათ?

– ერთადერთი დოლიძე დაგვემატება, რომელიც ტრავმირებული იყო. მართალია, მას ჯერ 90 წუთის განმავლობაში თამაში არ შეუძლია, მაგრამ გუნდს გარკვეული დროით მაინც დაეხმარება.

– ბევრს არ სჯეროდა იმ “ტორპედოსი”, რომელიც 2016 წელს შეკრიბეთ. მაგრამ გუნდმა საქართველოში ყველა ტიტული მოიგო და ევროპალიგის ჯგუფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ახალ შემადგენლობაშიც ხედავთ მსგავს პოტენციალს?

– რა თქმა უნდა?! მთავარია, ფინანსური პრობლემები მოგვარდეს და მჯერა, ახალ ფეხბურთელებსაც შესწევთ ძალა, მაღალ დონეზე ითამაშონ და ტიტულებისთვის იბრძოლონ. ერთად დგომით ყველაფერი გამოვა.

– “ორდაბასიმ” რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

– კარგად დაბალანსებული გუნდია, კონტრშეტევებზეც კარგად გადადის და დაცვაშიც გუნდურად თამაშობს. ეს ყაზახეთის ჩემპიონატშიც ჩანს – ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა, შეტევაშიც არ უჭირთ… მოკლედ, კარგი გუნდია, რაც კახა ცხადაძის დამსახურებაა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ მას დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

– “ტორპედოს” შანსს ბურთის კონტროლში ხედავთ თუ კონტრშეტევებში?

– ყველაფერს შევეცდებით, რაც შედეგს მოგვიტანს. რამდენიმე სათამაშო სტრატეგიაზე ვმუშაობთ, მაგრამ წინასწარ ნუ მალაპარაკებთ. ბევრი რამაა დამოკიდებული მეტოქეზე. 5 მცველით “ტორპედოს” ჩემს დროს არასდროს უთამაშია, მაგრამ ყაზახეთში ეს მეტოქემ გვაიძულა. მთავარია, დაგვრჩა შანსი და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.

– პირველ თამაშში აშკარად იგრძნობოდა შეუთამაშებლობა. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ვითარება შეიცვალა?

– გუნდი ერთ და ორ კვირაში არ კეთდება, ამას წლები სჭირდება. მაგრამ მე ამ ბიჭების ნიჭიერების მჯერა და ამ პერიოდში ჩვენც რაღაც მოვასწარით. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. მთავარია, იყოს ქართული გული და ქართული სული!..

ბოლოს, მინდა გულშემატკივარს მივმართო: ყველა ის წარმატება, რომელსაც “ტორპედომ” დღემდე მიაღწია, თქვენი დამსახურებაა. გულშემატკივრის გარეშე ამის ნახევარსაც ვერ შევძლებდით! იმედი მაქვს, ბევრი გულშემატკივარი მოვა ჩვენს მხარდასაჭერად, რაც “ტორპედოს” არასოდეს აკლდა და იმედია, არც ამჯერად მოაკლდება. წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას!

მათე ცინცაძე: – ყაზახეთიდან ჩამოსვლისთანავე, ყოველდღე ვარჯიშები გვაქვს და მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით. შევისწავლეთ მეტოქის თამაში და დიდი მოლოდინით ვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და მზად ვართ იმისთვის, რომ მოედანზე ჩვენ ვდომინირებდეთ. მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას.

– “ტორპედოსთან” პირველი მატჩის შემდეგ გუნდმა მეტი დრო აღდგენას და ფსიქოლოგიურ სამზადისს დაუთმო. ყაზახეთის ჩემპიონატის კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია, “ტორპედოსთან” მატჩის შემდეგ სამ დღეში თამაში გვქონდა… ამიტომ, ვარჯიშებს ნაკლებად ვატარებდით და, შეიძლება ითქვას, ამ თამაშებით ვემზადებით…

– “ტორპედოსთან” ხვალინდელ დაპირისპირებაზე რას იტყვით?

– ამაზე მოკლედ გეტყვით – ვეცდებით, შედეგიანი თამაში ვაჩვენოთ. ხვალინდელ თამაშს სერიოზულად ვუდგებით და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

– პირველ შეხვედრაში “ტორპედომ” როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

– მეტოქე სერიოზულია, ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და გუნდში ახლახან მისულებიც პერსპექტიულები და ამბიციური ფეხბურთელები არიან. თუმცა “ტორპედოს” აქვს პრობლემა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფეხბურთელები გუნდში ახალი მისულები არიან და შეთამაშების დონე არ არის ისეთი, როგორსაც ისურვებდნენ… პირველ მატჩში “ტორპედო” შედეგზე იყო ორიენტირებული და დროის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩვენ ვნახეთ, როგორ თამაშობს “ტორპედო” დაცვაში, მაგრამ როგორ შეუტევს საპასუხო მატჩში, ეს უკვე გამოცანაა.

– რა გეგმით აპირებთ თამაშს?

– ამას უშუალოდ თამაშის დროს შეიტყობთ…

– ევროთასების პირველ ეტაპზე ქართული გუნდების ასპარეზობას როგორ შეაფასებთ?

– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და “საბურთალოს” შემდგომ ეტაპზე გასვლა მივულოცო! გუნდმა ტირასპოლის მატჩი ფანტასტიკურად ჩაატარა. ვისურვებდი, რომ ამ ახალგაზრდული გუნდისთვის გუშინდელი მატჩის პირველი 10 წუთის ჩაგდება გაკვეთილი ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ, რა უპირატესობაც არ უნდა გქონდეს, მოდუნება არაფრით არ შეიძლება!

– თქვენთვის მოტივაცია იქნება, რომ ქართველ გულშემატკივრებს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოთ?

– კარგით, რა! რა უნდა დავამტკიცო? რა მაქვს დასამტკიცებელი?! ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ახლა ჩემი ერთადერთი მოტივაცია მომდევნო ეტაპზე გასვლაა.

წყარო: lelo.ge

SHARE