კახა ცხადაძემ ახსნა, თუ რატომ არ არიან მის გუნდში ქართველები…

407

შიმკენტის “ორდაბასი” მომავალ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბს კახა ცხადაძე უდგას სათავეში. ამას გარდა, 51 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდი ევროპალიგაზე ღირსეულ თამაშსა და ხელშესახები შედეგის მიღწევასაც ეცდება.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ახლა დროებით სამშობლოშია. “ლელომ” ისარგებლა შემთხვევით და ცხადაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ვისაუბრეთ როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თემებზე

– როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი თქვენს გუნდში?

– ფაქტობრივად, ჩვენ გავიმეორეთ ის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გვქონდა შარშან. პირველი ნაწილი ჩავატარეთ შიმკენტში, მეორე და მესამე კი – თურქეთში. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს ფეხბურთელებს ცოტა გაუჭირდათ და ეს ბუნებრივიცაა. მიმაჩნია, რომ გუნდი კარგად მოემზადა მომავალი სეზონისთვის. ჩავატარეთ ამხანაგური მატჩებიც, მოვსინჯეთ სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტები… შევძელით, რომ თითქმის შეგვენარჩუნებინა ძირითადი ბირთვი, პარალელურად, დავიმატეთ ახალი ფეხბურთელებიც. მაგალითად, პორტუგალიელი, რომელიც ბოლო დროს ბულგარეთში თამაშობდა. მოგეხსენებათ, “სამტრედიასთან” ვითამაშეთ ამხანაგური მატჩი და იქ მან ლამაზი გოლი გაიტანა.

– სამტრედიასთან” ამხანაგური მატჩი ახსენეთ და, საინტერესოა, როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე კახა კაჭარავას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა?

– გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ “სამტრედია” ძალიან მომეწონა. ყველამ იცის, რომ კახა კაჭარავა ჩემი მეგობარია და იმიტომ არ ვაქებ მის გუნდს, რომ მეგობარს ვასიამოვნო. ჩემი აზრით, “სამტრედიას” შეუძლია მოხვდეს საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო სამეულში. მეტიც – გუნდს შესწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლის ძალაც. ძალიან სწორ ფეხბურთს თამაშობენ, ისეთ ფეხბურთს, რომელიც ემთხვევა ჩემს ფილოსოფიას – თამაში აგებულია მოკლე პასებზე, დაცულია სათამაშო დისციპლინა და ასე შემდეგ…

– რაც “ორდაბასი” ჩაიბარეთ, გუნდი სულ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის ყაზახეთის ჩემპიონატში და ევროთასებზეც გადის. ალბათ, მიზანი უცვლელია

– სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელმძღვანელობა შეიცვალა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, ქალაქის ახალ მერს ძალიან უყვარს ფეხბურთი, რაც ერთობ სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, თამასას არ დავუშვებთ დაბლა და ისევ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ გასულ სეზონში ჩვენ ევროთასებზე უკეთესად შეგვეძლო ასპარეზობა და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მომავალ ევროთასებზე იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე წინაზე.

– გუნდის დაკომპლექტების პროცესი დაასრულეთ?

– მხოლოდ ერთ პოზიციაზე გვჭირდება ფეხბურთელის დამატება და ამასაც გავაკეთებთ. ამ ფეხბურთელს უახლოეს ორ დღეში ველოდებით. ის აუცილებლად შემოგვიერთდება.

– საინტერესოაქართველი ფეხბურთელები რატომ არ არიან “ორდაბასიში”? შეიძლება, იფიქროს კაცმა, რომ მათი სათამაშო დონე არ გაკმაყოფილებთ

– არა, ამას როგორ ვიტყვი?! უბრალოდ, გააჩნია კლუბის მიერ აღებულ გეზს. გაგახსენებთ ბაქოს “ინტერს”, სადაც აქცენტი სწორედ ქართველ ფეხბურთელებზე იყო გაკეთებული. იქ არაერთ ჩვენებურს უთამაშია… “ორდაბასის” რაც შეეხება, კლუბში სელექციით პრეზიდენტია დაკავებული. ის არჩევს ფეხბურთელებს, შემდეგ კანდიდატურები ჩემთან იყრის თავს და, რა თქმა უნდა, საბოლოო არჩევანს მე ვაკეთებ. ეს არის და ეს.

– საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა ბელარუსთან ეპოქალური მატჩი. როგორია თქვენი მოლოდინი?

– რა თქმა უნდა, მოლოდინი დიდია! თურქეთში ვნახე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი. ძალიან მონდომებულია. უნდა, რომ ქართველი ხალხი გაახაროს. რა თქმა უნდა, განწყობაც ოპტიმისტურია. ეგაა, ბევრი ნიუანსი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. მარტის თვე ძალიან სპეციფიკურია და მე ვისურვებდი, რომ ყველა ქართველი ფეხბურთელი ყოფილიყოს ოპტიმალურ ფორმაში. ერთი თამაში წყვეტს ყველაფერს და ბევრ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად, არც ზედმეტი ემოციურობა ივარგებს მინდორზე და არც ის, რომ მთლად ემოციის გარეშე გავიდეთ სათამაშოდ. რაღაც ოქროს შუალედია ყველაფერში საპოვნელი… მე როცა მოვედი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაშინვე განვაცხადე, რომ ჩვენი მიზანი იყო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაში. უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუ ამას მივაღწევთ.

წყარო: lelo.ge

SHARE